ბათუმის მერიის ინფორმაციით, ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ამორტიზებულ, უსახურ, ბარაკული ტიპის, არადამაკმაყოფილებელი სანიტარული პირობის მქონე შენობებს აიღებენ. ბარაკებში მცხოვრები მოსახლეობისთვის კი მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს ააშენებენ.
ახალი საცხოვრებელი სახლის საძირკველის ჩაყრის ცერემონიაში დღეს, 3 აგვისტოს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ დავით ბალაძემ და ბათუმის ვიცე მერმა, ბაგრატ მანველიძემ მიიღეს მონაწილეობა.
„საცხოვრებელი სახლის მშენებლობით 1,5 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. 12 სართულიან შენობაში 73 ბინა განთავსდება. პროექტში ჯამში 50 ადამიანი დასაქმდება. ტერიტორიაზე კომპანიამ 789 კვ.მეტრზე განთავსებული 3 სახლის დემონტაჟი უკვე განახორციელა. ოჯახებზე გაცემულმა კომპესაციამ 127,500 დოლარი შეადგინა. ოჯახებს ახალ საცხოვრებელ სახლში საკუთრებაში სულ 1090 კვ.მ ფართი გადაეცემა. მშენებლობა 2017 წელს დასრულდება“- ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აჭარის მთავრობამ აღნიშნული პროგრამა ქ.ბათუმის მერიასთან ერთად, ჯანსაღი და უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნისთვის შეიმუშავა.
პროექტის მიმართ ინტერესი ,,საქართველოს ბანკმა“ გამოიჩინა, რომელიც უკვე ფლობს მსგავსი პროექტის განხორციელების გამოცდილებას. „საქართველოს ბანკსა“ და აჭარის მთავრობას შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.