სიახლეები

ნოდარ ხადური: მძღოლებს მალე ძალიან საინტერესო წინადადებებს შევთავაზებთ

12.09.2015 • 1409
ნოდარ ხადური: მძღოლებს მალე ძალიან საინტერესო წინადადებებს შევთავაზებთ

“ხედავთ, რომ ტექნიკური შესაძლებლობები ქართული და თურქული მხარეების საბაჟოებისა, მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან. ჩვენი გამსვლელი, ასე ვთქვათ, დერეფნების რაოდენობა არის ოთხჯერ მეტი, ვიდრე თურქეთის მხარეს. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია მეტი მანქანის გატარება, მაგრამ თურქულ მხარეს ამის შესაძლებლობა არ აქვს. მე მქონდა კონსულტაცია, შევხვდი ჩემს კოლეგას, თურქეთის ვაჭრობისა და საბაჟო საქმეთა მინისტრს, რომელიც თბილისში იყო ჩამოსული. მათ წარმოგვიდგინეს სარფის საბაჟოს რეორგანიზაციის გეგმა, ხედვა. ისინი ოდნავ მოშორებით სარფიდან, იქ, სადაც ყოფილი სამხედრო ნაწილი იყო, იმ ტერიტორიაზე აპირებენ ააშენონ ახალი საბაჟო გამსვლელი პუნქტი, რაც მთლიანად მოხსნის რიგების პრობლემას. მანამდე, სამწუხაროდ, გვიწევს აი, ამ რეჟიმში მუშაობა, რომ ისედაც გადატვირთული გზები კიდევ მეტად არ გადაიტვირთოს.

ჩვენ გვაქვს ვარიანტები იმის, რომ რიგების მართვის ავტომატიზებული სისტემები დავნერგოთ და ალბათ, უახლოეს მომავალში ძაან საინტერესო წინადადებებს შევთავაზებთ როგორც ჩვენს მძღოლებს, ასევე მძღოლებს, რომლებიც სატრანზიტო გადაზიდვებს ახორციელებენ,” – განაცხადა “ბათუმელებთან” ნოდარ ხადურმა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ბათუმში [სარფში], დღეს, 12 სექტემბერს, შემოსავლების სამსახურის მიერ ორგანიზებული მედიატურის ფარგლებში იმყოფებოდა. შემოსავლების სამსახურის განცხადებით, “მედიატურის მიზანია მედიის მეშვეობით საზოგადოების უკეთ ინფორმირება საგადასახადო სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილი ტექნოლოგიური თუ პროცედურული სიახლეების შესახებ”.

ნოდარ ხადური სარფის საბაჟოზე 12.09.2015

გადაბეჭდვის წესი


ასევე: