მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერია მიტოვებულ შენობებს დაასუფთავებს

21.11.2017 • 1815
ბათუმის მერია მიტოვებულ შენობებს დაასუფთავებს

ბათუმის მერმა მიტოვებული შენობების მოვლა-დასუფთავების მიზნით საკრებულოს ახალი რეგულაციის დადგენისთვის მიმართა. ამის შესახებ დღეს საკრებულოს ბიუროს სხდომაზე მერიის აპარატის უფროსმა ნუკრი დეკანაძემ ისაუბრა:

„მერის ინიციატივით განხორციელდება ტერიტორიების მონიტორინგი და შესაბამის სამსახურებს დაევალათ, რომ მოაწესრიგონ ეს ტერიტორიები, რაც გულისხმობს როგორც დასუფთავებას ისე ბალახის გაცელვას და სხვა სამუშაოების წარმოებას. იქედან გამომდინარე, რომ ეს ტერიტორიები არის კერძო საკუთრებაში, კანონმდებლობა შესაბამისი რეგულაციის გარეშე არ იძლევა საშუალებას ამ მიმართულებით სახსრების გამოყოფას. ამიტომ ამ განკარგულების მიხედვით დაევალება მერიას და ასევე, მიეცემა უფლება, რომ განახორციელოს ისეთი ტერიტორიების დასუფთავება, რაც ხელს შეუწყობს როგორც ქალაქის ისერსახის გაუმჯობესებას, ისე ტერიტორიის დაცვას“.

პრესსამსახურის ინფორმაციით, მერიას დასასუფთავებელი შენობების მონიტორინგი ჯერ არ დაუსრულებია, შესაბამისად, მერიას არ აქვს ინფორმაცია თუ დაახლოებით რამდენი მიტოვებული შენობაა ქალაქში.

განკარგულების პროექტში ნათქვამია, რომ მოუვლელი მიწის ნაკვეთები და მიტოვებული შენობა-ნაგებობები ქალაქში ქმნის ანტისანიტარიას და საფრთხეს უქმნის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, ასევე ამახინჯებს ბათუმის, როგორც ტურისტული ქალაქის იერსახეს. გარდა ამისა, ეს ობიექტები მოუვლელობისა და უპატრონობის გამო ქცეულია ცხოველების, მღრღნელების, ქვეწარმავლების გავრცელების ადგილად. იმის გამო, რომ ამ ნაკვეთებსა და შენობა-ნაგებობებში შესაძლებელია მესამე პირების მოხვედრა, აღნიშნული ობიექტები ქცეულია მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის და სიცოცხლისათვის რისკის შემცველ ადგილებად.

განკარგულების დამტკიცების შემდეგ მერიის შესაბამის ორგანიზაციებს დაევალებათ ამ ტერიტორიების  დათვალიერება, დასურათება, მესაკუთრის შესახებ ინფორმაციის მოძიება და მოვლა-დასუფთავება.

მერიის ინფორმაციით, მერი ასევე აპირებს სწრაფი რეაგირების ჯგუფის შექმნას, რომელიც ორიენტირებული იქნება ადგილზე გასვლით შეისწავლოს მოსახლეობის მიერ მიწოდებული ინფორმაცია პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით.

 

გადაბეჭდვის წესი