სიახლეები

აჭარის ტელევიზიის დირექტორი: „ჩემი გადაწყვეტილებით ჩაიხსნა სიუჟეტი“

17.06.2015 • 1216
აჭარის ტელევიზიის დირექტორი: „ჩემი გადაწყვეტილებით ჩაიხსნა სიუჟეტი“

 

სოსო სტურუა
სოსო სტურუა

ბატონო სოსო, ჩვენი ინფორმაციით, სიუჟეტის ვებგვერდიდან ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიგიღიათ თქვენადასტურებთ ამ ინფორმაციას?

 კი,  რა თქმა უნდა.

რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?

დამირეკეს თბილისში მცხოვრებმა ბათუმელებმა და მითხრეს, რომ მოსახლეობის კონსოლიდაციის ფონზე, აჭარაში მომხდარი აქტივობა და აჭარის ტელევიზიის მიერ გაშუქებული სიუჟეტი აღიქმება ჩვენს პოზიციადო. თუ საშუალება იქნება, ვებგვერდზე ნუ დაიდებაო. მე, რა თქმა უნდა, თავიდან წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ შემდეგ დამისაბუთეს რომ ისეთი პროცესები მიდის თბილისში – ყველა გაერთიანდა, სხვანაირად აღიქვამს ხალხი და ბათუმელებს სხვანაირად შეგვხედავენო.

 

მოსახლეობის პოზიცია გასაგებია, მაგრამ თქვენ ხართ მედიასაშუალება, რომელიც ვალდებულია მომხდარი ფაქტი მიაწოდოს საზოგადოებას და ამას როგორ ახსნით?

 ჩვენ მივაწოდეთ გუშინ მომხდარი ფაქტი, დღესაც მივაწოდებთ, რაც ხდება და, ბუნებრივია, გავაშუქებთ ყველაფერს, რაც აჭარაში ხდება.

 

ვებგვერდიდან აღებას რა აზრი ჰქონდა, საზოგადოებამ მაინც ხომ მიიღო ინფორმაცია სოციალური ქსელიდან?

გავითვალისწინე ბათუმელების აზრი და რა თქმა უნდა, მე არ ვიცოდი, რომ ეს იქნებოდა მათთვის ხელშემშლელი და ჩვენი ეთერით გასული სიუჟეტი აღიქმებოდა ბათუმელების პოზიციად.

 

 იგივე ფაქტი ხომ არ არის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა თქვენი მხრიდან?

სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევად იმიტომ არ აღიქმება, რომ ჩვენ ვართ საზოგადოებრივი მაუწყებელი და თუკი უბედური შემთხვევის ირგვლივ გაერთიანდა მთელი მოსახლეობა, ამას ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ. ეს სიუჟეტი კი მოსახლეობის ნაწილმა ჩათვალა ხელშემშლელად და მეც შევუწყე მოსახლეობას ხელი. როცა დაინტერესება გამოიწვია სიუჟეტის ჩახსნის ფაქტმა, ბუნებრივია, სიუჟეტი იმ წუთშივე აღვადგინეთ. ახლა დევს სიუჟეტი ვებზე.

 

აჭარის მთავრობიდან იყო მსგავსი თხოვნა, რომ სიუჟეტი აღებულიყო?

არა, ასეთი პრაქტიკა აჭარის მთავრობასთან ჩვენ კარგა ხანია აღარ გვაქვს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: