მთიანი აჭარა

სამლოცველო კულტურის ცენტრში

22.05.2015 • 1586
სამლოცველო კულტურის ცენტრში

 

შუახევის კულტურის ცენტრის შენობის მეორე სართულზე, ერთ-ერთ კარებზე, ჯვარი, ხატი და სხვადასხვა რიტუალის განრიგია გაკრული, ეს ოთახი სამლოცველოა. დაბაში მცხოვრებლები ამბობენ, რომ კულტურის ცენტრის შენობის ამ ოთახში მართლმადიდებელი მრევლისთვის სამლოცველო წლებია ფუნქციონირებს.

კულტურის სახლში განთავსებული სამლოცველოს მრევლი რუსუდან დავითაძე ამბობს, რომ დაბაში სხვა სალოცავი არ აქვთ, ეს მათი ერთადერთი სამლოცველოა და აქ წირვას მღვდელი გიორგი ფუტკარაძე აღავლენს.

 

„სალოცავი დიდი ხანია არსებობს. მე მას შემდეგ დავდივარ, რაც მოვინათლე, არამარტო დაბიდან, სხვადასხვა სოფლებიდან მოდიან მოსალოცად“, – ამბობს რუსუდანი.

 

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ავთანდილ დიასამიძე ამბობს, რომ ადმინისტრაციულ შენობაში სალოცავი მანამდე იყო, ვიდრე ხელისუფლებაში მათ მოვიდოდნენ. ის აღნიშნავს, რომ სალოცავის არსებობით კანონი არ ირღვევა და დასძენს, რომ ამ ოთახისთვის სხვა ფუნქციების მინიჭებით მორწმუნეთა უფლებებს დაარღვევდნენ.

 

„ხელისუფლებაში ჩვენ მოსვლამდე არსებობდა კულტურის ცენტრში სამლოცველო. ჩვენ ყოველივე ამას მივესალმებით, არავითარი პრობლემა აღნიშნულთან დაკავშირებით არ არსებობს. მე იურისტი გახლავართ და გეტყვით, რომ ეს არ არის კანონდარღვევა. ამ სამლოცველოს დიდი ხნის – 20-25 წლის ისტორია აქვს და ამაზე პასუხს ჩვენ არ ვაგებთ.
ცენტრში სამლოცველო არ არის, ხალხი ითხოვდა აშენებას, მიმდინარეობს ეკლესიის მშენებლობა და მას შემდეგ, რაც ეკლესია აშენდება, ის ფართობი გამოთავისუფლდება. სხვა რელიგიის წარმომადგენლებს არ მოუთხოვიათ ფართობის გამოყოფა. რომ მოეთხოვათ, პრობლემა არ იქნებოდა ფართობის გამოყოფაზე“, – ამბობს ავთანდილ დიასამიძე.

 

შუახევის მუნიციპალიტეტში ეკლესია გამგეობის გვერდით შენდება. ეკლესიის ასაშენებლად 440 კვადრატული მიწის ფართობი სხალთის ეპარქიას მუნიციპალიტეტის გამგეობამ უსასყიდლოდ გადასცა.

 

მშენებარე ეკლესია შუახევში
მშენებარე ეკლესია შუახევში

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის მთავარი სპეციალისტი ქონებისა და მიწის მართვის საკითხებში შოთა ბერიძე ამბობს, რომ ადმინისტრაციულ შენობებში ფართობით სარგებლობის საკითხს გამგეობა წყვეტს. მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას ფართობის ქირით ან იჯარით გაცემის თაობაზე მუნიციპალიტეტის გამგებელი იღებს: „კანონით, იურიდიულ პირს ფართობი შეიძლება უსასყიდლოდ გადაეცეს გამგეობისგან, შპს-ს კი – ქირით“.

 

აა(ი)პ კულტურის ცენტრის დირექტორი, ვახტანგ ბერიძე: „კულტურის ცენტრის შენობა მუნიციპალიტეტის ბალანსზეა. დადის მართლმადიდებელი მრევლი, ხშირად ტარდება წირვა-ლოცვა. ამ ეტაპზე არავითარი შეუთავსებლობა არ არის სამლოცველოსა და კულტურის ცენტრს შორის, ერთმანეთს არ ვუშლით ხელს, ორივე ინსტიტუტი _ ხელოვნებაც და ეკლესიაც მოუწოდებს ადამიანებს სიკეთე აკეთონ“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: