სიახლეები

მაღალჩინოსნების სასამართლოზე პროკურორი არ გამოცხადდა

31.08.2015 • 1397
მაღალჩინოსნების სასამართლოზე პროკურორი არ გამოცხადდა

ბრალდებულებს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით გირაო 2000-2000 ლარი შეუფარდა, მათ ფინანსური პოლიცია სამსახურებრივი გულგრილობისა და დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებას, სისხლის სამართლის 132-ე მუხლის პირველი ნაწილით ედავება, რაც სამ წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

დღეს, 31 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჩანიშნული წინასასამართლო სხდომა არ ჩატარდა. სასამართლო პროცესის დაწყება მოსამართლემ დააგვიანა. შემდეგში, თითქმის საათნახევრიანი ლოდინის შემდეგ, როდესაც მოსამართლე მოვიდა, სასამართლო პროცესზე პროკურორი არ გამოცხადდა.მიზეზი როგორც სასამართლომ განმარტა, მათთვის უცნობია, თუმცა პროკურორ გიორგი გრატიშვილს ამ სხდომის გაცდენა საპატიოდ ჩაეთვალა, რადგან პროცესი დაგვიანებით მოსამართლემ დაიწყო: “რა ვქნათ ახლა, ალბათ უნდა გადავდოთ ეს პროცესი, “- ჰკითხა მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა დაცვის მხარესა და ბრალდებულებს. „შევწყვიტოთ დევნა“- უპასუხა ბრალდებულების ერთ-ერთმა ადვოკატმა.

 

ბრალდებულებს ადვოკატები: ჯემალ კიკნაძე, ედიშერ მახარაძე და თორნიკე ანანიძე იცავენ.

მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა ასევე ბრადებულებს და მათ დამცველებს სთხოვა, სასამართლო პროცესის არასამუშაო დღეებში განახლება: „ბევრი საქმე მაქვს, ამიტომ იქნებ შეძლოთ ვიმუშაოთ უქმე დღეებში“

გადაწყდა, რომ სასამართლო სხდომა შაბათს, 5 სექტემბერს განახლდება.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ქალაქის მერიამ შპს „ტონი და კომპანიასთან“ გააფორმა ხელშეკრულება, ჟილინის არხის კაპიტალური სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესახებ. შპს-ს მხრიდან საბანკო გარანტიის წარდგენის შემდეგ მერიამ ავანსის სახით კომპანიას ჩაურიცხა 1 289 972 ლარი.

მას შემდეგ, რაც კომპანიამ არაჯეროვნად შეასრულა სამუშაოები და მერიას წარუდგინა მხოლოდ 254 265 ლარის ღირებულების სამუშაოები, ბრალდებულები, ნაცვლად იმისა, რომ აემოქმედებინათ სადაზღვევო კომპანია „უნისონის“ მიერ გაცემული საბანკო გარანტიით გათვალისწინებული პირობები, გულგრილად მოეკიდნენ დაკისრებულ მოვალეობას და აღნიშნულ საწარმოს კვლავ გადაურიცხეს 236 000 ლარი. 

საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, არჩილ ვანაძისა და ლაშა ბოლქვაძის აღნიშნულმა კანონსაწინააღმდეგო ქმედებამ განაპირობა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა და ამასთან, თვითმმართველი ქალაქ ბათუმისთვის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია. საქმეზე გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის 1 ნაწილით, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: