სიახლეები

ბათუმში ოსმალთა სამასწლოვანი ბატონობისგან გათავისუფლების მემორიალი იდგმება

25.08.2015
ბათუმში ოსმალთა სამასწლოვანი ბატონობისგან გათავისუფლების მემორიალი იდგმება

 

მემორიალის გახსნასთან დაკავშირებით მომზადებულ სამენოვან (ქართული, ინგლისური, რუსული) ბროშურაში წერია, რომ მემორიალი 4 მეტრი სიმაღლის იქნება: „ორი მეტრი ბუნებრივი გრანიტია, რომელსაც კლდის ფორმა აქვს – შეუვალი, მარადიული საქართველოს სიმბოლო. იგი პირამიდის ფორმისაა და რამდენიმე სიბრტყისგან შედგება. მასზე წარმოდგენილია აჭარის მთავარი სიმბოლოები, საქართველოს კარიბჭე-ფარხმალი: ხიხანის ციხე, სხალთის ტაძარი, მარჯვნივ – გონიოს ციხე, მარცხნივ – პეტრას ციხე, მარჯვნივ, მეორე მხარეს – თამარის თაღოვანი ხიდი“.

 

საზოგადოებას სიტყვით მიმართა „პოლიტიკური გაერთიანება თეთრების“ ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა, ასევე ბათუმის საკრებულოს წევრმა რამაზ სურმანიძემ.

 

იმ ფონზე, როცა ქვეყანაში, მათ შორის განსაკუთრებით ბათუმის საზოგადოებაში არსებობს მზარდი ქსენოფობიური განწყობები მეზობელი თურქეთის სახელმწიფოს მიმართ, ხომ არ შეუწყობს ამ შინაარსის მემორიალების დადგმა ქსენოფობიური განწყობების გაღრმავებას ხელს? – ჰკითხა „გაზეთმა ბათუმელებმა“ რამაზ სურმანიძეს, რომელიც შემდეგი განაცხადა: „ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ ავუხსნით ხალხს ამის დადგმის ძირითად პრინციპს. ასეთი ძეგლები დგას ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებში და იმ ქვეყნის ერთიანობის სიმბოლოა. ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში იყო დაგეგმილი ამის დადგმა, მაგრამ ძალიან გაჭიანურდა. ამას არ უნდა დავარქვათ დამპყრობილსაგან, სატანისაგან გათავისუფლება. დავარქვათ, რომ საქართველოს დაუბრუნდა თავისი კუთხე“.

 

რამაზ სურმანიძის აზრით, ეს მემორიალი, კეთილგანწყობის გასაზრდელად „უნდა ვაჩვენოთ მეზობელი ქვეყნიდან შემოსულ ტურისტებს: „მე მაქვს ორიგინაური ხედვა – ზოგი ფიქრობს, რომ თუ ამ ობელისკს დავდგამთ, მეზობელი ქვეყანა გაგვიწყრება. პირიქითაა – ეს კარგად უნდა გავაფორმოთ და იმ მეზობელი ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტებიც უნდა მოვიყვანოთ და გავაცნოთ ჩვენი ისტორია. მათში დავინახოთ არა მტერი, არამედ მოყვარე და არა რაღაცა ძველი ტკივილი და წყენა გავიხსენოთ“.

 

 ბროშურაში, რომელიც მემორიალის გახსნაზე იუწყება, წერია, რომ იდეის ავტორი არის აჭარის მამულიშვილთა საგვარეულოს კავშირის თავმჯდომარე ნიაზ ბოლქვაძე. ქანდაკების ავტორი კი საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი დავით ბოლქვაძეა, ხოლო არქიტექტირა დუგლას ზამთარაძეს ეკუთვნის.

 

ბროშურაში ასევე წერია, რომ მემორიალი მამულიშვილთა კავშირისა და საერთო სახალხო შემოწირულობებით მომზადდება.

 

მომავალი მემორალის ადგილზე თავშეყრა ალაფურშეტით გრძელდება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: