სიახლეები

როგორ ნიშნავენ მოსამართლეებს

20.06.2015 • 4061
როგორ ნიშნავენ მოსამართლეებს

2012 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, იური ტყეშელაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა და ჰყავს შვილი ირინე ტყეშელაშვილი. იუსტიციის სკოლის ერთ-ერთ მსმენელად საბჭომ სწორედ ირინე ჩარიცხა. ამ გადაწყვეტილებას ხმა მისცა საბჭოს წევრმა კახა სოფრომაძემ. „ირინე ტყეშელაშვილი მაგისტრი მოსამართლეა თბილისის საქალაქო სასამართლოში, ფაქტობრივად, ის ასრულებს მოსამართლის დონის მოვალეობას. მას მეც მივეცი ხმა, როგორც კარგ იურისტს, როგორც პროფესიონალს და არა როგორც ბატონი იურის შვილს“, – ამბობს „ბათუმელებთან“ – კახა სოფრომაძე, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2013 წლის 14 ივნისს [#750 დადგენილებით] აირჩია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად.

გასულ თვეში იუსტიციის სკოლაში ჩაირიცხა ნათია შიოშვილი, რომელიც ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლის მეუღლეა. „ის პროფესიონალია, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ მუშაობდა. ხელფასის გამო მას არც უნდა უღირდეს სასამართლოში წამოსვლა, იმხელა ანაზღაურება აქვს“, – განმარტა სოფრომაძემ.

„კონკურენციას მას ბევრი ვერ გაუწევდა“, – ასე აფასებს კახა სოფრომაძე სკოლის კიდევ ერთ მსმენელს, ქეთევან კობახიძეს. „იუსტიციის სახლის“ იურიდიული სამსახურის უფროსის პოზიციას ქეთევან კობახიძე 2013 წლის იანვრიდან იკავებდა. იუსტიციის სახლში მოსვლამდე იგი თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი იყო კერძო სამართლის მიმართულებით, მანამდე კი 2010 წელს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული განვითარებისა და იურიდიულ საკითხთა დეპარტამენტის უფროსი; 2008-2009 წლებში – საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსულტანტი, კიდევ უფრო ადრე კი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის საჯარო სამართლის სექტორის უფროსი.

მოსამართლეობა სურს და სკოლაში უკვე ჩაირიცხა თამარ კაპანაძე. 2011 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მას საქართველოს საგარეო საქმეთა სა მინისტროში, მინისტრის სამდივნოს უფროსის თანამდებობა ეკავა. „ეს არის საკმაოდ მაღალანაზღაურებადი ადვოკატი. მე გამიკვირდა კიდეც, რომ ქალბატონმა თამარმა სკოლაში ჩარიცხვა გადაწყვიტა“, – უთხრა „ბათუმელებს“ საბჭოს წევრმა კახა სოფრომაძემ. სკოლის კიდევ ერთი მსმენელი გახდა ივანე აღნიაშვილი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ილონა თოდუას თანაშემწედ მუშაობს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ბიოგრაფიის თანახმად, იუსტიციის სკოლის მსმენელი გახდა 42 წლის იოსებ აბრამიძეც. ის 1998-2002 წლებში მუშაობდა საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატში სპეციალისტის, უფროსი სპეციალისტის და შემდეგ წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე.

2002-2003 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ანალიზისა და დაგეგმვის სამმართველოს მრჩევლად, შემდეგ – მინისტრის აპარატში თანაშემწედ. 2004 წლის 21 მაისიდან მუშაობდა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის 2007 წლის ბრძანებით დაინიშნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კონსულტანტად. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის 2010 წლის 1 დეკემბრის ბრძანებით აბრამიძე დაინიშნა სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტის ადმინისტრაციულ სამართლის საქმეებზე დისციპლინური სამართალწარმოების სამმართველოს უფროსად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს აპარატის, სტრუქტურასა და საშტატო ნუსხაში მითითებულია, რომ იუსტიციის უმაღლესი სკოლის კიდევ ერთი მსმენელი ლეილა გოგიშვილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს აპარატაში მუშაობდა.

32 წლის ნათია გუდაძე ამავე სკოლის მსმენელი კი, 2006 წლის 12 ივნისიდან 2010 წლის 23 მარტამდე მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის ბიუროში სხდომის მდივნად. 2010 წლიდან 2011 წლამდე მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანაშემწედ. 2012 წლის 15 მაისიდან – ამავე წლის 26 ნოემბრამდე მუშაობდა შპს „გაბ ჯგუფის“ იურისტად. 2011 წელს გაიარა ტრენინგი საბანკო საქმეში. 2012 წლის 5 მაისს ჩააბარა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით. ჩაბარებულლი აქვს პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა და ადვოკატთა ტესტირება. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს [2012 წელს] ბრძანებით დაინიშნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტის სისხლის სამართლის საქმეებზე დისციპლინური სამართალწარმოების სამმართველოს კონსულტანტის თანამდებობაზე.

ბათუმელი მინდია ალელიშვილი, რომელსაც წლების წინ აქვს მოსამართლის გამოცდები ჩაბარებული (საადვოკატო საქმიანობის მრავალწიანი გამოცდილებით), უკვე წლებია ცდილობს ამ სკოლაში ჩარიცხვას, თუმცა მსმენელად ის არც წელს აირჩიეს. „მინდია ალელიშვილს ვიცნობ, მისი პროფესიონალიზმიც ვიცი. დადებითად ვაფასებ, მაგრამ მას, სამწუხაროდ, ჩემი ხმა არ ეყო. მე ნამდვილად არ შემიძლია სხვა წევრების მაგივრად რაიმეს თქმა, მაგრამ ეს არის კენჭისყრა – საბჭოს ყველა წევრი ინდივიდუალურად იღებს გადაწყვეტილებას. ჩემი სურვილია, რომ გაცილებით ფართო სპექტრი შევიდეს სკოლაში და შემდგომ გახდნენ მოსამართლეები. ჩემი აზრით, დიდი გამოცდილებისა და სტაჟის მქონე, დამსახურებული ადვოკატები და პროკურორები სკოლის გარეშეც უნდა დაინიშნონ მოსამართლეებად. მაგალითად, მინდია ალელიშვილმა, რომელიც ბათუმში ცხოვრობს, ჰყავს ოჯახი, ამ სკოლაში უნდა იაროს 6-8 თვე თბილისში, ეს ძალიან რთულია“, – ამბობს კახა სოფრომაძე.

კითხვაზე, რა ტენდენციაზე მიუთითებს ის, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე მოსამართლეებად ძირითადად ძალოვანი უწყებიდა ინიშნებოდნენ, არჩევნების შემდეგ კი მოსამართლეებად ძირითადად თანაშემწეები, მდივნები ან სასამართლოში მომუშავე ადამიანები ინიშნებიან, კახა სოფრომაძე პასუხობს: „რაც შეეხება დანიშვნის წესს, მე ხმას ვაძლევ ადამიანის პროფესიონალიზმს, ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ის ადვოკატი იქნება თუ თანაშემწე, ჩემთვის მთავარია, იყოს პროფესიონალი. ადამიანებს, ვინც სკოლაში ჩაირიცხნენ, პროფესიონალიზმს ვერ დავუწუნებთ“.

საქართველოს პარლამენტის წევრი, იურისტი შალვა შავგულიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მისთვის უცნობია იუსტიციის სკოლაში მსმენელის მიღების დროს რას ენიჭება პრიორიტეტი: „სასამართლოს სისტემაში დასაქმებულ პირებს რომ მიენიჭოთ, მაგალითად, უპირატესობა სკოლაში ჩარიცხვის დროს, არ მიმაჩნია გამართლებულად. მოსამართლის თანაშემწეობა ან სასამართლოში სხვა მოხელედ მუშაობა არ იძლევა იმ უნარების შესახებ წარმოდგენას, რაც აუცილებლად უნდა გააჩნდეს მოსამართლეს – დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების სურვილი და უნარი. მოსამართლის თანაშემწე ან სასამართლო სისტემაში დასაქმებული ადამიანის გამოცდილება, ჩემი აზრით, დამოუკიდებელი გადაწყვეტილების უნარზე არ მიუთითებს. ჩვენ გვქონდა წლები, როცა თანაშემწეები ინიშნებოდნენ მოსამართლეებად; სასამართლო კორპუსი მოქცეული იყო პოლიტიკური ხელისუფლების გავლენის ქვეშ. თანაშემწეებით შევსებულმა კადრებმა სასამართლო კორპუსი მიიყვანა უნდობლობამდე. მე არ გამოვრიცხავ, რომ მოსამართლეების თანაშემწეები ან სასამართლოში მომუშავე პირები იყვნენ კანონისმიერი გადაწყვეტილების მიმღებნი. მე არ ვაკნინებ ამ თანამდებობაზე მომუშავე ადამიანების შესაძლებლობას, მაგრამ ის, რომ სასამართლოში დასაქმებული მუშაკები უფრო არიან მზად მოსამართლის ძირითადი ფუნქციის განხორციელებისთვის, ეს ასე ნამდვილად არ არის. ეს დაადასტურა განვლილი წლების პრაქტიკამ, თანაშემწეები იყვნენ მორჩილები. ხელისუფლების ნება უნდა იყოს ის, რომ მიიღოს დამოუკიდებელი სასამართლო კორპუსი“.

უსტიციის უმაღლეს საბჭოს 16 წევრი ჰყავს, აქედან ერთს საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს, ხუთს – პარლამენტი ამტკიცებს, ხოლო 9 წევრი მოქმედი მოსამართლეა, რომლებსაც მოსამართლეთა კონფერენცია ირჩევს. ეს საბჭო მოსამართლეს ნიშნავს თანამდებობაზე, უშვებს რეზერვში, განიხილავს მის წინააღმდეგ შეტანილ საჩივრებს. საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე უზრდიან ან აკლებენ ხელფასს, ანუ იღებენ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რაც მოსამართლეს ეხება.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ურისტმა ანა ბერძენიშვილმა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იურისტ-კონსულტანტად ხუთი წელი იმუშავა. ის მოსამართლეთა კონკურსის წესით დანიშვნის პროცესში გამოვლენილ ძირითად ხარვეზებს ასახელებს: მოსამართლეების დანიშვნისა და სკოლაში ჩარიცხვის წესი ნათლად უნდა იყოს წარმოდგენილი. თითოეულ კანდიდატს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, წინასწარ იცოდეს კრიტერიუმი, რითაც შეაფასებს საბჭო. ასევე გამჭირვალე კრიტერიუმებით უნდა ფასდებოდნენ კანდიდატები, მათ შორის ისინიც, რომლებიც ირიცხებიან იუსტიციის უმაღლეს სკოლაში და ასევე ინიშნებიან მოსამართლეებად, რათა კითხვითი ნიშნები არ გაჩნდეს იგივე საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვფიქრობთ, ადამიანს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, რატომ ეთქვა უარი მოსამართლედ დანიშვნაზე“.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები არ არიან ვალდებულები, დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილება, რატომ დაუჭირეს ამა თუ იმ კანდიდატს მხარი, ან რატომ უთხრეს უარი. სკოლაში ჩარიცხვა არ ნიშნავს მოსამართლედ გამწესებას, თუმცა მოსამართლეებად მხოლოდ ამ სკოლის კურსდამთავრებულები ინიშნებიან.



გადაბეჭდვის წესი


ასევე: