ნეტგაზეთი • RU

ბათუმში მარიხუანის დათესვისა და მოყვანის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის საქალაქო სამმართველოს დეტექტივების განყოფილების თანამშრომლებმა 1988 წელს დაბადებული გ. დ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის, მოყვანის ან კულტივირების ბრალდებით ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე  დააკავეს.

 

კადრი შს სამინისტროს მიერ გავრცელებული ვიდეო მასალიდან

სამართალდამცავების ცნობით, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 13 შეკვრად დაფასოებული, 2,9054 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 2,0294 გრ ჰეროინს შეიცავს. ბათუმში, ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ამოღებულია 1 ძირი კანაფი, რომლის წონა 67,43 გრამია. უწყების ცნობით, დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

 

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის, მოყვანის ან კულტივირების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 265-ის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
" ბათუმელები"