სიახლეები

ხულოს საკრებულოს თავმჯდომარე: არ მახსოვს რამდენი მაქვს ხელფასი

21.04.2015 • 1424
ხულოს საკრებულოს თავმჯდომარე:  არ მახსოვს რამდენი მაქვს ხელფასი

 

 

ჯამბულ ხოზრევანიძე

 

 

ბატონო ჯამბულ, სააღდგომოდ ყველა საკრებულოში გაიცა პრემიები და თქვენ რამდენი აიღეთ?

 

საერთოდ, ამ თემით მანიპულირება არ არის კარგი. რაც ეკუთვნის და რაც არის კანონით განსაზღვრული, ისე მოიქცა ხულოს მუნიციალიტეტი. როგორ გინდათ, დავუბრუნდეთ შევარდნაძის ეპოქას, როცა ხელფასებს საერთოდ არ ვაძლევდით.


ჩვენ არ გვითქვამს რომ არ გეკუთვნოდათ, გკითხეთ რა თანხა გაეცით პრემიის სახით. 

შვიდი თვე გავიდა და ერთხელ არ მოგიკითხიათ ხულოს მუნიციპალიტეტში რამდენი საინტერესო პროექტი განხორციელდა.


თქვენ არ კითხულობთ „ბათუმელებს“? – ჩვენ ვაშუქებთ მუნიციპალიტეტების ამბებს.

ვკითხულობ, მაგრამ  რომელი პროექტი გააშუქეთ, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ?


თქვენ რომელი პროექტი მიგაჩნიათ ყველაზე საინტერესოდ?

ჩვენ, როდესაც დავიწყეთ და ვაკეთებთ გასვლით სხდომებს, რაც საქართველოს ისტორიაში პირველია, კონკრეტულ თემებში, საკრებულოებში გავდივართ და მოსახლეობას ვეკითხებით და ვისმენთ მათ პრობლემებს…


ეს ისედაც ხომ გევალებათ, როგორც საკრებულოს წევრებს?

შეგიძლიათ დააფიქსიროთ, რომ ყველაფერი, რაც ხდება არის კანონით, გეგმით გათვალისწინებული. აბსოლუტურად ყველა დეპუტატი მიიღებს პრემიას იმიტომ, რომ ამას იმსახურებენ.


დავაზუსტოთ, პრემია გაიცა ხელფასის ოდენობით, თუ ნაკლები იყო?

არ მახსოვს.


თქვენი ხელფასი  ხომ გახსოვთ რამდენია. პრემიაც იმდენივე აიღეთ?

არ მახსოვს და რა გითხრათ. საერთოდ, ეს თემა არ არის ის თემა, რომელიც საინტერესოა ჩემთვის ან მოსახლეობისთვის.  


შეგიძლიათ მოგვიანებით დაგვიზუსტოთ თქვენი ხელფასის ოდენობა?

2 050 ლარია თუ არ ვცდები. პრემია არ მახსოვს. იმით რატომ არ დაინტერესდით, პირველი კვარტლის პრემია რომ არ ავიღეთ.


პირველი კვარტალი ახლა ხომ დასრულდა, რომელ პრემიაზე საუბრობთ?

კანონი განსაზღვრავს წელიწადში ოთხ პრემიას. ის, რაც სააღდგომოდ ავიღეთ არ იყო კვარტალური პრემია, სააღდგომო  პრემია სხვაა.  

 

ანუ, კვარტალურიც უნდა აგეღოთ და სააღდგომოც?

 

მარტო რომ ნეგატივს წერთ, იმისთვის რომ ეკონომიკა გამოსწორებულიყო და მეტი ფული წასულიყო ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებში, ჩვენ შვიდის მაგივრად ბიუჯეტში მივიღეთ ოთხი პრემია.  მთა რომ არ დაიცალოს, უნდა წაახალისო ახალგაზრდები, მეტი მხარდაჭერა უნდა ჰქონდეთ. ჩემი თანამშრომლები ხუთას ლარს იღებენ და ეს არ არის ის ხელფასი, რომ მან არ აიღოს პრემია. სპეციალისტებსაც და სამმართველოს უფროსებსაც ორჯერ მეტი უნჯდა ჰქონდეთ, უბრალოდ, საშუალება არ არის მეტი.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: