განათლება,მთავარი,სიახლეები

„ვაჩერებთ თანამშრომლობას სამინისტროსთან, სტუდენტების გაცვლა კვლავ გაგრძელდება“ – საელჩო

28.02.2025
„ვაჩერებთ თანამშრომლობას სამინისტროსთან, სტუდენტების გაცვლა კვლავ გაგრძელდება“ – საელჩო

გერმანიის საელჩო სტუდენტთა გაცვლითი პროგრამების და სამეცნიერო კვლევების დაფინანსების შეჩერებასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ავრცელებს.

დღეს, 28 თებერვალს, საელჩომ ფეისბუქზე გაავრცელა განცხადება, სადაც წერს, რომ თანამშრომლობის შეჩერება უკავშირდება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ ევროპული გზიდან გადახვევას.

ტექსტში ასევე ნათქვამია:

„როგორც ევროპული გზიდან გადახვევის შედეგი გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტრო (BMBF) ამ ეტაპზე აჩერებს თანამშრომლობას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან, ასევე საქართველოს სხვა უწყებებთან.

ამავდროულად BMBF-ი ღიაა დიალოგის განახლებისთვის იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება გადადგამს სარწმუნო და ხელშესახებ ნაბიჯებს შიდა დეესკალაციის, აკადემიური თავისუფლების აღდგენისა და ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნებისკენ.

გერმანია სოლიდარობას უცხადებს მეცნიერებს, რომლებსაც საქართველოში  თავისუფალ გარემოში სურთ კვლევების გაგრძელება და კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ უფლებას აკადემიური თავისუფლების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ, რაც საქართველოსთვის, როგორც  გაეროს წევრისთვის, ვალდებულებას წარმოადგენს. ამიტომ ჩვენ გვსურს, შეძლებისდაგვარად გავაგრძელოთ დიალოგი მეცნიერებსა და კვლევაში მოღვაწე სამოქალაქო საზოგადოებრივ სტრუქტურებთან საქართველოში და მხარი დავუჭიროთ ევროპასთან დაახლოებას.

დარწმუნებულები ვართ, რომ სტუდენტების გაცვლა საქართველოსა და გერმანიას შორის არის მნიშვნელოვანი წვლილი ევროპასთან დაახლოებაში, ამიტომ ეს გაცვლა გაგრძელდება.

ჩვენი მიზანია, შევინარჩუნოთ კვლევისა და კავშირების შესაძლებლობები გერმანელ მეცნიერებსა და მათ ქართველ პარტნიორებს შორის. პროექტებისა და ინდივიდუალური დაფინანსება კვლავაც გაგრძელდება. ამით ჩვენ ასევე ვუგზავნით სიგნალს იმ ადამიანებს, რომლებიც მხარს უჭერენ ევროპულ, კოსმოპოლიტურ საქართველოს.

BMBF-ი რეკომენდაციას უწევს გერმანიის უნივერსიტეტებს, კვლევით და განმახორციელებელ ორგანიზაციებს ასევე შეაჩერონ ინსტიტუციური თანამშრომლობა საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან სამართლებრივი შესაძლებლობების ფარგლებში. აკადემიური თავისუფლებიდან გამომდინარე გადაწყვეტილების მიღება თავად მეცნიერებას ეკისრება,“- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ის, რომ გერმანიის მთავრობა აჩერებდა საქართველოს განათლების სისტემის მხარდაჭერას, ამის თაობაზე განცხადება 26 თებერვალს გერმანიის საელჩომ გააკეთა. ამ განცხადების მიხედვით, გერმანიის განათლების სამინისტრომ გაყინა საქართველოს სამეცნიერო სფეროში თანამშრომლობის განვითარება.

„მათ შორისაა სტუდენტური მობილობა, კვლევა  და საქართველოს მონაწილეობა ევროკავშირის პროგრამებში. ამის მიზეზია აკადემიური თავისუფლების შეზღუდვა საქართველოში და ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერება. ქართველებმა, რომლებსაც გერმანულ უნივერსიტეტებში უსწავლიათ მეტწილად გერმანული სტიპენდიებით, იციან, ეს რა დანაკარგიცაა.

ეს ჯერჯერობით არ ეხება გერმანიის განათლების სამინისტროს მოქმედ დაფინანსებას საქართველოზე, რომელიც თითქმის ერთ მილიონ ევროს შეადგენს. ასევე ჯერ არ ეხება მოქმედ სასტიპენდიო პროგრამებს, როგორიცაა DAAD. თუმცა გერმანია სინანულით აკვირდება და გადახედვის პროცესშია საქართველოსთან ურთიერთობის ყველა ასპექტის“, – დაწერა გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: