სიახლეები

არის თუ არა კანონდარღვევა, როცა პოლიციელები უნიფორმაში ალკოჰოლს იღებენ

25.08.2015 • 1395
არის თუ არა კანონდარღვევა, როცა პოლიციელები უნიფორმაში ალკოჰოლს იღებენ

 

გიორგი ხიმშიაშვილი
გიორგი ხიმშიაშვილი

გიორგი, არღვევენ თუ არა ფოტოზე გამოსახული პოლიციელები კანონს?


ფოტოებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დისციპლინურ დარღვევასთან გვაქვს საქმე, რადგან პოლიციის მოქმედი ეთიკის კოდექსი განსაზღვრავს ქცევის იმ სტანდარტს, რომელიც უნდა დაიცვას პოლიციელმა და ეს შემთხვევა, როცა უნიფორმაში მყოფი პოლიციელი იღებს ალკოჰოლს, შეიძლება განვიხლოთ, როგორც სამსახურებრივი უფლებამოსილების არაჯეროვნად შესრულება, დარღვევა იმ პასუხისმგებლობის, რაც პოლიციელს დაკისრებული აქვს ეთიკის კოდექსის თანახმად.

 

ფოტოზე ჩანს ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პოლიციელიც. ეთიკის კოდექსში რამე განსხვავებული ჩანაწერი თუ არის იარაღთან მიმართებაში?

 

კანონმდებელი არ განსაზღვრავს პოლიციელს ცეცხლსასროლი იარაღითა და ცეცხლსასროლი იარაღის გარეშე. არსებობს ზოგადი წესი, როგორ უნდა იყოს შენახული ან ტანზე დამაგრებული ცეცხლსასროლი იარაღი პოლიციელის საქმიანობის დროს. არსებობს ზოგადი ჩანაწერი ეთიკის კოდექსში, როდესაც უნიფორმაში მყოფ პოლიციელს ცეცხლსასროლი იარაღის ტარება ეკრძალება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ამ შემთხვევაში განხილულია ალკოჰოლური სასმელების გასაღებისა და მოხმარების ადგილები, ან გასართობი ობიექტები, ალკოჰოლური სასმელის მოხმარება. 

 

მე, პირადად, პლაჟზე ვნახე სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი. მან იარაღი შეინახა თანმხლები პირის ჩანთაში და ზღვაში ჩავიდა. მხოლოდ და მხოლოდ ვვარაუდობ, რომ ის ამ შემთხვევაშიც სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელი იყო. არის სხვა შემთხვევებიც, როცა, მაგალითად, იგივე პროკურორებს, ტანზე ღიად აქვთ იარაღი დამაგრებული, მათ შორის სასამართლოს ჰოლშიც. აღიქმება თუ არა ეს, როგორც არასათანადო გარემოში იარაღის ტარების ტენდენციის დამკვიდრება?

 

პოლიციელის ეთიკის კოდექსით სამოქალაქო ტანსაცმელში მყოფი პოლიციელისთვის დაუშვებელია ცეცხლსასროლი იარაღის ღიად, გამოსაჩენად ტარება ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება პირადი ინტერესებისთვის. შესაძლებელია, პოლიციელი არასამსახურებრივ პირობებში იყოს გარკვეულ დავალებაზე მივლინებული, მაგრამ ცეცხლსასროლი იარაღის გამოსაჩენ ადგილზე დამაგრება ან საზოგადოების თვალში მოსახვედრად მისი გამოჩენა, დაუშვებელია. ეთიკის კოდექსის თანახმად ესეც განიხილება, როგორც სამსახურებრივი უფლებამოსილების არაჯეროვნად შესრულება, რაც დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველიც კი შეიძლება გახდეს.

 

შეარაღებული პოლიციელი ღვინის ჭიქით ხელში – მსგავსი ფოტოების ტირაჟირება არის თუ არა პოლიციელების მხრიდან იარაღით პოზირება და, ზოგადად, ხომ არ წაახალისებს ეს მსგავს ქცევებს?

 

ნებისმიერი დისციპლნური გადაცდომა არის ინდივიდუალურად შესასწავლი და შესაფასებელი, ამიტომ ასე გადაჭრით თქმა, რომ ერთი პოლიციელის ქმედება უბიძგებს სხვა პოლიციელებს ნეგატიური ქცევისკენ, არ შეიძლება. მაგრამ მნიშვნელოვანია თითოეულმა პოლიციელმა იცოდეს მასზე დაკისრებული მოვალეობების ზუსტი განმარტება, რაც არის განსაზღვრული კანონით, კანონქვემდებარე აქტებით ან ეთიკის კოდექსით.

 

ვინაიდან ეთიკის კოდექსი პოლიციელებისთვის შიდა მოხმარების დოკუმენტია, პოლიციელები ვალდებული არიან დაემორჩილონ ამ კოდექსის მოთხოვნებს, თითოეულ პუნქტს, რომელიც განსაზღვრავს პოლიციელის საქმიანობას სამსახურებრივ ვითარებაში. შესაბამისად, თითოეული ამ ვალდებულების შესრულება მიზნად ისახავს პოლიციელსა და საზოგადოებას შორის ურთიერთპატივისცემის დამკვიდრებას, პოლიციელის მანდატის მიმართ საზოგადოებრივი ნდობისა და პასუხისმგებლობის გაზრდას.

 

როდესაც თითოეულ მსგავსი ტიპის გადაცდომასთან გვექნება საქმე – პოლიციელის მხრიდან მასზე დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება, რა თქმა უნდა, შემდგომ საზოგადოებას გაუჩნდება ნიჰილიზმი კანონის მიმართ, საზოგადოების ქცევა აღარ იქნება კანონის მოთხოვნიდან გამომდინარე. პირველ რიგში ამიტომ არის მნიშვნელოვანი პოლიციელი იყოს მისაბაძი საზოგადოებისთვის სამსახურებრივადაც და არასამსახურებრივადაც, რამაც შემდგომ ხელი უნდა შეუწყოს საზოგადოებაში მართლწესრიგის დამკვიდრებას, თითოეული ადამიანის კანონისადმი პატივისცემას. 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: