სიახლეები

თხილნარის მოსახლეობა სამარშრუტო ტაქსებისთვის მიმართულების შეცვლას აპროტესტებს

19.06.2015 • 1387
თხილნარის მოსახლეობა სამარშრუტო ტაქსებისთვის მიმართულების შეცვლას აპროტესტებს

ახალი რეგულაციით #119 სამარშრუტო ტაქსს ეკრძალება ჭავჭავაძის ქუჩაზე გადაადგილება. როგორც თხილნარის მოსახლეობა აცხადებს, #39 ნომრის გარდა ხელვაჩაურის გზაზე მოძრავი ყველა სამარშრუტო ტაქსი ფარეხის, ბაგრატიონის, პუშკინის, შაუმიანისა და წერეთლის ქუჩების მიმართულებით გადაადგილდება. მოსახლეობის თქმით, ბაზარში, უნივერსიტეტში ან სამსახურში მისასვლელად მათ სამარშრუტო ტაქსის რამდენჯერმე გამოცვლა მოუწევთ, რაც მათ ხარჯებს კიდევ უფრო გაზრდის:

“რატომ არ შეიძლება ჩვენმა მარშრუტკამ იაროს ჭავჭავაძეზე? #39 ხომ აძლევენ უფლებას, #119 რატომ უკრძალავენ? მთელი თხილნარის მოსახლეობას გვიქმნიან პრობლემებს, ისედაც უჭირს მოსახლეობას, ახლა კიდევ ბაზართან მისვლამდე რამდენი ტრანსპორტი გამოვიცვალოთ, ბაზარში რაღაცას ჩაიტან, ჩააბარებ სულ ხუთი ლარის თუ იქნება, რაღა გამოვა თუ 4 ლარს გზაში დახარჯავ. სტუდენტები გვყავს, იმდენჯერ მოუწევთ გადაჯდომა, რომ ვეღარ მივლენ დროულად უნივერსიტეტში. ჩვენ არ გვაწყობს ეს მარშრუტი” –ამბობს  თხილნარში მცხოვრები ნათელა აშბა.

თხილნარის მოსახლეობა აღნიშნულ ცვლილებას უკვე რამდენიმე დღეა აპროტესტებს. როგორც თამარ დიასამიძე ამბობს, მათ საპროტესტო აქციის გამართვაში ხელს პატრული უშლის: “ქუჩაში გვეკითხებოდნენ სად მივდიოდით, აქ უფრო მეტი ადამიანი უნდა ყოფილიყო, ბევრ სოფელს აწუხებს ეს პრობლემა, მაგრამ პატრულმა არ შემოუშვა მთავრობის სახლთან. ჩვენ ხაბაძესთან ვითხოვთ შეხვედრას, სხვები არ გვისმენენ.” 

მოსახლეობის თქმით, თხილნარის ოთხი მცხოვრები შევიდა მთავრობის სახლში მთავრობასთან მოსალაპარაკებლად. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: