მთავარი,სიახლეები

ბათუმში სმენის არმქონე პირს ტელეფონი წაართვეს

10.02.2018 • 3773
ბათუმში სმენის არმქონე პირს ტელეფონი წაართვეს

ბათუმში სმენის უნარის დარღვევის მქონე პირს მობილური ტელეფონი წაართვეს. შემთხვევა გუშინ, დაახლოებით დღის პირველ საათზე, ბათუმის ავტოსადგურში მოხდა. მომხდარის შესახებ პოლიცია ინფორმირებულია.

ჟესტების ენის სპეციალისტი, გულო ამაღლობელი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ დაზარალებულს პოლიციასთან კომუნიკაციაში დაეხმარა. „როგორც ზაზამ მითხრა, გადახდის აპარატთან იყო და თანხის გადარიცხვას ცდილობდა, როცა მას ერთი ახალგაზრდა კაცი მიუახლოვდა და დასარეკად ტელეფონი სთხოვა.

საუბრის დროს ის გარკვეულ მანძილზე გავიდა. ამ დროს მასთან სხვა ბიჭი მივიდა და გამოელაპარაკა. როცა უკან მოიხედა, მეორე მამაკაცი, ვისაც ტელეფონი ათხოვა, იქ აღარ იყო. გაეკიდა, მაგრამ ვერსად იპოვა.

ძლივს მოახერხა ერთ-ერთი მძღოლისთვის აეხსნა, თუ რა შეემთხვა და მან პოლიციის განყოფილებაში წაიყვანა,“ – გვიყვება ამბის დეტალებს გულო. მისი თქმით, პოლიციამ ჩასარიცხი აპარატის ახლოს არსებული ვიდეოთვალები გადაამოწმა, რითაც დაზარალებულის მონათხრობი დადასტურდა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 180-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თაღლითობას გულისხმობს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: