სიახლეები

აჭარის მთავრობა გენდერულ ჭრილში [ვიდეო]

13.08.2015 • 1835
აჭარის მთავრობა გენდერულ ჭრილში [ვიდეო]

  

აჭარაში მაღალი რანგის თანამდებობის პირ ოთხ ქალს შორის ერთ-ერთი პროფესიით ჟურნალისტი მაკა ივანიშვილია. მას საარქივო სამმართველო აბარია. ბოლო წლებში ის არჩილ ხაბაძის მრჩევლად, აჭარაში “ქართული ოცნების” პრესსამსახურის უფროსად, მანამდე კი საზოგადოებრივი არხის მუზეუმის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობდა.
მეორე ქალი პროფესიით ფინანსისტი, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნონა გალოგრეა. ბიოგრაფიული მონაცემების მიხედვით, მისი სამუშაო გამოცდილება 1985 წელს საბანკო საქმით დაიწყო და მინისტრის მოადგილეობამდე საჯარო სამსახურში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.

ის მიიჩნევს, რომ მოადგილედ დაწინაურებამდე სწორედ ქვედა რგოლებზე მუშაობამ, გამოცდილების შეძენამ და საქმის ერთგულებამ მიიყვანა.
რაც შეეხება იმას, რომ მთავრობაში მაღალ თანამდებობაზე ქალები ნაკლებად მუშაობენ, ნონა გალოგრე პრობლემას ისევ ქალებში ხედავს. ის მიიჩნევს, რომ `ქალებმა უნდა იშრომონ, იბრძოლონ და უფრო ხმამაღლა ილაპარაკონ”. თუმცა, როგორც თავად ამბობს, მას წარმატების მისაღწევად “ხმამაღლა ლაპარაკი” არ დასჭირვებია.

 

კითხვაზე – კარიერული წინსვლის დროს ხომ არ შეგქმნიათ რაიმე ბარიერი იმიტომ, რომ ქალი ხართ? პასუხისას მინისტრის მოადგილემ სიტყვა “კეთილგანწყობა” გამოიყენა. მან თქვა, რომ მის ირგვლივ კეთილგანწყობილი ადამიანები იყვნენ და მისი შრომა დააფასეს. იმ შემთხვევაში, თუ არაკეთილგანწყობილები შეხვდებოდნენ “არ შეეგუებოდა, იბრძოლებდა”.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინფორმაციით, მინისტრის მოადგილის პოსტზე შესაძლოა მალე კიდევ ერთი ქალი დაინიშნოს. არჩილ ხაბაძემ მთავრობის პრესსამსახურის ხელმძღვანელის ნათია სირაბიძის განათლების მინისტრის მოადგილის პოსტზე გადაყვანა დააანონსა.

 

აჭარაში მინისტრებისა და მათი მოადგილეების ასევე, საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელებისა და მათი მოადგილეების დანიშვნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პრეროგატივაა.
`საქართველო პატრიარქალურ საზოგადოებად რჩება და სტერეოტიპი, რომ „მამაკაცი ოჯახის თავია,“ „მამაკაცი უფრო ჭკვიანია და უკეთესი მენეჯერია“ ჯერ კიდევ კარგადაა გამჯდარი ადამიანებში. მედია და თავად ქალებიც ხელს უწყობენ ამ სტერეოტიპების განმტკიცებას. მაშინ, როცა ქალები უფრო რისკიანები ვართ, რაც წარმატების მიღწევისთვის ბევრს ნიშნავს. ქალისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შვილები და ოჯახია, მაგრამ ეს წარმატებულ კარიერას არ გამორიცხავს. მე, პირადად, ყოფილი მეუღლე მუდმივად მიწყობდა ხელს და მამხნევებდა. მიზანსწრაფული ვიყავი და წინ მივიწევდი.
აჭარის მთავრობაში გენდერული თვალსაზრისით ის მდგომარეობაა, რაც, ზოგადად, საქართველოში და ამის მიზეზიც სტერეოტიპია _ თითქოს მამაკაცი უკეთესი მენეჯერია და ის, რომ ამ სტერეოტიპის დამსხვრევას ქალები არ ვცდილობთ. ყველამ რომ იაქტიუროს, რადიკალურად შეიცვლება ბალანსი”, _ ამბობს ნათია სირაბიძე, ის თანამდებობაზე ქალის გენდერული ნიშნით დაწინაურებასაც არ ემხრობა: `ვფიქრობ, „პოზიტიური დისკრიმინაცია“ – თუ ქალია, ამიტომ დავაწინაუროთ, დაუშვებელია. მთავარია, კვალიფიკაცია და საქმის კეთების უნარი”.
მესამე ქალი, ვინც აჭარაში თანამდებობაზე მუშაობს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილე სოფო ლაზიშვილია. ის ტურიზმის დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობაზე 2007 წლიდან მუშაობს. პროფესიით სამართალმცოდნეა.

 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელადაც ცოტა ხნის წინ ქალი, პროფესიით ფილოსოფოსი მირანდა ჩარკვიანი დანიშნეს.
ოფიციალური მონაცემებით, აჭარის მთავრობის აპარატში სულ 111 პირია დასაქმებული. აქედან 67 კაცია და 44 ქალი. არჩილ ხაბაძის სამდივნო ექვსი მრჩევლისა და ხუთი თანაშემწის შტატს აერთიანებს. ამ დროისთვის ორი მრჩევლისა და ერთი თანაშემწის ადგილი ვაკანტურია. არჩილ ხაბაძეს ოთხი მოქმედი მრჩეველი ჰყავს და ოთხივე კაცია. თანაშემწეებიდან კი მთავრობის თავმჯდომარეს ორი ქალი და ორი კაცი ეხმარება. მთავრობას ამ დროსთვის 11 დეპარტამენტი აქვს, აქედან ერთი დეპარტამენტი დასაკომპლექტებელია. ათიდან რვა დეპარტამენტს კაცი ხელმძღვანელობს. მთავრობის აპარატში ქალებს აბარიათ პრესასთან ურთიერთობის, საფინანსო-საბუღალტრო და საერთაშორისო დეპარტამენტები. მთავრობის აპარატში ექვსი შტატგარეშე მოსამსახურეც აიყვანეს, ექვსიდან ხუთი კაცია.

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში სულ 99 პირია დასაქმებული, აქედან 58 კაცია, 41 ქალი. მინისტრს ერთი მრჩეველი და ერთი თანაშემწე ჰყავს, ორივე კაცია. სამინისტროში ცხრა დეპარტამენტია, ცხრიდან შვიდს კაცი ხელმძღვანელობს. ამ სამინისტროში ქალებს უპირატესობა მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე აქვთ. სამინისტროს 50 მთავარი სპეციალისტი ჰყავს, 31 შემთხვევაში ეს თანამდებობა ქალებს უკავიათ.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ათი დეპარტამენტიდან ოთხი ქალებს აბარიათ. ქალები ამ სამინისტროშიც უპირატეს მდგომარეობაში მთავარი სპეციალისტის რანგში არიან. ჯანდაცვის სამინისტროში 66 პირია დასაქმებული, მათგან 35 ქალია და 31 კაცი. ანუ, საერთო ჯამში ქალები კაცებს სჭარბობენ, რასაც ვერ ვიტყვით სოფლის მეურნეობის სამინისტროზე. აქ 59 პირია დასაქმებული, აქედან მხოლოდ 16 პოზიცია უკავიათ ქალებს.
აჭარის განათლების სამინისტროში 34 ქალი და 22 კაცი მუშაობს. სამინისტროში რვა დეპარტამენტია, ოთხ დეპარტამენტს ქალი ხელმძღვანელობს.

 

მაღალი რანგის თანამდებობებს კაცები იკავებენ ბათუმის მერიაშიც. კაცებს უკავიათ მერის მოადგილეების, ადმინისტრაციისა და აპარატის უფროსის თანამდებობები. მერია შვიდ სამსახურს აერთიანებს, აქედან ქალს მხოლოდ ერთი თანამდებობა აბარია.

 

გენდერის სპეციალისტის იდა ბახტურიძის შეფასებით, ამ მიმართულებით ძალიან ბევრი პრობლემაა:
`სტატისტიკის თანახმად საქართველოში ყოველწლიურად უმაღლეს სასწავლებელს უფრო მეტი ქალი ამთავრებს ან თანაბარია მონაცემები. ასევე, უფრო მეტი ქალი იღებს ხარისხს და სამსახურშიც წარმატებულია, მაგრამ სწავლის დასრულების პერიოდი ხშირად ოჯახის შექმნის პერიოდს ემთხვევა. ქალების უმეტესობა კარიერას წყვეტს, როცა მას შვილი უჩნდება. უკან დაბრუნებულებს კი პრობლემები ექმნებათ. ხშირად ქალის მეუღლე ან ოჯახის წევრები ამბობენ, რომ არ უშლიან ქალს მუშაობა გააგრძელოს შვილის გაჩენის შემდეგაც, მაგრამ ასეთი პირობით – “ჩვენ ვერ დაგეხმარებით”. ალბათ, ტერმინატორი უნდა იყოს ქალი, რომელიც ბავშვსაც მოუვლის და იმუშავებს კიდევაც.

 

ქალს, რომელიც დასაქმებულია, პარალელურ რეჟიმში ოჯახის მოვლაც ევალება. კაცმა ოჯახი 25 წლამდე ასაკშიც რომ შექმნას, ეს მას კარიერულ წინსვლაში ხელს არ უშლის, რადგან ის არც ერთ ეტაპზე უარს არ ამბობს სამსახურზე, მივლინებაში წასვლაზე, დამატებითი დროით მუშაობაზე. გარდა ამისა, გამოსაკვლევია, რატომ აქვთ ქალებს უფრო დაბალი ხელფასი, ვიდრე კაცებს იმავე პოზიციაზე, ასევე პრემია და დანამატი.

საქართველოს კანონმდებლობა მშობლებისთვის მხოლოდ ერთ დეკრეტულ შვებულებას ითვალისწინებს, რითაც აუცილებლად ქალი ისარგებლებს, რადგან მან უნდა იმშობიაროს. საზღვარგარეთ კი დეკრეტული შვებულება ეძლევა როგორც ქალს, ასევე კაცს, ანუ ორივეს. გარდა ამისა, ქალების მხრიდან ხშირად ვაწყდებით დაბალი თვითშეფასების პრობლემასაც, ბევრ გარემოებასთან გვაქვს საქმე…”

 

რას ამბობს კვლევა

ეისითის კვლევის მიხედვით, რომელიც 2013 წელს გაეროს დაკვეთით მომზადდა, გამოკითხულთა დიდმა ნაწილმა იცის, რას ნიშნავს გენდერული თანასწორობა, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მოსახლეობა ამის მომხრეა. მართალია, ფოკუსჯგუფების წევრების უმეტესი ნაწილი დეკლარირების დონეზე ეთანხმება გენდერული თანასწორობის იდეას, თუმცა, როგორც კვლევის შედეგების ანალიზი (ფოკუს-ჯგუფების მონაწილე ქალების მიერ გამოხატული შეხედულებები და რაოდენობრივი კვლევის შედეგები) აჩვენებს, ქალების ნაწილი მაინც გენდერული როლების ტრადიციული განაწილების მომხრეა.
გამოკითხულთა აზრით, კაცი უკეთესი ბიზნესლიდერია, ვიდრე ქალი. ზოგადად, ნებისმიერი საქმე კაცს უკეთ გამოსდის და რა თქმა უნდა, პოლიტიკა, პირველ რიგში, კაცის საქმეა. ქალი პოლიტიკაში წარმოუდგენიათ, თუმცა, ისევ „ქალის ბუნებისთვის შესაფერის“ პოზიციებზე და სფეროებში, როგორიცაა: ჯანდაცვა, კულტურა და ა.შ.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: