სიახლეები

ვის ირჩევენ უსკოს წევრებად

29.07.2015 • 2245
ვის ირჩევენ უსკოს წევრებად

 

„Gvaro Gvaramia Tornike Mzhavanadze Sofia Kaxadze წარმატებები“, – ეს კომენტარი თავის ფეისბუქგვერდზე კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთმა წევრმა გააკეთა, „ბათუმელების“ მიერ უსკოს წევრობის კანდიდატებზე გამოქვეყნებულ ნიუსთან დაკავშირებით. თუმცა, კომენტარი მალევე წაშალა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, უსკოს ახალი წევრები სწორედ ირაკლი გვარამია, თორნიკე მჟავანაძე და სოფია კახაძე იქნებიან.

 

ირაკლი გვარამია / სოფია კახაძე / თორნიკე მჟავანაძე

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ უსკო-ს წევრის – გია გარსევანიშვილის უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ირაკლი გვარამიასა და ზურაბ გოლიაძის კანდიდატურები წარადგინა, ასლან ჩავლეიშვილის ადგილმონაცვლედ – რამაზ გოლომანიძე და სოფიო კახაძე, ხოლო ქეთევან ჯიქიას ნაცვლად – თორნიკე მჟავანაძე და გია ქარცივაძე. უმაღლესმა საბჭომ თითოეულ ვაკანსიაზე უსკოს ახალი წევრი სწორედ ამ ორ-ორ კანდიდატს შორის უნდა აირჩიოს.

 

თავის დროზე უსკოს წევრობის მსურველი 24 კანდიდატიდან  [თითო ვაკანსიაზე სამი კანდიდატი] 9, სამთავრობო საკონკურსო კომისიამ შეარჩია. თუ რა პრინციპით დააჯგუფეს კანდიდატები – კომისიაში გვითხრეს, რომ „ალფავიტის მიხედვითაც იხელმძღვანელეს“. თუმცა, კომისიას სამ ვაკანსიაზე 24 კანდიდატი რომ ალფავიტის მიხედვით გადაენაწილებინა [8-8 კანდიდატი], მაშინ სხვადასხვა ვაკანსიაზე ვერ იქნებოდნენ, მაგალითად, გვარამია და გოლომანიძე; ამასთან, ვერც გოლომანიძესა და კახაძეს წარადგენდნენ ერთსა და იმავე ვაკანსიაზე. კანდიდატების ასეთ შერჩევა-დაჯგუფებას კი ოპოზიცია და ზოგი არასამთავრობო ორგანიზაცია ერთგვარ პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებს.

 

კანდიდატების ასეთი „დაწყვილება“ დიდად არც აჭარის „თავისუფალ დემოკრატებს“ მოსწონთ, რომლებსაც უსკოს წევრად თორნიკე მჟავანაძის გაყვანა სურთ. „დემოკრატები“ ამბობენ, რომ გია ქარცივაძესაც მისცემდნენ ხმას, თუმცა ეს შეუძლებელი იქნება, ვინაიდან არჩევანის გაკეთება მჟავანაძე-ქარცივაძეს შორის მოუწევთ.

 

„ჩემთვის ყოველთვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა, რომ არჩევნები ჩატარებულიყო წესების სრული დაცვით. ვფიქრობ, ამ საკითხში კომპეტენტური ვარ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ თორნიკე მჟავანაძემ. – „რაც შეეხება „თავისუფალ დემოკრატებთან“ ურთიერთობას, ამ პარტიაში, ისევე როგორც სხვა პარტიებში არსებობენ ადამიანები, რომლებიც არიან ჩემი მეგობრები. ქალაქი პატარაა და ვიცნობთ ერთმანეთს, ვმეგობრობთ, იმის მიუხედავად თუ ვის რა პოლიტიკური შეხედულებები გააჩნია. მიუკერძოებელი ვარ ყველასთან, იგივე დემოკრატებთან მიმართებაშიც“.

 

„ბათუმელების“ ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ უსკოს წევრებად ირაკლი გვარამიასა და სოფიო კახაძის გაყვანას აპირებს. ირაკლი გვარამიას უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნება – აჭარას“ წევრი, დავით ბაციკაძე უნდა ლობირებდეს, ხოლო სოფიო კახაძეს – ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ალექსანდრე ჩიტიშვილი.

 

უსკოს სამი ახალი წევრის არჩევის საკითხს ფაქტობრივად „ოცნება“ და „დემოკრატები“ გადაწყვეტენ.

 

„ჯერ გადაწყვეტილი არაფერია. ვინაიდან 11 ხმა ჩვენ არ გვაქვს, გავივლით კონსულტაციებს… ირაკლი გვარამია ჩემი მეგობარია და მხარს დავუჭერ, თუმცა ზურაბ გოლიაძეც, ვფიქრობ, ღირსეული კანდიდატურაა. მე ვამბობ, რომ დავუჭერ მხარს ირაკლი გვარამიას იმიტომ, რომ ვიცი მისი კვალიფიკაცია. ყველა დონის საარჩევნო ადმინისტრაცია აქვს გავლილი და აქტიურად ებრძოდა გაყალბებებს“, – აღნიშნა „ბათუმელებთან“ დავით ბაციკაძემ.

 

კითხვაზე, ასოცირდება თუ არა ირაკლი გვარამია კონკრეტულ პარტიასთან, დავით ბაციკაძე ამბობს, რომ ერთი-ორის გარდა, ვისაც შეტანილი ჰქონდა ვაკანსიებზე განაცხადი, ყველაზე შეიძლება ითქვას, რომ ასოცირდება ამა თუ იმ პარტიასთან: „მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობასთანაც“, მაგალითად, უსკოს წევრებსაც ჰქონდათ შემოტანილი და კიდევ იყვნენ სხვა ადამიანები… პრობლემა იმაშია, რომ იმ ადამიანთა წრე არის ვიწრო, ვინც შეიძლება აირჩიო უსკოში. ვფიქრობ, ვინც წარადგინა განაცხადი, იქედან მაინც ოპტიმალური ვარიანტი შეირჩა – თუმცა ეს გადაწყვეტილება მიიღო კომისიამ და მთავრობის თავმჯდომარემ და არა – უმაღლესმა საბჭომ“.

 

კანდიდატებს შორის ერთ-ერთი, რამაზ გოლომანიძე დღეს ქედის საკრებულოს წევრია და საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – ეროვნულ ფორუმს“ ხელმძღვანელობს. „28 მაისს დავტოვე პარტია [ეროვნული ფორუმი]. ფრაქციაში კი, ვიდრე თანამდებობრივი შეუთავსებლობა არ წარმოიშობა, ვრჩები. თუ უსკოს წევრად ამირჩევენ, მაშინ ერთ კვირაში უნდა დავტოვო თანამდებობა. საკმაო საარჩევნო გამოცდილება მაქვს. ველოდებოდი უსკოში კონკურსის გამოცხადებას და ამიტომ დავტოვე პარტია. ერთი წელი ვიყავი პარტიაში და იმისთვის შევედი, რომ ადგილობრივი არჩევნებისთვის სიაში ვყოფილიყავი», – განაცხადა „ბათუმელებთან“ რამაზ გოლომანიძემ. კითხვაზე, რატომ დატოვა პარტია და რა გარანტია აქვს, რომ აირჩევენ, რამაზ გოლომანიძე პასუხობს – „გარანტია რომ მქონოდა, თანამდებობასაც დავტოვებდი. რაც შეეხება პარტიაში დაბრუნებას, თუ დავწერ განცხადებას, პოლიტსაბჭო გადაწყვეტს, მიმიღებენ თუ არა“.

 

უმაღლეს საბჭოში „ქართულ ოცნებას“ დღეს 9 წევრი ჰყავს [ფრაქციები: „ქართული ოცნება“, „ქართული ოცნება – აჭარა“ და „ქართული ოცნება – თავისუფლება“], «ნაციონალურ მოძრაობას» – 8 წევრი [ფრაქციები: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ნაციონალური მოძრაობა – მაჟორიტარები“], «თავისუფალ დემოკრატებს» – სამწევრიანი ფრაქცია „დემოკრატიული აჭარა“; საბჭოში არის ასევე ფრაქციის გარეშე დარჩენილი ერთი  დეპუტატი – მედეა ვასაძე.

 

უსკოს ახალი წევრის ასარჩევად საკმარისია შესაბამის კანდიდატებზე შეთანხმდნენ „ოცნება“ და „დემოკრატები“, ან „ნაციონალები“ და „დემოკრატები“, ან კიდევ „ოცნება“ და „ნაციონალები“. მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღებს ესა თუ ის კანდიდატი ხმების საჭირო რაოდენობას გარანტირებულად. ფრაქციის გარეშე დარჩენილი მედეა ვასაძის ხმას კი ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.

 

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა – მაჟორიტარების“ თავმჯდომარემ ირაკლი ბარამიძემ „ბათუმელებთან“ აღნიშნა, რომ  პარტიის წევრებს ეს საკითხი ჯერ არ განუხილავთ: „შევიკრიბებით და მივიღებთ გადაწყვეტილებას. მე ბევრი გვარი მეცნო, რომლებიც დაახლოებულია მმართველ გუნდთან. ეს მიანიშნებს, რომ არა დამოუკიდებელი ხალხის, არამედ პარტიული ნიშნით აპირებენ ხალხის უსკოში მიყვანას. ეს ერთგვარ გარიგებასაც კი ჰგავს. მე, პირადად, არანაირი პრეტენზია არ მაქვს გია ქარცივაძის კანდიდატურის მიმართ, რასაც ვერ ვიტყვი დანარჩენზე“.

 

ვინ არიან უსკოს წევრობის კანდიდატები

 

ირაკლი გვარამია – 2013 წლიდან დღემდე მუშაობს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის [დავით ბაციკაძის] სამდივნოს უფროს სპეციალისტად;  2012-2013 წლებში მუშაობდა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოში კონტროლიორად; 2005, ასევე 2007-2008 წლებში იყო დავით ბაციკაძის წარმომადგენელი N79/01 საარჩევნო ოლქში.

 

ზურაბ გოლიაძე – 2014 წლის თებერვლიდან დღემდე მუშაობს უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიაში უფროს სპეციალისტ-მდივან რეფერენტად. მანამდე კი ამავე კომისიის მიწვეულ სპეციალისტად [შტატგარეშე მოსამსახურედ] მუშაობდა. 2006-2010 წლებში იყო აჭარის საარქივო სამმართველოს მთავარი სპეციალისტი [იურისტი]; ხოლო 2016-2010 წლებში ადვოკატი. სხვადასხვა არჩევნების დროს იყო #81 საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი.

 

რამაზ გოლომანიძე – 2014 წლის ივლისიდან დღემდე არის ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი; ქედის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება – ეროვნული ფორუმის“ ხელმძღვანელი; 2014 წელს, ერთი თვით, მუშაობდა N83 ხელვაჩაურის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად, 2013 წლის ივლისიდან ამავე წლის ნოემბრამდე «ეროვნული ფორუმის» მიერ დანიშნული იყო დროებით კომისიის წევრად ბათუმის N79 საოლქო საარჩევნო კომისიაში; 2012 წელს იყო N80 ქედის საარჩევნო კომისიის წევრი.

 

სოფიო კახაძე – 2015 წლის თებერვლიდან დღემდე ბათუმის მერიის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ „ბათუმის კულტურის ცენტრში“ ადმინისტრაციული სამსახურის უფროსია. 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში ის ქ. ქობულეთში N81 საარჩევნო ოლქის კომისიის წევრი იყო გაერთიანებული ოპოზიციიდან. 2003-2004 წლებში – აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო პროგრამის ჟურნალისტი. 2013-2014 წლებში „ქართული ოცნების“ კომისიის წევრებისთვის ატარებდა საარჩევნო ტრენინგებს.

 

თორნიკე მჟავანაძე – 2015 წლის პირველი იანვრიდან დღემდე ბათუმის საკრებულოში შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსია. მანამდე მუშაობდა აჭარის ტელევიზიაში გადაცემა „ეკონომისტის“ წამყვანად; 2013-2014 წლებში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტად; ხოლო 2012-2013 წლებში აჭარის უმაღლეს საბჭოში იყო ფრაქცია „ქართული ოცნება – თავისუფალი დემოკრატების» მიწვეული სპეციალისტი.

 

გია ქარცივაძე – 2015 წლის იანვრიდან დღემდე მუშაობს სახალხო დამცველის აპარატში; 2008-2014 წლებში მუშაობდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალში [ჯერ საერთო სპეციალიზაციის ადვოკატად, ხოლო 2012 წლის დეკემბრიდან ფილიალის თავმჯდომარედ]; 2007-2008 წლებში – „დემოკრატიის ინსტიტუტში“ იურისტად. მონაწილეობდა არაერთ არჩევნებში მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსით, როგორც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი.

 

ყველა წევრი უპარტიოა, აქვთ არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილება და შესაბამისი სერტიფიკატები, რომ ჩააბარეს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის გამოცდა.

 

უსკოს ახალ წევრებს უმაღლესი საბჭო რიგგარეშე სხდომაზე, 7 აგვისტომდე აირჩევს. უსკოს წევრი 5 წლის ვადით აირჩევა. წევრის ხელფასი დღეს 1500 ლარია, რომელსაც კვარტალური დანამატი – დაახლოებით 2000 ლარი ემატება.

 

უსკო შედგება თავმჯდომარისა და 5 წევრისაგან, ხოლო საარჩევნო პერიოდში – თავმჯდომარისა და 12 წევრისაგან. უსკოს 7 წევრს საარჩევნო პერიოდში ნიშნავენ პოლიტიკური პარტიები.

 

უმაღლეს საარჩევნო კომისიაში კომისიის წევრის სამი ვაკანსია 25 აგვისტოდან გაჩნდება. ამ დროისთვის უფლებამოსილების ვადა უსკოს სამ წევრს ეწურება: გია გარსევანიშვილს [უსკოს თავმჯდომარის მოადგილე], ქეთევან ჯიქიასა [უსკოს მდივანი] და ასლან ჩავლეიშვილს.

 

უსკოს წევრებად რჩებიან: კომისიის თავმჯდომარე არჩილ მიქელაძე [რომელსაც წევრობა 2016 წლის პირველ მარტს შეუწყდება], თამარ ხოზრევანიძე [წევრობა შეუწყდება 2016 წლის აპრილში] და გუგული დუაძე [რომელიც კომისიის წევრად მიმდინარე წლის იანვარში აირჩიეს].

 

გია გარსევანიშვილი საარჩევნო საქმიანობაში 1995 წლიდანაა ჩართული. 2004 წლის 20 ივნისის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს არჩევნებზე გახლდათ N81/3 ქობულეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ხოლო 2005 წლის ივლისში არჩეულ იქნა უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრად, 2010 წლის 2 მარტს კი აირჩიეს უსკოს თავმჯდომარის მოადგილედ.

 

ქეთევან ჯიქია – 2003-2004 წლის არჩევნებში იყო ბათუმის N79 საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი; 2004 წლის 26 მაისს არჩეულ იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრად; 2004 წლის 26 ივლისიდან 2005 წლის 6 ნოემბრამდე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის მდივანია; 2006 წლის 30 მარტს კი ხელახლა იქნა არჩეული უსკოს მდივნად.

 

ასლან ჩავლეიშვილი კი, 2005 წლის 28 სექტემბრამდე მუშაობდა ქ. ბათუმის N1 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ; 2005 წლის 28 სექტემბრიდან არჩეულ იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრად.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: