განათლება თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია
18 თებერვალს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“ საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენას ეწვია და აბიტურიენტებს შეხვდა. მომავალმა სტუდენტებმა გამოფენაზე წარმოდგენილი საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის შესახებ დეტალური ინფორმაცია პირადად მინისტრისგან მიიღეს.
„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ასეთი ღონისძიებები იმართება. ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა, პირველწყაროს ესაუბრონ, სკოლის დამთავრების ადრეულ ეტაპზე დაგეგმონ საკუთარი მომავალი, იცოდნენ, რა არჩევანი აქვთ და ისე მიიღონ გადაწყვეტილება. ყოველთვის მნიშვნელოვანი და საყურადღებოა ამგვარი საუნივერსიტეტო ბაზრები. ჩვენ ეროვნული თავდაცვის აკადემიით წარვდექით დღევანდელ ღონისძიებაზე და სხვა უნივერსიტეტების მსგავსად ვფიქრობთ, რომ ეროვნული თავდაცვის აკადემია არის საუკეთესო შესაძლებლობა განვითარებისთვის, საუკეთესო ადგილი, სადაც ახალგაზრდები უნდა მივიდნენ მაღალი ენთუზიაზმით და ემსახურონ საკუთარ ქვეყანას კარგი განათლებით“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენა ყოველწლიურად იმართება. ღონისძიებაში წელს 6 ქვეყნის 100-ზე მეტი უნივერსიტეტი მონაწილეობდა. „ექსპო-ჯორჯიას“ საგამოფენო დარბაზში, ეროვნული თავდაცვის აკადემია, სხვა უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად, სპეციალური სტენდით იყო წარმოდგენილი.
სიმბოლურია, რომ თავდაცვის სამინისტრომ წელს 17-24 თებერვალი „ცოდნის კვირეულად“ გამოაცხადა და რეგიონებშიც მრავალი საინტერესო აქტივობა განახორციელა.
ცოდნის კვირეული 17 თებერვალს გორში, დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში გაიხსნა. მინისტრმა პანკისელი ახალგაზრდებისთვის ხეობაში სტუმრობის დროს მიცემული პირობა შეასრულა და კვირეულის ფარგლებში, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ღია კარის“ დღეზე, სწორედ, ახმეტის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. „ცოდნის კვირეულის“ ფარგლებში ღონისძიებები გორის გარდა თბილისში და საქართველოს რეგიონებშიც გაიმართა.
22 თებერვალს ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში დასავლეთ სარდლობის III ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა ტყიბულის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებს III ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები ეწვივნენ.
თავდაცვის სამინისტროს საავიაციო ბაზაზე მარნეულის საჯარო სკოლის მოსწავლეების მოწვევა, წიგნების გამოფენა-პრეზენტაციები, აქტივობა წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ეროვნულ სასწავლო ცენტრ `კრწანისში~, სამხედრო პოლიციის სპეციალისტთა და უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსი _ ამ და სხვა მრავალი საინტერესო ღონისძიების შემდეგ „ცოდნის კვირეული“ 24 თებერვალს სტუდენტებისთვის გამართული საჯარო ლექცია _ დისკუსიით დაიხურა, რომელიც 1921 წლის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას მიეძღვნა.
მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელ–ფოსტა: stratcom@mod.gov.ge;
ვებ–გვერდი: mod.gov.ge