სიახლეები

16 წლის შემდეგ ბათუმის დინამო უეფას თასზე ითამაშებს

25.05.2015 • 2045
16 წლის შემდეგ ბათუმის დინამო უეფას თასზე ითამაშებს

 

შოთა ჭეიშვილი
შოთა ჭეიშვილი

ბატონო შოთა, ბოლო 16 წლის განმავლობაში ბათუმის “დინამო” ძირითადად უმაღლეს ლიგაში დარჩენისთვის იბრძოდა. წელს გუნდმა, ყველასთვის მოულოდნელად, უეფას თასზე მონაწილეობის უფლება მოიპოვა. მიაღწიეთ წარმატებას, რომელიც სპორტში, ერთი შეხედვით, არაკანონზომიერად მიიჩნევა. ეს როგორ მოახერხეთ? 

 

 სხვათა შორის, ეს შედეგი ჩვენთვისაც მოულოდნელი იყო. სამწუხაროდ, ბოლო წლები ნამდვილად არ იყო ბათუმის `დინამოსთვის~ საუკეთესო, მაგრამ წელს ჩვენ – მწვრთნელებმა, ნორმალურად ვიშრომეთ, გვეხმარებოდნენ ხელმძღვანელებიც: ოთარ ფედიჩკინი, ჩვენი ქალაქის მერია, საკრებულო, ბატონი არჩილ ხაბაძე – ყველა გვერდში გვედგა.

 

რა თქმა უნდა, როცა პირველი ლიგიდან გადმოდიხარ, უცებ ასეთი წარმატების მიღწევა ცოტა რთულია. ამ შედეგში ყველა ჩემი კოლეგის წვლილი არის განუსაზღვრელი, ვინც გვერდით მედგა და მაგრად იშრომა: ასლან ბალაძე, იური მამინაიშვილი, ლევან ხომერიკი და განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ჩვენი ფიზმომზადების მწვრთნელი –  კახა ვაჩეიშვილი, ანუ თავისი სპეციალობის „მეფე“, როგორც მას ზედმეტსახელად ეძახიან. დიდი მადლობა მათ შრომისა და თანადგომისთვის. რასაკვირველია ბიჭებმაც მაგრად იმუშავეს, რაც მათ შევთავაზეთ, უპრეტენზიოდ მიიღეს და ამან გამოიწვია ალბათ შედეგიც.

 

 წელს ბათუმის „დინამოს“ მეტ-ნაკლებად გაუჩნდა ფინანსებიც. ამან რა გავლენა იქონია წარმატებაზე?

 

 როგორც წესი, ფინანსებთან დაკავშირებით ფეხბურთელები და ხელმძღვანელობა ყოველთვის პრეტენზიებს გამოთქვამენ, მაგრამ ჩვენ არ გვქონია წელს ეს პრობლემა. თანადგომას რომ ვიძახი ხელმძღვანელობის მხრიდან, სწორედ ამას ვგულისხმობ. დაბრკოლება ამ მხრივ არ გვქონია და მე მგონი, ამანაც დიდი გავლენა იქონია.

 

სეზონის დასაწყისში გუნდი გადახალისდა. ლეგიონერების დამსახურება ხომ არ არის ეს წარმატება?

 

სხვათა შორის, დიდი ცვილილებები არ გვქონია. გუნდში ძირითადი ღერძი იყვნენ ის ბიჭები, ვინც პირველ ლიგაში თამაშობდა. ორი-სამი ფეხბურთელი კი მოვიწვიეთ, მაგრამ მაგათაც გაამართლეს. ზოგადად, ჩვენ წერტილოვანი შერჩევა გვქონდა.

 

ბათუმის „დინამო“ უკვე წლებია სტადიონის გარეშე თამაშობს…

 

დიახ, არც სტადიონი გვაქვს, არც ბაზა და შეიძლება შედეგმა, რასაც ჩვენ მივაღწიეთ, დააჩქაროს პროცესები, რაც სტადიონის აშენებას უკავშირდება, ასევე ბაზის მშენებლობაც. ორ-სამ წელიწადში ყველაფერი უნდა გვქონდეს. 

ქობულეთი მეზობელი კია, მეგობარი კია, მაგრამ ყველა თამაში მაინც გასვლითი გამოგვდიოდა – ქობულეთის სტადიონზე ვთამაშობდით, ანუ ყველა თამაში სტუმრად ჩავატარეთ. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან არასასურველია გუნდისთვის.

 

ამ წარმატების შემდეგ ფეხბურთის ფედერაცია თუ დაგიკავშირდათ და რამე დეტალებზე თუ ისაუბრა გუნდის ხელმძღვანელობასთან?

 

ფეხბურთის ფედერაცია ამ საკითხს არ წყვეტს. ეს უნდა გადაწყვიტონ ადგილობრივმა მესვეურებმა. ფედერაციას რა შეუძლია, აქვს სურვილი, რომ გვქონდეს საწვრთნელი ბაზა. 

 

 თქვენი აზრით, „დინამოს“ ეს წარმატება შეუწყობს ხელს სპორტის ამ სახეობით ბათუმელი ბავშვების დაინტერესებას?

 

რასაკვირველია, ეს შედეგი დააჩქარებს სტადიონის, ბაზის მშენებლობას და ალბათ ბავშვებიც უფრო მეტად შეიყვარებენ ფეხბურთს.

 

უეფას აქვს გარკვეული სტანდარტები სტადიონთან მიმართებაში. ბათუმის „დინამო“ ამ პრობლემას რას მოუხერხებს?

 

 ჩვენ ხელშეკრულება გვაქვს დადებული თბილისის „დინამოს“ სტადიონთან და უეფაზე თამაში გვექნება თბილისში. გულშემატკივრის გარეშე თამაში, რა თქმა უნდა, ძალიან არასასიამოვნოა, მაგრამ ამჯერად ასე გამოვიდა. ზოგადად კი, უეფას წინასწარ უნდა გაუგზავნო ინფორმაცია თუ სად ითამაშებ, რომელ სტადიონზე და რამდენად შეესაბამება ეს სტადიონი უეფას სტანდარტებს. თბილისის “დინამოს“ სტადიონი ყველა ამ სტანდარტს აკმაყოფილებს, შესაბამისად, ჯარიმები თუ სანქციები ჩვენ არ გვემუქრება. ცხადია იციან, რომ არ გვაქვს სტადიონი, მაგრამ, როგორც გითხარით, ისიც იციან, თუ სად ვითამაშებთ.

 

 ახალ სეზონზე შემადგენლობის გადახალისება თუ იგეგმება?

 

გუნდს აუცილებლად გადავახალისებთ, რამდენიმე კაცს მოვიწვევთ, გააჩნია რა ადგილზე გვჭირდება ფეხბურთელი. უკვე ვიცით, ვის მოვიწვევთ… ისე, ბევრ ფეხბურთელს უნდა ბათუმის „დინამოში“ თამაში. 

 

 ბიუჯეტზე მინდა გკითხოთ, რამდენი იყო თქვენი ბიუჯეტი და იყო თუ არა ეს საკმარისი?

 

მე ბიუჯეტისგან ძალიან შორს ვარ და არც მიყვარს მაგ თემაზე საუბარი… როგორც ვიცი, ბიუჯეტი იყო 1 მილიონ 300 ათასი ლარი. მაგრამ ეს მხოლოდ ბათუმის „დინამოს“ არ ხმარდებოდა – თანხა იხარჯებოდა ბათუმის „დინამოს“ ბავშვთა სკოლაზეც – დუბლი გვყავს და ოთხი ბავშვთა გუნდი. შეიძლება ამ გამარჯვების შემდეგ მთავრობამ გაგვიზარდოს ბიუჯეტი. ამ საკითხზე ჯობია გუნდის პრეზიდენტმა ისაუბროს. 

 

 თქვენმა კონკურენტებმა რითი გაჯობეს?

 

პრინციპში მარტო „დილამ“ გვაჯობა და ღირსეულად გახდა ქვეყნის ჩემპიონი, ჩვენ მეორე ადგილზე გავედით. დინამო „თბილისს“ ვაჯობეთ – მესამე ადგილზეა. „დინამომ“ დათმო, მაგრამ მგონია, რომ ეს დროებითი ჩავარდნაა და მომავალ წელს უკეთესად გამოვა.


გადაბეჭდვის წესი


ასევე: