სიახლეები

ჯემფესტი ანაკლიაში – ფესტივალის პირველი ღამე [Photo, Video]

01.08.2015 • 2321
ჯემფესტი ანაკლიაში  – ფესტივალის პირველი ღამე [Photo, Video]

ხმაური და ოვაცია მოჰყვა არმინის გამოსვლის შემდეგ ანაკლიის ცაზე გაშვებულ ულამაზეს ფეიერვერკს, რომელმაც ფესტივალის პირველი ღამე, კიდევ უფრო ჯადოსნური გახადა. არმინის შემდეგ ფესტივალზე Evol Waves  და  Sunnery Jsames & Ryan Marciano გამოვიდნენ.

ჯემფესტი, ანაკლია ფოტო: მანანა ქველიაშვილი 31|07|2015

ზღვის პირას, დაახლოებით ორი კილომეტრის სიგრძეზე გაშლილი საფესტივალო ქალაქში ელექტრონული მუსიკის მოყვარულები მეორე დღეა ქვეყნის სხვადასხვა კუთხებიდან და უცხოეთიდან ჩადიან. ქართველების გარდა ჯემ ფესტზე პოლონელებს, უკრაინელებს, აზერბაიჯანელებსა და რუსებსაც შეხვდებით.

საფესტივალო ქალაქის ტერიტორია სამი მხრიდან შემოსაზღვრულია (მეოთხე მხარეს ზღვაზე გასასვლელია) და უსაფრთხოების ნორმები დაცულია. ფესტივალზე ყველა შემსვლელ-გამომსვლელი მკაცრად კონტროლდება. ჯემფესტზე დასწრების მსურველებს,  მეტალოდეტექტორების გავლა უწევთ. აკრძალულია სასმელის და ბასრი საგნების შეტანა.

ჯემფესტის ტერიტორიაზე თვალში მოგხვდებათ საინტერესო არქიტექტურით აგებული დროებითი ღია კაფეები.  საფესტივალო ქალაქის ბოლოსკენ, მწვანე მოლზე „ფლი მარკეტ ანაკლიაა“ გაშლილი. საინტერესო ხელნაკეთი სამკაულები, სიზმრების დამჭერები და ვინტაჟის სტილის ტანსაცმელი თუ გაინტერესებთ, მაშინ ფლი მარკეტს უნდა ეწვიოთ. კარგი მუსიკა, მზე და ანაკლიის ზღვა კი რა თქმა უნდა თქვენს განკარგულებაშია.

განსხვავებით გასულ წელს გამართული კაზანტიპისგან, წელს ჯემ ფესტზე ფასები დარეგულირებულია. ყავის, ჩაის, გამაგრილებელი სასმელების და საჭმელის ფასი უმნიშვნელოდ განსხვავდება იმ ფასისგან, რასაც მაგალითად ამა თუ იმ ბარში სტუმრობისას ვიხდით. თუმცა ანაკლიის მცხოვრებნი ამბობენ რომ ფესტივალზე ჩამოსული ხალხი, გასულ წელს უფრო მეტი იყო, ვიდრე ახლაა. ამის დასტურად კი გაუქირავებელი ბინები მოაქვთ. ანაკლიაში, ბინების ფესტივალზე ჩამოსულ სტუმრებზე მიქირავება, მხოლოდ მათ შეძლეს, ვისი სახლიც ანაკლიის ცენტრში დგას. ერთი ღამის გათევა ანაკლიაში, კერძო სახლში, საშუალოდ 30 ლარი ღირს. უფრო იაფია საფესტივალო ქალაქის ტერიტორიაზე გაშლილი კარვის დაქირავება, რომლის ღირებულება ერთი ღამით ათი ლარია.

ჯემფესტის მთავარ მიღწევად ფესტივალის ორგანიზატორი გიორგი სიგუა აფხაზების ჩამოსვლას თვლის.

„მინდა დიდი სიამაყით ვთქვა რომ ჩვენ, ქართველებმა შევქმენით ჩვენი ძალიან მაგარი ბრენდი, ფესტივალი სადაც სტუმრად გვყავს აფხაზები. ჩვენ ყველანი ერთად ვზეიმობთ საქართველოს ერთიანობას,“ – თქვა გიორგი სიგუამ.

სიგუას თქმით 31 ივლისს „ჯემფესტზე“ 60-მდე აფხაზი იმყოფებოდა. „ნეტგაზეთი“ შეეცადა ეპოვა სტუმრები აფხაზეთიდან, თუმცა როგორც განგვიმარტეს, მათი იდენტიფიცირება და მით უფრო ინტერვიუების ჩაწერა შეუძლებელი იყო.

არმინ ვან ბურენი ჯემფესტზე, ანაკლია ფოტო: მანანა ქველიაშვილი 31|07|2015

არმინ ვან ბურენი ჯემფესტზე

არმინ ვან ბურენი ჯემფესტზე

DJ NUERA ჯემფესტზე

W&W ჯემფესტზე

გადაბეჭდვის წესი