ბათუმი,მთიანი აჭარა

რა ზემოქმედებას მოახდენს კლიმატზე აჭარის წყალსაცავები

30.05.2012 • 2984
რა ზემოქმედებას მოახდენს კლიმატზე აჭარის წყალსაცავები

ავტორი: ცაგო კახაბერიძე

„…მოიმატებს აორთქლება, ქარის სიჩქარე და ტენიანობა. წყალდიდობის დროს, მომატებული ტენიანობა, შესაძლოა, გადავიდეს ჭირხვში, რაც ახლად გამოზრდილ კვირტებს გაანადგურებს; წყალსაცავები ზრდის ფილტრაციას, რის გამოც მოიმატებს გრუნტის წყლების რაოდენობა ნიადაგში“, _ სპეციალისტების მოსაზრებით, წყალსაცავები, რომლებიც მდინარე ჭოროხზე სამ და მდინარე აჭარისწყალზე ოთხ ჰიდროელექტროსადგურის ამუშავებისთვის იქნება საჭირო, მნიშვნელოვნად შეცვლის კლიმატს აჭარაში.

გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტის მიხედვით, რომელსაც „აჭარა ენერჯი 2007“-ის დაკვეთით კომპანია „გამა-კონსალტინგი“ ამზადებს, „მდინარე ჭოროხზე დაგეგმილი 3 ჰესის წყალსაცავები იმდენად მჭიდროდ იქნება განლაგებული, რომ გარემოზე ზემოქმედების თვალსაზრისით მათი, როგორც ერთი წყალსაცავის განხილვა უფრო მიზანშეწონილია“.

მდინარე აჭარისწყლის ოთხი წყალსაცავის სარკის (ტენის ამაორთქლებელი ზედაპირი) ჯამური ფართობი  5,1 კვ2 იქნება. საპროექტო მონაცემებით ირკვევა ასევე, რომ მდინარე ჭოროხზე დაგეგმილი კალაპოტური ტიპის წყალსაცავები მდინარეების შესართავის მიმდებარე ხეობის 15-70 კმ-იან მონაკვეთში უნდა აიგოს. მათი დონე კი, წლის სეზონის მიუხედავად, მუდმივი იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ მათგან აორთქლებული ტენის სიჭარბე უფრო ბუნებრივ ფაქტორებზე, ქარზე, ჰაერის ტემპერატურასა და ორთქლის დრეკადობის ცვალებადობაზე იქნება დამოკიდებული.

„გამა კონსალტინგის“ სპეციალისტების დასკვნით, `მდინარე აჭარისწყლის წყალსაცავებიდან აორთქლებული წყლის მოცულობა და მდინარე ჭოროხის წყალსაცავებიდან აორთქლების რეჟიმის ანალოგიური იქნება~.

„ტენის ეს დამატებითი რაოდენობა კიდევ უფრო დაამძიმებს ჭოროხის დელტის კლიმატს, განსაკუთრებით გარდამავალ სეზონზე, რაც ვეგეტაციისა და ტურისტული სეზონის საწყის და ბოლო თვეებს ემთხვევა. მდინარე აჭარისწყალზე წყალსაცავების ამოქმედებით კი, ჭოროხის ქვემო ნაწილში ტენის ამაორთქლებელი ზედაპირი, ანუ სარკის ფართობი 44,0 კვ2-მდე გაიზრდება და მისგან ატმოსფეროში ასული ტენის მოცულობა 40 მილიონ მ3 მიაღწევს“, – ნათქვამია „გეზეშე“ -ში.

„გამა-კონსალტინგის“ კვლევის ჯგუფის ხელმძღვანელის განმარტებით, ამ ყველაფერს კიდევ ერთი ფაქტორი – ფილტრაციის პროცესი დაემატება. „წყალსაცავები ზრდიან ფილტრაციას, რის გამოც მატულობს გრუნტის წყლის რაოდენობა. იქ კი, სადაც გრუნტის წყალი მატულობს, ფერდობები ხშირად იმეწყრება. ნიადაგი არის დაახლოებით 20, 30-სანტიმეტრიანი ნაყოფიერი ფენა, გრუნტი კი არის ის, რაც მის ქვეშ რჩება. როცა გრუნტში ჟონავს წყალი, მან სადღაც გამოსასვლელი უნდა იპოვოს, ის ფერდობებზე გამოდის წყაროების სახით. იმ შემთხვევაში, თუ სადმე შენობა შეხვდა ამ წყაროს, მის ფუნდამენტს გამოთხრის და დააცურებს. საფრთხე განსაკუთრებით მაღლივ შენობებს ემუქრება“, – ამბობს გიორგი მეტრეველი.

ამ პირობების გათვალისწინებით, რა თანაფარდობა შეიძლება იყოს ზარალსა და მოგებას შორის? – კლიმატის კვლევის ჯგუფის ხელმძღვანელს გიორგი მეტრეველს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს _ „მხოლოდ ვარაუდით გეტყვით, გააჩნია, როგორ აამუშავებენ ჰესებს. თუ ჰესები იმუშავებს ისე, როგორც პროექტშია ჩადებული, გამომუშავება საკმარისია იმისათვის, რომ ამ წყალსაცავების არსებობა გაამართლოს, მაგრამ ხშირად ფურცელზე ერთი წერია და გამოდის – მეორე. მოსახლეობამ კი, რომელიც დისკომფორტს განიცდის ამ წყალსაცავების მშენებლობით, კომპენსაციის სახით უფასოდ უნდა მიიღოს ელექტროენერგია. რომელიმე სახლის მოცურების შემთხვევაში კი, ზარალი უნდა აანაზღაურონ“.

„აჭარა ინვესტი 2007“-ის წარმომადგენლის -სოფიო ვარშალომიძის ინფორმაციით, მდინარე ჭოროხზე დაგეგმილი მშენებლობა წინასწარი მონაცემებით 200-მდე კერძო პირის მიწის ნაკვეთის დატბორვას ითვალისწინებს, ორ ოჯახს კი ასახლებას უპირებენ. გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტში ნათქვამია ასევე იმ 7 სახლის შესახებაც, რომლებთანაც წყალსაცავები ძალიან ახლოს იქნება.

მდინარე ჭოროხზე თურქული კომპანია „აჭარ ინვესტი 2007“ კალაპოტური ტიპის სამ ჰიდროელექროსადგურს ააშენებს (ამ პროექტის შესახებ „ბათუმელებში“ გასულ კვირას გამოქვეყნდა).

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან გაფორმებული კიდევ ერთი შეთანხმების თანახმად კი, აჭარაში კიდევ 4 ჰესის მშენებლობას ნორვეგიული კომპანია გეგმავს. ამ კომპანიის წარმომადგენლის, ნინო დიასამიძის განმარტებით, უკვე მზადაა მდინარე აჭარისწყალზე დაგეგმილი პროექტის „გეზეშე“-ც: „ამ ეტაპზე მას ქართულ ენაზე ვთარგმნით და რამდენიმე დღეში გამოვაქვეყნებთ“. დიასამიძის თქმით, `დოკუმენტში, გარემოზე ზემოქმედების შესახებ პუნქტში ტენიანობის მომატებისა და ჰიდროლოგიური რეჟიმის შეცვლის შესახებ მითითებულია, თუმცა რა დონით მოხდება ეს, ჯერჯერობით, შესასწავლია. რაც შეეხება კომპენსაციების საკითხს, მოსახლეობის ფიზიკურ განსახლებას ნორვეგიული პროექტი არ ითვალისწინებს“.

ორივე შემთხვევაში ხელშეკრულებას ხელი ისე მოაწერეს, რომ პროექტების განხორციელებით მოსალოდნელი ზემოქმედება გარემოზე არ შეუსწავლიათ.

საქართველოს კანონმდებლობით ეს დაშვებულია, თუმცა „გეზეშე“, ანუ გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტი ის მთავარი საბუთია, რომლის გარეშეც მსოფლიო ბანკი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები დაფინანსებას არ იძლევიან. ამ დრომდე ორივე კომპანია მშენებლობის დასაწყებად სწორედ „გეზეშეს“, ანუ ეკოლოგების დასკვნას ელოდებოდა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: