სიახლეები

როგორ გავაშუქოთ ბავშვთა საკითხები ეთიკურად

12.09.2015
როგორ გავაშუქოთ ბავშვთა საკითხები ეთიკურად

ჟურნალისტები ბავშვთა საკითხების ეთიკურად გაშუქების ტრენინგზე

ერთ-ერთი ტრენერი გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის კომუნიკაციების პროგრამის ხელმძღვანელი მაი ქურციკიძეა. მისი თქმით, ეს მესამე ტრენინგია ჟურნალისტებისთვის რომელიც ამ თემაზე გაიმართა.

„უკვე ჩავატარეთ ტრენინგები თელავსა და გორში. მედიამონიტორინგი ოქტომბერში დასრულდება და ჩვენ შესაძლებლობა გვექნება, გავარკვიოთ რა შეიცვალა წინა წელთან შედარებით მედიაში. თუმცა, ახლაც შემიძლია ვთქვა, რომ ბავშვთა საკითხების გაშუქების დროს დღეს მედია გაცილებით ეთიკურია, ვიდრე რამდენიმე წლის წინ იყო.

რეგიონალური მედიის ჟურნალისტები

2007-2008 წლებში მედიის მხრიდან ხდებოდა  სასჯელაღსრულების სისტემაში ჩართული ბავშვების ტოტალური იდენტიფიკაცია, რასაც დღეს ვეღარ ვხედავთ. თუმცა, პრობლემურ საკითხად რჩება ძალადობის მსხვერპლი ბავშვების იდენტიფიცირების საკითხი. პირდაპირი იდენტიფიცირება ნაკლებად გვხვდება, თუმცა არის ირიბი იდენტიფიცირების შემთხვევები“.

მაი ქურციკიძე

მაია ქურციკიძის თქმით,  მედია ხშირად დიდ ყურადღებას უთმობს კონკრეტული ამბის მოყოლას, ვიდრე იმ პრობლემის გაშუქებას, რა მიზეზითაც მოხდა დანაშაული. „თუმცა ჟურნალისტების მხრიდან არის მუდმივი ინტერესი, ხშირად გვეკითხებიან, განვიხილავთ კონკრეტულ მაგალითებს და მათთან ერთად ვეძებთ ამ კითხვებზე პასუხებს.“-ამბობს ის.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი თამარ რუხაძეც ამბობს, რომ მედიაში ბავშვთა საკითხები ხშირად ეთიკურად შუქდება:

„ჟურნალისტების მცდელობა, რომ გაშუქდეს ბავშვთა საკითხები ეთიკურად, უკეთესობისკენ  არის და ჩანს კიდეც მედიაში. თუმცა, ყოველი ახალი შემთხვევა არის ძალიან ინდივიდუალური და ყოველთვის არ გადგება წინა ვარიანტი.  იმის შიშით, რომ რაღაც სტანდარტი არ დაირღვევს, ზოგჯერ მედია  იმ კადრებსაც ფარავს, სადაც დასაფარი არ არის.  ეს გახდა პრობლემა, რადგან ზოგჯერ შაბლონურებიც ვხდებით“.

თამარ რუხაძის თქმით, არის ფაქტები, როცა მსხვერპლის დაფარვა მედიას აღარ შეუძლია, რადგან  ფაქტი თავისთავად ახდებს მის იდენტიფიცირებას.

თამარ რუხაძე

„ამ მხრივ საინტერესოა ხარაგაულში მომხდარი ამბავი, როცა არასრულწლოვანმა თავი მოიკლა. როგორც გამოძიება ამბობს, ის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. ასეთ შემთხვევებში იდენტიფიცირება ხდება გარდაუვალი, რადგან მთელი სოფელი ჩაერთო პროცესში. ასეთ დროს ჟურნალისტმა იმაზე ფიქრი უნდა დაიწყოს, როგორ შეამციროს ზიანი, რომელიც შეიძლება მსხვერპლს ან მის ახლობლებს მიადგეთ.  ასეთი დეტალები ძალიან მნიშვნელოვანია“.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.