"ბათუმელების“ არქივიდან

პოლიციელს განსხვავებული აზრისთვის სცემეს

21.01.2004 • 1938
პოლიციელს განსხვავებული აზრისთვის სცემეს

პოლიტიკური მოტივით ბათუმში ამჯერად პოლიციელი სცემეს. 14 იანვარს, დაუდგენელი პირები სასტიკად გაუსწორდნენ პოლიციის ბათუმის სამმართველოს მეოთხე ქვეგანყოფილების ინსპექტორს ზებურ იაკობაძეს.

დაზარალებულის თქმით, მას სამსახურში წასვლისას დაესხნენ თავს: „აღმაშენებლის ქუჩაზე წამომეწია შავი ფერის ბმვ-ს მარკის უნომრო ავტომანქანა. როცა გამისწორდნენ, გაჩერება მთხოვეს და მკითხეს ვიყავი თუ არა ზებურ იაკობაძე. ამ ხალხს საერთოდ არ ვიცნობდი, ვინ არიან არ ვიცი.  კითხვაზე დადებითი პასუხი მიიღეს, უნდა დაგელაპარაკოთო – მთხოვეს. ჩამოვედი, არაფერი უკითხავთ,დამიწყეს უმოწყალოდ ცემა, თან მეუბნებოდნენ – შენ არ მოგწონს აჭარის ხელისუფლება, შენ არ გიყვარს ასლან აბაშიძე“.

პოლიციელის თქმით, თავდამსხმელები შავ ტანსაცმელში იყვნენ გამოწყობილი. მისი აზრით, ფიზიკური შეურაცხყოფის მოტივი პოლიტიკური შეხედულებებია. იაკობაძის განცხადებით მას არანაირი ურთიერთობა ნაციონალებთან არ აკავშირებს. „საპრეზიდენტო არჩევნებზე მივედი და ხმა მივეცი მიხეილ სააკაშვილს. ამას არც ვმალავ და არც არავისი მეშინია. ეს ჩემი პირადი საქმეა, ამის გამო არ უნდა მცემდნენ. თუ ჩემი ცემით რამე გამოვა, ამასაც ვნახავ. ჩემს უკან დიდი სანათესაო და სამეგობრო დგას. თავდამსხმელებს ყოველივე ამის გამო პასუხს ვაგებინებ“ – აცხადებს იაკობაძე.

მომხდარი ფაქტით ყველაზე მეტად კოლეგები, პოლიციელები არიან აღშფოთებული. პოლიციის ოფიცერი თავდაპირველად თავდასხმის ფაქტის გახმაურებას არც აპირებდა, რომ არა კოლეგების აქტიურობა. თუ კი პოლიცია ვერ დაიცავს საკუთარ უფლებებს, მაშინ მოსახლეობამ რა უნდა ქნას” – აცხადებენ ისინი.

იაკობაძე დარწმუნებულია, რომ მის წინააღმდეგ თავდასხმა დიდი ხანია, საგულდაგულოდ მზადდებოდა. „ღმერთს მადლობა, რომ იარაღი თან არ მქონდა, თორემ აუცილებლად გამოვიყენებდი და ცოდვაც დატრიალდებოდა“.

შაოსნებმა სასტიკად ნაცემი, გონება-დაკარგული პოლიციელი ჩაბნელებულ ქუჩაში მიატოვეს და წავიდნენ. იაკობაძე რამდენიმე საათის შემდეგ მოვიდა გონს და სახლში მისვლა მოახერხა.

იყო თუ არა ეს თავდასხმა ხელისუფლების მხრიდან დაგეგმილი? ჰქონდა თუ არა იაკობაძეს სამსახურში პოლიტიკური შეხედულებების გამო გართულებები?

„თბილისში, აჭარის ხელისუფლება მშვიდობიან აქციას რომ აწყობდა, ჩემი ძმის მიკროავტობუსით ავადმყოფი მამა მიმყავდა სოფელში. გამაჩერეს და თბილისში წასვლა მომთხოვეს. ოჯახური პირობების გამო უარი ვუთხარი წასვლაზე. შენ აჭარის მტერი ხარ, ჩვენი პოლიტიკა არ მოგწონსო. „მარშრუტკა“ წამართვეს და სტადიონზე შეაგდეს“ – აღნიშნავს დაზარალებული.

იაკობაძე სახლში შს მინისტრმა ჯემალ გოგიტიძემ და ქალაქის სამმართველოს უფროსმა ჯუმბერ ტაკიძემ მოინახულეს.   ტაკიძის განცხადებით, თავდამსხმელთა ვინაობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

P.შ. მიუხედავად პოლიციელის ასეთი განცხადებისა, ინფორმაცია ვრცელდება იმის თაობაზეც, რომ ხალხის ცემა-ტყეპას არა მხოლოდ აჭარის ხელისუფლების, არამედ ცენტრალური ხელისუფლების დაკვეთითაც ხორციელდება. მოკლედ „გარე ძალების“ ფაქტორს არც ამ შემთხვევაში გამორიცხავენ.

გადაბეჭდვის წესი