Batumelebi | ფეხბურთისთვის დაბადებული ფეხბურთისთვის დაბადებული – Batumelebi
RU | GE  

ფეხბურთისთვის დაბადებული

 

ჩემს ბავშვობაში ქედაში ყველა ფეხბურთით ვცხოვრობდით. ვთამაშობდით ყველგან – უბანში, ნაასფალტარზე, სკოლის ეზოსა თუ სოფლად, მდინარის სანაპიროზე. მაგრამ ჩვენი თვალით დანახული დიდი თამაშები ყოველთვის ქედის მთავარ სტადიონზე იმართებოდა. ვის არ ნახავდით მთავარ სტადიონზე: დიდები და პატარები; ფეხბურთით დაინტერესებულები და სეირის მომლოდინეები; შემთხვევით მოხვედრილები და ნაყინის გამყიდველები. ერთი სიტყვით, როცა ქედის მთავარ სტადიონზე ფეხბურთში რაიონული ჩემპიონატის დრო დგებოდა, ირგვლივ ყველაფერი აზრს კარგავდა. 

 

არჩილ ფარტენაძე
არჩილ ფარტენაძე

სულ სხვა განზომილებად ითვლებოდა სკოლა. სკოლის დროს, გაკვეთილებს შორის შესვენებისას, ხშირად ვსაუბრობდით ფეხბურთზე. ქედამდე იშვიათად აღწევდა სპორტული პრესა და თუ ვინმეს ევროპული ან სამხრეთ ამერიკული ფეხბურთის სიახლეების შესახებ ჰქონდა ინფორმაცია, ნამდვილი მისწრება იყო. სკოლის შემდეგ ჩემი თანატოლების დიდი ნაწილი ფეხბურთის წრეზე დავდიოდით. შაბათი-კვირა კი სულაც ერთმანეთის გამოწვევაში ვიყავით. საფეხბურთო ურთიერთგამოწვევის დროს რომელიმე ჩვენგანის მხრიდან სიტყვები: „არ მცალია“, „სოფელში მივდივარ“, „ავად ვარ“, „გადავდოთ თამაში“ და ა.შ. დიდ სირცხვილად მიიჩნეოდა. მარტო დაბაში რამდენი გუნდი გვყავდა: ეკნარელების, აკავრეთელების, ტაკიძეების, ზენდიდელების და რომელი ერთი კიდევ.

 

თუმცა, იყო ერთი ბიჭი – არჩილ ფარტენაძე, რომელიც ყველა იმ ამბის უშუალო მონაწილე იყო, რაც ამ წერილის კითხვისას გაიგეთ უკვე. ის ფეხბურთით ცხოვრობდა. ცხოვრობდა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. თამაშისას ჩვენ რომ დავიღლებოდით და მინდორზე წამოვწვებოდით, ის ბოლომდე თამაშობდა. ჩვენ რომ ვარჯიშის გაცდენის მიზეზად ხან ამინდს, ხანაც საშინაო დავალებას მოვიმიზეზებდით, ის ყოველთვის სტადიონზე იყო.

 

ყველა, ვინც ჩემი ბავშობის დროს, შავ-თეთრ 90-იანებში ბურთს ვაგორებდით, ვიცოდით, რომ თუკი ვინმე ჩვენ შორის ფეხბურთს ითამაშებდა, ეს აუცილებლად არჩილი იქნებოდა. მაშინ როცა მეათე-მეთერთმეტე კლასებიდან ჩვენი თაობის დიდი ნაწილი ფეხბურთს ჩამოშორდა და მეზღავაურის, ფინანსისტის, იურისტის თუ სხვა პროფესიის გზას დაადგა, ჩვენ შემდეგ, ჩვენს თაობაში მოდიოდა ბიჭი, რომელიც არაფრის დიდებით ფეხბურთს სხვა რამეზე არ გაცვლიდა. ასეც მოხდა, ის ბოლომდე ემსახურა ფეხბურთს. ფეხბურთს, რომელიც იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ სპორტი და იმაზე მეტი ძალა აქვს, ვიდრე ეს ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ.

 

რომ არა ბნელი 90-იანები, არჩილი კიდევ უფრო დიდ ფეხბურთს ითამაშებდა. ვიცი, რამხელა შრომა გასწია, როგორც მწვრთნელმა და ფეხბურთელმა იმისთვის, რომ ქედელებს ისევ ჰყოლოდათ საფეხბურთო გუნდი „ბეთლემი“. იმისთვის, რომ ბავშვები ისევ ჩაძირულიყვნენ ფეხბურთის სიყვარულში და კვირიდან კვირამდე ქედის მთავარ სტადიონზე დანიშნული თამაშის მოლოდინით ეცხოვრათ.

 

წელს, აპრილის ოთხში, მაშინ როცა „ბეთლემს“ მორიგი ვარჯიში ჰქონდა, „ბეთლემის“ 29 წლის კაპიტან არჩილ ფარტენაძეს გულმა უმტყუნა. იმ გულმა, რომლითაც თამაშობდა და ცხოვრობდა ფეხბურთში.

 

ვწუხვარ, რომ ვერ შევძელი მისთვის პატივი მიმეგო და იმ ადამიანებთან ერთად ვყოფილიყავი, ვინც ამ ქვეყნიდან გააცილა. ვისურვებდი, რომ იქ, ქედაში, სადაც ჩემი მთელი ბავშვობა გავატარე და ფეხბურთის თამაშში დღეები და ღამეები გვქონდა არეული, კიდევ ბევრი კარგი ფეხბურთელი გაიზარდოს.

 

ახლა, სადღაც გულის სიღრმეში, მხოლოდ ის მამშვიდებს, რომ სტადიონი, სადაც ჩვენ წინ, ჩვენთან ერთად ფეხბურთზე უგონოდ შეყვარებული ბიჭი თამაშობდა და ჩვენგან განსხვავებით სიცოცხლის ბოლო წამამდე ფეხბურთში დარჩა, მის სახელს ატარებს უკვე.

 

მინდა ვუთხრა არჩილის მშობლებს, რომ არჩილი ყველაზე მაგარი ფეხბურთელი იყო, ვისაც პირადად ვიცნობდი, ვინც გულით თამაშობდა ფეხბურთს და ყველაფერი, მათ შორის ყველაზე ძვირფასი, სიცოცხლე ფეხბურთს მისცა.

ის ფეხბურთისთვის იყო დაბადებული.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
სულხან სალაძე