ბათუმში, ვაჟა-ფშაველას N53-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე რეჟისორ გიორგი გოგიბერიძის მემორიალურ დაფას განათავსებენ. საკითხს ბათუმის საკრებულო 2025 წლის 30 მაისის სხდომაზე განიხილავს.
საკრებულოში წარდგენილი შესაბამისი პროექტის ავტორი ბათუმის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიაა, ხოლო ინიციატორი – ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი.
„გიორგი გოგიბერიძის ხსოვნის უკვდავსაყოფად ქალაქ ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩა N53-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე განთავსდეს მემორიალური დაფა. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებები“ – წერია განკარგულების პროექტში.
„ბათუმელი რეჟისორი, ტელეწამყვანი, ფოტოგრაფი და „ბიაფის“ ხელმძღვანელი გიორგი [გოგა] გოგიბერიძე საავტორო კინოს ბათუმის ფესტივალის დამაარსებელი და დირექტორი გახლდათ.
გიორგი გოგიბერიძე 2006 წლიდან იყო „ხელოვანთა სახლი არგანის“ დირექტორი. სწორედ ამ ორგანიზაციას უკავშირდება ბათუმში არაერთი სახელოვნებო და კულტურული პროექტის განხორციელება, მათ შორის – „ბიაფის“, საერთაშორისო კინოფესტივალის, რომელიც წლებია ბათუმის ერთ-ერთი მთავარი კულტურული ღონისძიებაა.
წლების განმავლობაში იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაში გადაცემა „თეთრი კვადრატი“-ს ავტორი და წამყვანი, ხელმძღვანელობდა ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის კინო-ტელე ხელოვნების დეპარტამენტს.
გადაღებული აქვს მხატვრული და დოკუმენტური ფილმები: „სინაგოგა“, „სტარტი“, „რუსუდან ფეტვიაშვილი“, „ოცი საუკუნის შემდეგ“, „მემენტო მორი“, „წითელი ცხენის ბანაობა“ – აღნიშნულია საკრებულოში წარდგენილი პროექტის განმარტებით ბარათში.
გიორგი გოგიბერიძე 2023 წელს, 48 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი თვეების განმავლობაში ებრძოდა მძიმე დაავადებას.