სიახლეები

ჯემალ ფუტკარაძის პასუხი კახი კალაძეს

20.03.2015 • 1375
ჯემალ ფუტკარაძის პასუხი კახი კალაძეს

 


ჯემალ ფუტკარაძე საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის და ვიცე-პრემიერის კახი კალაძის მიერ აჭარის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, სადაც კახი კალაძემ პარტიიდან გარიცხულ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს მოღალატეები უწოდა. 

 

”ბატონო კახი!  არ მაქვს იმის იმედი, რომ გაეცნობით ამ სტატუსს და პასუხს გამცემთ, მაგრამ მაინც უნდა შეგეხმიანოთ და შევაფასო თქვენი ” სიბრძნე სიცრუისა”: სირცხვილია ვინმეს, მითუმეტეს დეპუტატის ღალატზე საუბრობდეთ თქვენ – მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის საილუსტრაციო ბანერებზე “შემოსკუპებული ციყვი”. ნაციონალური მოძრაობიდან ვირთხებივით გამოქცეული მოღალატეებით შექმნილი საპარლამენტო უმრავლესობით იწონებთ თავს და ნაციონალურ მოძრაობასთან ბრძოლით მოსულ დეპუტატებს უწოდებთ მოღალატეებს? 
ეჰ, კახი, კახი- წვერის მოშვება და იმიჯის შეცვლა ვერ გიშველის “გზააბნეულო ოცნების მცველო”!” – წერს ჯემალ ფუტკარაძე. 

 

”ბათუმელების” კითხვაზე, რამდენად მისაღებია უმაღლესი საბჭოს დეპუტატისგან მსგავსი ლექსიკით საუბარი, ჯემალ ფუტკარაძე ამბობს, რომ ეს პასუხია იმ შურაცხყოფაზე, რაც საქართველოს ვიცე-პრემიერმა მას და კიდევ ორ დეპუტატს მიაყენა: 


”ძალიან მძიმე მოსასმენია ”ქართული ოცნების” ყოფილი წევრისთვის, როდესაც ჩემი ყოფილი პარტიის მესვეურები ჩემ მიმართ იყენებენ ტერმინს – მოღალატე. ეს ტერმინი ერთხელ უკვე გამოიყენა ჩემ მიმართ უფრო მაღალი თანამდებობის პირმა, მაგრამ როცა ეს ლექსიკა უკვე ”მოდაში” შემოვიდა, თითქოს ვბრუნდებით კომუნისტურ-ბოლშევიკურ წყობილებაში, სწორედ იმ დროს იყო პოპულარული ეს ტერმინი – თუ ჩვენ გვერდით არ არის, ე.ი. არის მოღალატე. მე მიმაჩნია, რომ ამ ტერმინის დამკვიდრება არის ბრძოლა განსხვავებულ აზრთან, განსხვავებულ პოლიტიკურ შეხედულებებთან. ამის ნათელი მაგალითი იყო, როდესაც ბატონი კახი კალაძის მიერ გაჟღერებული მოწოდებებით ახალგაზრდების ეგზალტირებული ჯგუფი მოიჭრა ჩემს საცხოვრებელ სახლთან და კედლებზე დააწერეს ”ჯემალი იუდა”, ”ჯემალი მოღალატე”. ამის შემდეგ, როდესაც ეს ფაქტი დაგმო აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიურომ და ამ ბიუროში არიან ქართული ოცნების” წევრები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ გადაწყვეტილებას, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ბატონი კახი კალაძე კიდევ ერთხელ გაიმეორებდა ამ ტერმინს. 


მიმაჩნია, რომ ასეთი განცხადებები ნამდვილად არ უნდა გააკეთონ ამ დონის პოლიტიკურმა პირებმა. ჩემ მიერ ეს იქნება საბოლოო და ვთვლი, რომ მეტჯერ აღარავინ შეეცდება მსგავსი ეპითეტებით შეამკონ ერთმანეთი, მით უმეტეს, რომ გუშინ ერთ საქმეში, ერთ ფერხულში ვიდექით და დღეს ასეთი ტერმინებით ვესაუბრებით ერთმანეთს, მაგრამ ეს ტერმინი ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, მოქალაქისთვის, არის შეურაცხმყოფელი და მე შეურაცხყოფას ვერავის ვაპატიებ” – ამბობს ჯემალ ფუტკარაძე “ბათუმელებთან.“ 

გადაბეჭდვის წესი