Batumelebi | თხილის ბიზნესი – პერსპექტივა მაღალმთიანი აჭარისთვის თხილის ბიზნესი – პერსპექტივა მაღალმთიანი აჭარისთვის – Batumelebi
RU | GE  

თხილის ბიზნესი – პერსპექტივა მაღალმთიანი აჭარისთვის

 

უმსხვილეს საექსპორტო საქონელს შორის თხილს ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით,  მეოთხე ადგილი უკავია – სპილენძის მადნების, ფეროშენადნობებისა და მსუბუქი ავტომობილების შემდეგ. თხილს გასულ წელსაც იგივე პოზიცია ეკავა. შარშან ექსპორტზე 183 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების თხილი გავიდა, წელს კი [იანვარ-ივნისში] საქართველოდან უკვე 74 მილიონი აშშ დოლარის თხილია ექსპორტირებული.

 

თხილი
თხილი

თხილის კრეფის სეზონი აჭარაში დაწყებულია. 1 კილოგრამი ახალი [ნედლი] თხილის ფასი 3,5-4,5 ლარია. 3,5 ლარია ადგილზე, ოჯახიდან თხილის გაყიდვა მეზობელ გურიაშიც. გამომშრალი თხილის ფასი იზრდება.

 

ხუცუბანში მცხოვრები თამაზ თხილაიშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ამ ფასად თხილის ჩაბარება არ უღირს:

„გასულ წელს, აპრილში ჩავაბარე ქობულეთში – 1 კილოგრამი 12 ლარად. წელსაც გვიან გავყიდი ალბათ, თუმცა ფასებს მაინც ბაზარი არეგულირებს და რა ეღირება, წინასწარ ვერ განსაზღვრავ“.

 

„მოსავლიანობის, ბაზარზე არსებული მოთხოვნისა და ფასების გამო თხილის სეგმენტის განვითარება აჭარის რეგიონში სწრაფად მიმდინარეობს“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დარგობრივი განვითარების განყოფილების უფროსმა მამუკა თურმანიძემ.

 

სამინისტროში აცხადებენ, რომ რეგიონის მაჩვენებელი ქვეყნიდან მთლიან ექსპორტში მცირეა, თუმცა, რა რაოდენობის თხილია აჭარიდან ექსპორტირებული, ვერ აკონკრეტებენ.

 

მამუკა თურმანიძის თქმით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო თხილის კულტურის განვითარებაში აქტიურად ჩართვას აპირებს. თუმცა ეს ჯერჯერობით მხოლოდ ადგილობრივი პროგრამების განხორციელებით შემოიფარგლება. სამინისტრო უკვე ახორციელებს ფერმერებისთვის ნერგების დარიგების პროგრამას, რომლის ფარგლებშიც 2013 წელს 20 ათასი ძირი თხილის ნერგი გადანაწილდა მოსახლეობაზე, აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში.

 

„პროგრამის ფარგლებში ვაპირებთ შემოდგომაზე 32 ათასი ძირი თხილის ნერგის შემოტანას. ნერგებს ტენდერით შევისყიდით და ფერმერებს თანადაფინანსების პრინციპით ვურიგებთ – ღირებულების 70%-ს იხდის სახელმწიფო და 30%-ს ფერმერი. წლევანდელი ნერგის ფასი ფერმერს დაუჯდება ალბათ 21 თეთრამდე“.

 

ნერგები, რომლებიც სამინისტროს შემოაქვს, ორი წლისაა და დარგვიდან მესამე წელს იძლევა ნიშანს [ისხამს ნაყოფს], ხოლო 6-7 წლიდან, უკვე როგორც ხე-ბუჩქი, შედის მსხმოიარობის აქტიურ ფაზაში. თხილის ნარგავებს პლანტაციის სახით რეგიონში მხოლოდ 400 ჰა-მდე ფართობი უკავია, გაცილებით მეტია გაფანტული ნარგავების სახით.

 

სამინისტროს ინფორმაციით, ნოემბრის თვე საუკეთესო პერიოდია თხილის დარგვისთვის, ვინაიდან შემოდგომაზე დარგული ნერგების გახარების მაჩვენებელი გაცილებით მაღალია.

 

თხილის ნერგებზე მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე სამინისტროს დაგეგმილი აქვს მომავალ წელს 200-300 ათასამდე თხილის ნერგი შემოიტანოს. „ასევე ვგეგმავთ რეკომენდაცია გავუწიოთ და ხელი შევუწყოთ ფერმერებს თხილის ბაღების გაშენებაში, ნაკვეთის შერჩევაში, დავეხმაროთ ნიადაგის მომზადებაში – მინერალური და ორგანული სასუქებით უზრუნველყოფაში“, – განაცხადეს სამინისტროში.

 

მამუკა თურმანიძის თქმით, გასათვალისწინებელია ის, რომ სწორად შეირჩეს თხილის სამრეწველო ჯიშები. სამინისტროს, ძირითადად, „ანაკლიური“ [იგივე „ბერძნულა“] ჯიშის თხილის ნერგები შემოაქვს.

 

„ანაკლიური“ – ადგილობრივი ჯიშია, ბუჩქი სწრაფად იზრდება, მოსავალი იკრიფება ივლისის ბოლოს – აგვისტოს პირველ ნახევარში, უხვმოსავლიანია, ბუჩქის საშუალო მოსავალი 4,5-5,5 კგ-ია. „ანაკლიური“ ძირითადი სამრეწველო ჯიშია სამეგრელოში, აფხაზეთში, გურიასა და აჭარაში. კარგი სამრეწველო ჯიშებია ასევე „გულშიშველა“ [ბუჩქის საშუალო მოსავალი 5-7 კგ], „დედოფლის თითი“ [7-9 კგ], „შველისყურა“ [ბუჩქის საშუალო მოსავალი 6,5-7,5 კგ].

 

გარდა აღნიშნული ჯიშებისა, საქართველოში ფართოდ გავრცელებულია როგორც ადგილობრივი, ისე შემოტანილი ჯიშები – 50-მდე სახეობა, რომელთაგან ზოგიერთმა (ათა-ბაბა, განჯა, ჯენტილე, ტონდა, რომანა და სხვა) საქართველოს პირობებში კარგი შედეგი აჩვენა. მიუხედავად ამისა, ქართული ადგილობრივი ჯიშები მსოფლიო ბაზარზე უპირატესობით სარგებლობს.
თხილის ბუჩქის სიცოცხლის ხანგრძლივობა 180-200 წელია, თითოეული დედატოტისა კი – 70-80 წელი. მცენარე ნაყოფს იძლევა 150 წლის განმავლობაშიც კი, თუმცა საჭიროა ტოტების პერიოდული გაახალგაზრდავება.

 

თხილის ნაყოფი გამოირჩევა მაღალი შენახვისუნარიანობით, ორი წლის განმავლობაში არ კარგავს სასაქონლო მაჩვენებლებსა და კვების ღირებულებას. არის ადვილად ტრანსპორტირებადი.

 

მამუკა თურმანიძის თქმით, თხილის სამრეწველო ბაღების გაშენება ზოგადად რეკომენდებულია ზღვის დონიდან 600 მეტრ სიმაღლემდე, „თუმცა თურქეთის მაგალითს თუ გავითვალისწინებთ, სრულიად შესაძლებელია თხილის სამრეწველო ბაღები გავაშენოთ 1200 მეტრ სიმაღლემდეც. მაგალითად, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭახაურაში [ღორჯომის თემი, ზღვის დონიდან 1150 მეტრომდე] ვნახეთ კარგად გაშენებული და გახარებული თხილის სამრეწველო ბაღი. აქედან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ თხილის კულტურის განვითარების პოტენციალი აჭარაში არის საკმაოდ დიდი. თუმცა, გასათვალისწინებელია მთელი რიგი ფაქტორები, როგორიცაა ჯიშების სწორად შერჩევა, აგროტექნიკური ღონისძიებების სრული გათვალისწინება, ნიადაგის გეოგრაფიული მდებარეობის სწორად შერჩევა და სხვა“.

 

მაღალმთიანი აჭარის სოფლები ძირითადად 1200-1300 მეტრომდეა ზღვის დონიდან [თუმცა არის უფრო მაღლა, 1600 მ-დე მდებარე სოფლებიც]. ამ სიმაღლეზე, სპეციალისტების თქმით, თხილის ბიზნესის წამოწყებას აჭარაში პერსპექტივა აქვს. ზოგადად კი, ველური, ტყის თხილი საქართველოში ბუნებრივად იზრდება ზღვის დონიდან 1500-1800 მეტრამდე.
თხილის კულტურას ყველაზე დიდი ფართობი კი თურქეთში უკავია. ეს ქვეყანა მსოფლიო ბაზრის მოთხოვნის 75 პროცენტს აკმაყოფილებს. საქართველოს, ბოლო წლების განმავლობაში, თხილის ნარგავების ფართობების მოცულობის მხრივ მსოფლიოში მეშვიდე ადგილი ეკავა.

 

თხილი საუკეთესო ანტიეროზიული მცენარეცაა, იგი ზედა ფენაში განვითარებული ძლიერი ფესვთა სისტემით ამაგრებს ნიადაგს და იცავს მას ჩამორეცხვისაგან. თხილის ბაღის გაშენება რეკომენდებულია ისეთ ადგილებში, სადაც ჰაერის მინიმალური ტემპერატურა -25 გრადუს/ცელსიუსამდე არ ეცემა.

 

აჭარაში მსხვილი მეურნეობები, რომლებიც უშუალოდ თხილის ბიზნესითაა დაკავებული, ჯერჯერობით ჩამოყალიბებული არ არის. ძირითადად გლეხური, კერძო მეურნეობებია. თუმცა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, არის რამდენიმე კოოპერატივი, უშუალოდ თხილის ბიზნესზე ორიენტიებული და საკმაოდ წარმატებულადაც მუშაობენ.
ქართული თხილის გასაღების ბაზარი ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებია. პროდუქტი გააქვთ აზიისა და რუსეთის ბაზარზეც. „საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციაში“ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ევროპის ბაზარზე ძირითადად გარჩეულ თხილის გულზეა მოთხოვნა და 1 კგ. თხილის გულის ფასი, დღეს არსებული მონაცემებით, 12-13 აშშ დოლარია.

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო კი თხილის ტექნიკური რეგლამენტის პროექტზე მუშაობს. ტექნიკური რეგლამენტის მიღების მიზანია, დადგინდეს მოთხოვნები თხილის მიმართ და თხილის წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციის ეტაპებზე განისაზღვროს რეგულირების ერთიანი პრინციპები, ამასთან, დაცული იყოს მომხმარებელთა უფლებებიც.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თედო ჯორბენაძე