სიახლეები

თავდასხმაში მონაწილე პირებს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შესვლა აეკრძალებათ

18.03.2015
თავდასხმაში მონაწილე პირებს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შესვლა აეკრძალებათ

 

 

„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები საქართველოს ათ ქალაქში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ინიციატივითა და დაფინანსებით, 2011-2012 წლებში შეიქმნა. ცენტრები მოქალაქეებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, პოლიტიკურ პარტიებს, მედიას, ხელისუფლებას და სხვა დაინტერესებულ მხარეებს დემოკრატიული დიალოგის, საჯარო დისკუსიების და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების სხვადასხა ფორმატში განხილვისთვის თავისუფალ, ნეიტრალულ და სათანადოდ უზრუნველყოფილ სივრცეებს სთავაზობს. ამ დანიშნულებით ცენტრების გამოყენების უფლება ნებისმიერ პირს ეძლევა, მიუხედავად მისი რწმენის, მრწამსის,  პოლიტიკური, გენდერული თუ სხვა მიკუთვნებულობისა.

გახსნის დღიდან დღემდე ათ ცენტრში 12 ათასზე მეტი ღონისძიება ჩატარდა. მათში  მონაწილეობა 300 ათასამდე ადამიანმა მიიღო. დამატებით, ცენტრების კომპიუტერული რესურსითა და ბიბლიოთეკით 80 ათასზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა.

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები დაარსების დღიდან დღემდე განსაკუთრებულ პატივს სცემს თითოეული მომხმარებლის უფლებას, თავისუფლად ისარგებლოს ცენტრის რესურსით, გამოხატოს საკუთარი აზრი და წამოიწყოს ან ჩაერთოს სხვადასხვა სახის საჯარო დისკუსიაში.    

2015 წლის 14 მარტს ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მომხდარი ინციდენტი, როდესაც ცენტრის ერთ–ერთ მომხმარებელს რამდენიმე სხვა მომხმარებელი პოლიტიკური შეხედულებების გამო თავს დაესხა და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების იდეას და მათით სარგებლობის დადგენილ წესებს. მსგავსმა შემთხვევებმა შესაძლოა საფრთხის ქვეშ დააყენოს ცენტრების, როგორც ნეიტრალური და ამავე დროს, უსაფრთხო, დემოკრატიული სივრცეების სტატუსი.

ბათუმის ინციდენტში მონაწილე პირებს (თავდამსხმელებს), რომლებმაც უხეშად დაარღვიეს ცენტრით სარგებლობის წესები, ხელი შეუშალეს ცენტრის გამართულ ფუნქციონირებას და შელახეს სხვა მომხმარებლების უფლებები, აეკრძალებათ ცენტრით სარგებლობა და ცენტრის ტერიტორიაზე შესვლა.“ 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: