სიახლეები

რატომ გვეშინია ევროპელობის

30.06.2015 • 2259
რატომ გვეშინია ევროპელობის

 

ზვიად ქორიძე, ჟურნალისტი: თემა, რომელიც შევარჩიეთ, ძალიან პრობლემურია. ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებებისა და საქართველოს ვალდებულებების ტექნიკური დეტალების მიღმა არსებობს ფუნდამენტური საკითხები, რაზეც დგას ეს ურთიერთობა და რის გამოც არის ღირებული საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობა. სამწუხაროდ, ეს ის საკითხებია, რომლებიც აშინებს საზოგადოებას ან ქმნის მოლოდინს. რა სარგებელი შეიძლება ნახოს ქვეყანამ? მიდგომა ასეთია, როცა ევროკავშირზე ვსუბრობთ, იქნებიან ესენი ოპონენტები თუ მხარდამჭერები, მხოლოდ სარგებლიანობის მისაღებად არ არსებობს ევროპული სივრცე. ეს არ არის ადგილი, სადაც დოგმებით ურთიერთობენ, როცა ვთანხმდებით საერთო სახლში ცხოვრებაზე, საერთო წესებს ვადგენთ. მთავარი და პრინციპული საკითხია, რატომ გვინდა ევროკავშირში გაერთიანება და რატომ გვეშინია ევროპული სივრცის.

 

ჩვენს საზოგადოებაში ეს მტკივნეული მხარე დომინირებს: ბევრ რამეს დავკარგავთ, არსებითს დავკარგავთ, ღირებულს დავკარგავთ, სანაცვლოდ არაფერს შევიძენთ. საკითხი ყოველთვის დგას ასე, _ როდესაც შევალთ ევროკავშირში, მოგვარდება თუ არა ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა, აღმოიფხვრება თუ არა უმუშევრობა საქართველოში, არის თუ არა რაიმე ტიპის ეკონომიკური კრიზისი საქართველოში. ეს არის თემები, რომლებიც ევროპულ სივრცეშიც არ არის აღმოფხვრილი. მაგრამ არავინ გარბის ამ სივრციდან, საინტერესოა, რატომ ქმნიან ამ სივრცეს და მერე რატომ აღარ გარბიან ამ სივრციდან, რა არის ეს სივრცე, რომელიც მნიშვნელოვანია ყველა ევროპელისთვის და ადამიანისთვის, რომელიც თავს ევროპელად მიიჩნევს. საფრანგეთში მომხდარ ტერაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა მთელს ევროპაში და მაშინვე გაჩნდა ფრაზა – “მე ვარ შარლი”. ეს ფრაზა გაჩნდა თბილისშიც, ბევრმა გაიკეთა ეს წარწერა. სკეპტიკოსები სვამდნენ კითხვას _ რატომ ხარ შარლი? ალბათ თქვენ ირგვლივაც ისმოდა ეს კითხვა, თქვენ რა პასუხს სცემდით?

 

სოფო ჟღენტი, ჟურნალისტი: ჩემ ირგვლივ ძირითადი აქცენტი იყო გაკეთებული იმაზე, რომ ისინი ამ აქციით პროვოცირებას უკეთებდნენ და მთავარი არგუმენტი იყო ის, რომ ადამიანის რწმენას აქილიკებდნენ. ასევე ამბობდნენ – თუ ეს გამოხატვის თავისუფლებაა, მაშინ იმათ რატომ არ ჰქონდათ უფლება გაბრაზებულიყვნენო? ასე არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ გაბრაზების უფლება ჰქონდათ.
ირინა ყურუა, ჟურნალისტი: ჩემ ირგვლივ ორად იყვნენ გაყოფილი: ნაწილი იცავდა იმათ, ვისაც სწამდა ეს რელიგია და რელიგიურ შეურაცხყოფად აღიქვამდნენ, მიიჩნევდნენ, რომ ესეც დასჯადი უნდა იყოს და სცილდება გამოხატვის თავისუფლებას.

 

ზვიად ქორიძე: ევროპულმა სივრცემ დიდი გზა განვლო იქამდე, სანამ აღიარებდა ადამიანის უფლებებს ფუნდამენტალურ ღირებულებად. `თუ ეს გამოხატვის თავისუფლებაა, იმათაც ხომ აქვთ გაბრაზების უფლება”, _ როდესაც ამაზე ვსაუბრობთ, იმ ტერაქტის მომწყობელსაც სწორედ ეს მიზანი ჰქონდა, რომ ევროპულ საზოგადოებას სხვანაირად დაეწყო ფიქრი, ხომ არ არის დრო, რომ გამოხატვის თავისუფლება შევზღუდოთ… ქრისტიანები ჩაიკეტონ და ისე ისწავლონ, მუსლიმები ჩაიკეტონ და ისე ისწავლონ, საბოლოო ჯამში ამით დაირღვეოდა თანასწორობის პრინციპი და ევროპული სივრცე, როცა ეს ირღვევა, იმარჯვებს ტერორისტი, რომელიც არღვევს ამ ევროპულ ცივილიზაციას. `მე ვარ შარლი~ ნიშნავს, არ მინდა უარი ვთქვა გამოხატვის თავისუფლებაზე, გადაადგილების თავისუფლებაზე, აზრის თავისუფლებაზე, ამიტომ აღმოჩნა ეს ფრაზა მაკონსოლიდირებელი ევროპისთვის და ამიტომ ვერ აღმოჩნდა ეს ფრაზა მაკონსოლიდირებელი -საქართველოსთვის. ჩვენ დავინახეთ ტერაქტი არის ცუდი. ამის მიღმა ამ ყველაფერმა რა კრიზისი შეიძლება გამოიწვიოს – ამაზე არ გვიფიქრია. ეს არის მთავარი ქვაკუთხედი _ რა სხვაობაა ქართულ და ევროპულ ღირებულებებს შორის. გზა, რომელიც გაიარა ევროპამ, ეს არის უნივერსალური გზა და სწორედ ამ უნივერსალური გზით გველაპარაკება ევროპა, შენ შეგიძლია გაითვალისწინო ეს გამოცდილება, შეგიძლია _ უარი თქვა. ევროპული სივრცე იღებს იმას, რაც არის ძვირფასი, მაგრამ რასაც ევროპული სივრცე გთავაზობს, ამისთვის გთხოვს პასუხისმგებლობას, ამის ტარება ძალიან რთულია. გაცილებით ძლიერ სახელმწიფოებსაც უჭირთ ამ პასუხისმგებლობის აღება, ეკონომიკური, პოლიტიკური, სამხედრო ინსტიტუციების ზრდის თვალსაზრისით უჭირთ ევროპასთან თანამშრომლობა.

 

ევროკავშირის სივრცის გაზრდის ბევრი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, გაზრდის ევროკავშირი თავის სივრცეს, აუდიტორიას, გავლენებს, მაგრამ ეს პრობლემას შეუქმნის ღირებულებებს, როდესაც ფუნდამენტურ ტექსტს წერდნენ ევროკავშირის დამფუძნებლები, პირველი ფრაზა იყო “ევროკავშირი ეს არის ევროპული ღირებულებები~ და არა ქვანახშირის ლიცენზირებული ამოღება ან ენერგეტიკული ერთიანი ბაზარი, სტანდარტების დაცვა. ეს არის ინსტრუმენტები, რომლებიც მერე შეიძლება ჩვენს სივრცეში მყოფი ადამიანების დასაცავად გამოვიყენოთ.

 

ირაკლი ჩავლეიშვილი, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე: ორ საკითხზე მინდა გავამახვილო ყურადღება, ეს არის ის ფასეულობები, რომლებიც ჩვენ გვაქვს პატრიალქალურად გამჯდარი და რასაც ევროპა გვთავაზობს, უნდა ავირჩიოთ ვიყოთ ევროპის ნაწილი, თუ ჩავკეტოთ საზღვარი და ვიცხოვროთ საბჭოთა კავშირში ან ავტორიტარულ რეჟიმში. ეს არჩევანი აქვს ქართველ ხალხს, ეს ძალით არ გამოვა, არც რომელიმე პარტიის ნება-სურვილით, ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. რეფერენდუმით ეს გადაწყვეტილია, მაგრამ რამდენად მზად ვართ ამისთვის? სწორია ევროპა, როცა ბარიერებს გვიქმნის უკეთ მოსამზადებლად, ევროპაში მოუმზადებელი შესვლა უფრო მეტ პრობლემებს გაგვიჩენს ჩვენ, ვიდრე – ევროპას.

 

ვილაპარაკებ ბათუმზე – ეს იყო ქალაქი, სადაც განსაკუთრებულად იგრძნობოდა ლტოლვა ევროპისკენ, რადგან ბათუმი ზღვისპირა ქალაქია, აქ იგრძნობოდა პირველი ევროპული ქარი. ჩვენს ქალაქში ბევრს ლაპარაკობენ, რომ თურქეთი დაგვიპყრობს, პოლიტიკური და ეკონომიკური ექსპანსია აქვს განზრახული. ბოლო 500 წლის განმავლობაში თურქეთს თავისი პოლიტიკური ზრახვები გააჩნდა ისევე როგორც რუსეთს, მაგრამ ჩვენ არ გავმქრალვართ. შიში იმისა, რომ ჩვენ ვიღაც შეგვჭამს და გავქრებით, უსაფუძლოა. თუ გადავხედავთ ბათუმს, პორტო-ფრანკოს პერიოდში ყალიბდებოდა ევროპული ფასეულობები. სასტუმროები, სათამაშო ბიზნესი, ბორდელები, ნუდისტური პლაჟი, რომლებიც მუსლიმანურ სივრცეში იყო და ამას ქალაქი იღებდა, დიდხანს შემორჩა, საბჭოთა კავშირის პერიოდშიც კი. ბათუმში აკეთებდნენ იმას, რასაც მთელ საბჭოთა კავშირში ვერ ახერხებდნენ. ამიტომ ბათუმი ყოველთვის იყო ევროპული ტიპის ქალაქი.

თამუნა ხოზრევანიძე, ჟურნალისტი: სოციალური კვლევის მიხედვით, ბათუმში შემთხვევითობის პრინციპით გამოკითხული 40 ადამიანიდან 34 იყო ევროკავშირის მომხრე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: