ნეტგაზეთი • RU

„თვითმმართველობა უკანონო მითითებებს არ უნდა ასრულებდეს“

 

30 ივლისს ბათუმის მერიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ანბანის კოშკის მიმდებარედ კონცერტის ჩატარების ნებართვა იმ მიზეზით არ მისცა, რომ თითქოს იქ სხვა ღონისძიება იყო დაგეგმილი. „რუსთავი 2“-ს კონცერტების ჩატარებაზე ერთდროულად უთხრეს უარი ქუთაისში, ბათუმსა და ფოთში. იყო თუ არა უარის თქმის საფუძველი მთავრობის დავალება და როგორ უნდა მოიქცეს თვითმმართველობა უკანონო ბრძანების მიღების შემთხვევაში. „ბათუმელების“ კითხვებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ პროექტების მენეჯერმა ნინო რობაქიძემ უპასუხა. 

 

 

 

ნინო რობაქიძე

 

ნინო, როცა ტელევიზიას არ აძლევენ დაანონსებული კონცერტის ჩატარების შესაძლებლობას, არის თუ არა ეს მედიაზე ზეწოლა?
 

თუ ადგილობრივი თვითმმართველობები ფოთში, ქუთაისსა და ბათუმში არ წარმოადგენენ შესაბამის დამადასტურებელ საბუთებს იმის შესახებ, რომ იმ ლოკაციებზე, სადაც „რუსთავი 2“-ს სურდა კონცერტის ჩატარება, ნამდვილად იყო დაგეგმილი სხვა აქტივობები, გვექნება ლეგიტიმური საფუძველი ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ადგილობრივი თვითმმართველობები მიზანმიმართულად უშლიან ხელს კონკრეტულ მედიასაშუალებას თავისი აქტივობის განხორციელებაში.

 

მედიასაშუალებებს, მათ შორის „ბათუმელებს“, აქვთ მერიის მიერ ზაფხულში დაგეგმილი ყველა ღონისძიების პროგრამა, სადაც განსაზღვრულია ღონისძიების ჩატარების რიცხვი, ადგილი და დრო. არც 30 ივლისს და არც 1-ელ აგვისტოს ამ პროგრამის მიხედვით ღონისძიება არ ყოფილა დაგეგმილი…

 

ჩვენ არ ვიცით, რამდენად შეთანხმებული იყო ის, რომ სამ თვითმმართველ ერთეულში ერთდროულად უთხრეს უარი „რუსთავი 2“-ს, შეიძლება სპონტანურად მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ბათუმში არ მოიძებნა ადგილი, რომელსაც ალტერნატივად შესთავაზებდა ქალაქის თვითმმართველობა ტელეკომპანიას. არსებობს ბევრი კითხვა და იმისათვის, რომ ამ საქმეს არ მიეცეს პოლიტიკური ელფერი და არ მოგვიწიოს იმაზე საუბარი, რომ „რუსთავი 2“ იდევნება, ან ხელი ეშლება პოლიტიკური მიზეზების გამო, ადგილობრივმა თვითმმართველობებმა პროაქტიურად, არასამთავრობოთა ძალისხმევის გარეშე უნდა გამოაქვეყნონ დოკუმენტაცია, რომ ამ ლოკაციებზე იყო დაგეგმილი ღონისძიებები.

 

ჩვენ გვახსოვს წინა ხელისუფლების დროინდელი ფაქტი, როდესაც ბიძინა ივანიშვილს უნდოდა ბათუმში, ევროპის მოედანზე აქციის ჩატარება, მაგრამ მერიამ მაშინაც სწორედ იმ მიზეზით უთხრა უარი, რომ მოედანი დაკავებული იყო. სინამდვილეში კი მერიამ ქედის მუნიციპალური ორკესტრი სპონტანურად ჩამოიყვანა ბათუმში, რომელიც ევროპის მოდანზე რამდენიმე დღის განმავლობაში უკრავდა. დაახლოებით იმავეს აკეთებს ეს ხელისუფლებაც – უკვე დაუგზავნეს მედიას პრესრელიზები ანბანის კოშკთან უეფას პრესტიჟული თასების განთავსებაზე. რატომ ხდება ასე?

 ბუნებრივია, გვახსენდება ასეთი შემთხვევები და ბუნებრივია, რომ ამას მოყვება მკაცრი რეაქცია, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე მოქალაქეების მხრიდან. ძალიან ცუდია, თუ ხელისუფლება თვითონ მიანიჭებს სრულიად აპოლიტიკურ კონცერტს პოლიტიკურ შინაარს. ეს წამგებიანი იქნება როგორც ადგილობრივი, ასევე ცენტრალური ხელისუფლებისთვის და, ზოგადად, მმართველი გუნდისთვის. ეს არ იქნება ნაბიჯი დემოკრატიისკენ.

 

ითქვა, რომ ეს იყო პირდაპირი დავალება ცენტრალური ხელისუფლებიდან. თქვენი აზრით, ვის და როგორი რეაქცია უნდა ჰქონდეს ამ ფაქტზე?

 თუ ეს იყო ცენტრალური ხელისუფლების დავალება, ძალიან ცუდია, რადგან ეს მიუთითებს, რომ თვითმმართველი ერთეულები არ არიან რეალურად დამოუკიდებლები. ეს დავალება იყო თუ არა ცენტრალური ხელისუფლებიდან, უკანონო დავალების შესრულება თავისთავად არაკანონიერი ქმედებაა და თვითმმართველობებს აქვთ უფლება, რომ მსგავსი არაკანონიერი დავალება არ შეასრულონ.

 

 რამდენად შესაძლებელია, რომ მსგავსი ფაქტების გამო მსოფლიო პრესის თავისუფლების რეიტინგში საქართველოს ინდექსი გაუარესდეს?

 ჩვენ ყველა ასეთ შემთხვევას ვაფიქსირებთ და ეს ჩვენ ანგარიშებში მოხვდება. ბუნებრივია, ჩვენი ანგარიშები შესაძლებელია მოხვდეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ან სხვა ანგარიშებშიც. ამიტომ, ეს დეტალები უნდა გაითვალისწინონ ხელისუფლების წარმომადგენლებმა. პირველ რიგში, ისინი პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდნენ საკუთარი მოქალაქეებისა და კანონის წინაშე.

 

 წინა ხელისუფლების დროსაც ცალკეული მედია თუ ჟურნალისტი იდევნებოდა პოლიტიკური ნიშნით. როცა პოლიტიკური ბრძოლის მეთოდები არ იცვლება, ეს რაზე მეტყველებს?

 ანალოგიური შემთხვევა იყო თბილისში კანცელარიასთან, როდესაც კონცერტის გამართვა უნდოდათ აქციის ორგანიზატორებს და სცენა არ დაადგმევინეს, მაგრამ ეს ერთი ან ორი შემთხვევა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ სისტემურ პრობლემაზე ვილაპარაკოთ. საბოლოო დასკვნების გამოტანა ადრეა, მაგრამ ასე თუ გაგრძელდა, ბუნებრივია, ჩვენ გვექნება სერიოზული არგუმენტები იმის სათქმელად, რომ ეს ხელისუფლების პოლიტიკაა და არა ერთეული გადაცდომა.

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ლელა დუმბაძე
საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.