სიახლეები

ანბანის კოშკი, ინვესტორი და ვალდებულებები

30.07.2015
ანბანის კოშკი, ინვესტორი და ვალდებულებები

აჭარის მთავრობასთან აღებული ვალდებულების თანახმად, ბათუმის ანბანის კოშკში გასართობი ობიექტები ინვესტორმა ხელშეკრულების დადებიდან სამ თვეში უნდა გახსნას. ეს იმას ნიშნავს, რომ გასართობი ობიექტების გახსნა ანბანის კოშკში ამ საკურორტო სეზონზე ვერ მოხერხდება.

აჭარის მთავრობამ ბათუმის ბულვარში 1344,7 კვ/მ შენობა – ანბანის კოშკი და მასზე მიმაგრებული 5736 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი კომპანია  „Boost Spain S.I.“-ს 20 წლის ვადით გადასცა. ქონებით სარგებლობის წლიურ საფასურად კი, სიმბოლური ფასი, ერთი ლარი დაუწესა.

ქონების მესაკუთრესთან, ანუ აჭარის მთავრობასთან აღებული ვალდებულების მიხედვით, კომპანიას სარგებლობაში გადაცემული ქონების მშენებლობის დროს გამოყენებული ტექნოლოგიური პროცესების დაცვით დამუშავება ევალება. ასევე ხელშეკრულების გაფორმებიდან სამ თვეში კომპანიამ ლიფტების გამართულობა და ექსპლუატაციაში გაშვება უნდა უზრუნველყოს. იმავე ვადაში უნდა გამართოს განათების სისტემა და ეს ყველაფერი კომპანიამ ობიექტის სარგებლობის პერიოდში უნდა შეინარჩუნოს. საბოლოო ჯამში კი ხელშეკრულების დადებიდან სამ თვეში, ანუ მიმდინარე წლის სექტემბერში კომპანიამ კოშკში მრავალფუნქციური ობიექტები: რესტორანი და კაფე უნდა აამოქმედოს.

კომპანიამ აიღო ასევე ვალდებულება უზრუნველყოს „მიმზიდველი ადგილის მოწყობა  ტურისტებისთვის ქალაქის ხედების დასათვალიერებელი „გადმოსახედის სახით“, დაასაქმოს არანაკლებ საქართველოს ათი მოქალაქე.

„Boost Spain S.I.“ – ესპანური კომპანიაა და მისი დამფუძნებელი ესპანეთის მოქალაქე ბართლომეო სორელ სელმანკაა. რეესტრის მონაცემებით, ბართლომეო სორელ სელმანკა ფლობს საქართველოში 2015 წლის აპრილში დარეგისტრირებული კომპანიის – „ბუსტ ჯორჯიას“ 67 პროცენტს, დარჩენილი 33 პროცენტის მფლობელი კი საქართველოს მოქალაქე ზურაბ ნასყიდაშვილია. ზურაბ ნასყიდაშვილი კიდევ ერთი კომპანიის მფლობელია – მან 2014 წელს „ბიზნეს მენეჯმენტ ჯგუფი“ დააფუძნა და კომპანიას ერთპიროვნულად ფლობს.

ანბანის კოშკი ბათუმში /ფოტოები ბათუმელების არქივიდან/

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: