სიახლეები

„სისხლიანი ქრონიკა“ – ფსიქოლოგიური ძალადობა მოზარდებზე

24.03.2015 • 1774
„სისხლიანი ქრონიკა“ – ფსიქოლოგიური ძალადობა მოზარდებზე

 

 

ანა არგანაშვილი

 

 

ანა, ძალადობის ამსახველი ფილმის ჩვენებას დიდი დისკუსია მოჰყვა საზოგადოებაში, ნაწილი ამართლებს იმას, რომ მოზარდებმა მსგავსი ინფორმაცია მიიღონ. რასთან გვაქვს საქმე?

გაეროს ბავშვთა უფლებების მე-17 მუხლის თანახმად, ბავშვს შეუძლია მიიღოს ყველა სახის ინფორმაცია, გარდა დამაზიანებელი ინფორმაციისა, რომლის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს ძალადობის შემცველი ინფორმაცია. ბავშვი ნებისმიერი ინფორმაციის მიღების დროს დაცული უნდა იყოს ძალადობისგან – გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის მე-19 მუხლი. ბავშვის ფსიქიკაზე დამაზიანებელი მოქმედების მქონე პროგრამებისა და კადრების გავრცელება ასევე იკრძალება ეროვნული კანონმდებლობით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლით, რაც ცხადს ხდის კანონმდებლის ნებას, რომ ამგვარი ზეგავლენისგან ბავშვი დაცული უნდა იყოს ნებისმიერ გარემოში, იქნება ეს მასმედიით გადაცემული პროგრამა თუ სხვაგან მოწყობილი კინოჩვენება. აბსოლუტურად ყველა ინფორმაცია უნდა იყოს გაანალიზებული, რამდენად შეუძლია ზიანის მოტანა მოზარდის ფსიქიკისთვის. თუ ამგვარი ზიანი შეფასებული და გამორიცხული არ იყო, ძალადობრივი კადრების ჩვენება მოზარდისთვის შეგვიძლია განვიხილოთ მოზარდზე ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმად. მოზარდზე ფსიქოლოგიურმა ძალადობამ შესაძლებელია გამოიწვიოს საკმაოდ მძიმე შედეგები, რაც შეიძლება გამოვლინდეს ახლავე ან რამდენიმე წლის შემდეგ.

 

 არსებობს რაიმე კვლევა, რომლითაც ცალსახად დასტურდება მსგავსი ფილმების უარყოფითი გავლენა მოზარდებზე?
 

რა თქმა უნდა. მსოფლიოში ჩატარებულია კვლევები იმის დასადგენად, თუ რა ზეგავლენა შეიძლება იქონიოს მოზარდზე აგრესიული და ძალადობრივი სცენების შემცველმა კადრებმა.

 

 თქვენ გამოეხმაურეთ სალომე ზურაბიშვილს სოციალურ ქსელში, სადაც ის წერდა, რომ მოსწავლეები სპეციალურად მიჰყავთ აუშვიცისა თუ სხვა საკონცენტრაციო ბანაკების სანახავად და რომ ეს არის ნორმა. თქვენი აზრით, შეიძლება მსგავსი შედარების გაკეთება?
 

ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა ფაქტის შეფასება მოხდეს შესაბამისი პროფესიის ადამიანის მიერ, – როდესაც ვსაუბრობთ იმის შესახებ, თუ ძალადობის შემცველმა კადრებმა რა ზეგავლენა შეიძლება იქონიოს ბავშვზე, მნიშვნელოვანია მოვისმინოთ ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტის აზრი. მეც სწორედ იმ პოზიციიდან ვაფასებ ამ მოვლენას, რომ ვარ პროფესიით ფსიქოლოგი და ბოლო რვა წელია ბავშვთა უფლებების სფეროში ვმუშაობ. ინდივიდუალურად მიმუშავია ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან და ვიცი ძალადობის სამეცნიერო და ბავშვთა უფლებების საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი გამოვლენის ფორმები. რაც შეეხება განსხვავებას, ის აშკარაა: განათლებისა და ისტორიის გაცნობის მიზნით მართლაც არის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ადგილი, სადაც მოზარდი გაეცნობა ამ ინფორმაციას, მაგრამ ეს ადგილი არის წინასწარ საგანმანათლებლო და შემეცნების მიზნებისთვის სწორად დაგეგმილი და ორგანიზებული. ანუ ასეთ ადგილზე მოზარდი ინფორმაციას მიიღებს შესაბამისი ანალიზის ჩარჩოში და ეს ინფორმაცია იქნება გაფილტრული. ხოლო ამ ინფორმაციის ე.წ. უმი ფორმით მიწოდება, გადაუმუშავებლად, შესაბამისი სფეროს ექსპერტების ანალიზის გარეშე, შეიცავს ბავშვების ტრავმირების რისკს.

ახლა შევხედოთ ამ მოვლენას სამართლებრივი კუთხით: ვის აქვს უფლება და კანონის მიერ მინიჭებული ვალდებულება გადაწყვიტოს ნახავს თუ არა ბავშვი რაიმე საფრთხის შემცველ მასალას? – ეს უფლება აქვს ბავშვის მშობელს; თუ ის ვერ ახორციელებს ამ უფლებამოსილებას, სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენელს, კერძოდ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს. ჰკითხა ვინმემ ამ ბავშების მშობელს, რამდენად იქნებოდნენ ისინი თანახმა? მიაწოდა ინფორმაცია, რათა მათ მიეღოთ გაცნობიერებული გადაწყვეტილება შესაძლო რისკების შესახებ? თუ ეს პირობები დაცული არ იყო, შესაბამისად აქ საკითხი სამართლებრივადაც დგება. გარდა ამისა, ბავშვები სიუჟეტში ყვებოდნენ, რომ მათ ფილმის შესახებ სკოლაში შეატყობინეს და უთხრეს, რომ ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება მათი დასწრების შესახებ. როგორ ფიქრობთ, სკოლა არ იზიარებს პასუხისმგებლობას მისი ადმინისტრაციის გადაწყვეტილებაზე? ასევე სიუჟეტებიდან ჩანს, რომ ბავშები მოატყუეს, მინიმუმ დაუმალეს და, შესაბამისად, გააკეთებინეს არაინფორმირებული არჩევანი, რაც ასევე გამორიცხავს ბავშვის არჩევანს და სურვილს დასწრებასთან დაკავშირებით. ერთი სიტყვით, ეს კომპლექსურად შესასწავლი შემთხვევაა და ჩვენი ორგანიზაციის მოლოდინია, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მას ყველა კუთხით შეისწავლის და პასუხისმგებლობის მატარებელ პირებს გამოავლენს.

 

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მოზარდების უფლებები დაირღვა?

 ჩემი შეფასებით, ბავშვის უფლებები დაირღვა, ხოლო შესწავლის შემდეგ დადგინდება, რა ხარისხითაა ის დარღვეული და რა სახის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, მას შემდეგ რაც გაირკვევა, რომელი უწყება ან პირი რა როლს ასრულებდა ამ მოვლენაში.

 

 ცალკეული ხელისუფლება მუდმივად იყენებდა სკოლის რესურსს პოლიტიკური მიზნებისთვის. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ შემთხვევაშიც მოხდა მოსწავლეების მანიპულირება პოლიტიკური მიზნებისთვის?

 ბავშვთა უფლებების კონვენცია საუბრობს ბავშვების ჩართვაზე პოლიტიკურ პროცესებში, რაც სრულიად დაუშვებელია. კონვენციაში წერია, რომ ბავშვი ხშირად ვერ აცნობიერებს და, ბუნებრივია, ინფორმირებულ თანხმობასაც ვერ მისცემს, ამიტომ მათი ხშირად ბოროტად იყენებენ. კონვენციის თანახმად, ეს არის სრულიად მიუღებელი და ბავშვთა უფლებების საწინააღმდეგო აქტი. ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო ბავშვების რაიმე აქტივობაში ჩართვის დროს და თუ ეს არ ემსახურება რაიმე ცოდნას, შემეცნებას ან განათლების მიღებას, მაშინ ეს მხარეც უნდა შეფასდეს, ხომ არ იყო რაიმე პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებული.

 

 როგორ ფიქრობთ, ორგანიზატორებისთვის მოზარდები რატომ გახდა სამიზნე ჯგუფი?

 ხშირია შემთხვევები, როდესაც პოლიტიკური სუბიექტები იყენებენ ბავშვებს – აცვიათ ბავშვებს პარტიის სიმბოლიკიანი მაისურები. ესეც მიუღებელია, რადგან ბავშვის, როგორც ვიზუალური მასალის გამოყენება, ბავშვის ინტერესში ვერ იქნება. არ შეიძლება ბავშვს პოლიტიკურად დატვირთული ინფორმაცია მივაწოდოთ. ზოგადად, არის საქართველოში ბავშვების გამოყენების ტენდენცია, რაც ასევე პრობლემაა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ომბუდსმენები ხშირად აკრიტიკებენ ამ ფაქტებს და მოუწოდებენ პოლიტიკოსებს არ ჩართონ ბავშვები ასეთ მოქმედებაში.

გარდა ამისა, ხშირია ბავშვი რესპონდენტების გამოყენება, მათი პირადი ცხოვრების გაშუქება ისე, რომ ირღვევა მათი უფლებები. ჩვენ არაერთხელ მივმართეთ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას და ველოდებით მათ გადაწყვეტილებებს. შემდეგ უკვე ტელევიზიებიც ყურადღებით მოეკიდებიან. სხვა შემთხვევაში, გაგრძელდება ეს მანკიერი პრაქტიკა.

ორგანიზატორების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს?

 პასუხისმგებლობა უნდა დადგეს ყველა იმ სუბიექტის, რომელთაც ევალებოდათ ბავშვთა დაცვა მავნე ზეგავლენის მქონე ინფორმაციის მიღებისგან. აღნიშნულის დადგენაში აუცილებლად უნდა ჩაერთოს სოციალური მომსახურების სააგენტოც, რომელიც ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევებს შეისწავლის და მოახდენს სათანადო რეაგირებას.

 

ნა, რა შეგიძლიათ უთხრათ საზოგადოების იმ ნაწილს, ვინც ამბობს, რომ „რა მოხდა მერე, ბავშვებმა უნდა იცოდნენ წარსული“ და რომ ბავშვთა უფლებებზე საუბარი, ამ შემთხვევაში, მორალისტობაა. ნიშნავს ეს იმას, რომ ქართული საზოგადოება ცუდად იცნობს ბავშვთა უფლებებს?


 ზუსტად ეს არის პრობლემა – ხშირად ბავშვებს დამოუკიდებელ, ბავშვთა უფლებების სუბიექტად არ მოვიაზრებთ. ბავშვი არის სუბიექტი, აბსოლუტურად დამოუკიდებელი და რადგან ის თავს ვერ იცავს, ეს ნიშნავს, რომ მისი დაცვის ვალდებულება უფროსებს გვეკისრება და ისინი გაცილებით უფრო მაღალი სტანდარტით უნდა დავიცვათ. არსებობს თემები, რომლებიც პოლიტიკურ ინტერესზე მაღლა დგას, ასეთი თემაა ბავშვის უფლება იყოს დაცული ძალადობისგან. მიუხედავად იმისა, ვის მიერ, რომელი ბავშვი, რა მიზეზით დაექვემდებარა ფსიქილოგიურ ძალადობას – ჩვენ ის უნდა დავიცვათ, ასეთია კანონის მოთხოვნა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: