მთიანი აჭარა

სამი მცირეწლოვანი დაზიანებულ სახლში

04.03.2015 • 1423
სამი მცირეწლოვანი დაზიანებულ სახლში

 

ენვერ ხიმშიაშვილი მეუღლესთან, დასთან და ბავშვებთან ერთად საუკუნის წინ აშენებულ სახლში ცხოვრობს. სახლში, სადაც მცირეწლოვანი ბავშვები იზრდებიან, დიასახლისის თქმით, წვიმის დროს წყალი ჩამოდის, ქარსა და თოვლში კი სახლი დეფორმაციას განიცდის.

„სახლი რომ ძველი და მწყობრიდან გამოსულია, თქვენც ხედავთ. აი, შეხედეთ კედლებს შორის რამხელა ღრიჭოებია“, – მაჩვენებს დიასახლისი ნინო მიქელაძე.

 

როგორც ენვერ ხიმშიაშვილი გვიყვება სახლი, სადაც ამ დროისთვის ექვსი ადამიანი ცხოვრობს, ორი საუკუნის წინ გაკეთებულ საძირკველსაა დაშენებული, საცხოვრებელი სახლის ისტორია კი საუკუნეზე მეტს ხანს ითვლის.

 

„გარდა იმისა, რომ სახლის კედლები ძველი და დამპალია, ავარიულია ორი საუკუნის წინ ნაშენები საძირკველიც. როგორც ჩემთვის ცნობილია, საძირკველზე, სადაც ახლა ჩვენი საცხოვრებელი დგას, საუკუნეების წინ გაცილებით დიდი ზომის სახლი იყო, სახლი ჩამოიშალა და იმავე საძირკვლის ნაწილზე კვლავ სახლი დაუშენებიათ, არ ვიცი რამდენად ექვემდებარება გამაგრებას. არაერთხელ ვითხოვე დახმარება, მპირდებოდნენ დაგეხმარებით, ბინას მოგცემთო, ვერანაირი დახმარება რომ ვერ მივიღე, ბოლოს გამგეობას ვთხოვე სახურავით დამხმარებოდნენ. ამასაც დღემდე ველოდები“, – ამბობს ენვერ ხიმშიაშვილი.

 

ხიმშიაშვილების პრობლემა მხოლოდ ძველი სახლი არ არის, ენვერის ცოლი ნინო მიქელაძე ავადაა და მუდმივი მკურნალობა სჭირდება, ავად არის ენვერი და მისი და – მზიაც.

 

„სამი ბავშვი მყავს, სამივე მცირეწლოვანია, ზრდასრულებს კი ფიზიკური მუშაობა არ შეგვიძლია. მე ჯანმრთელობის პრობლემა მაქვს, ფიზიკურად ვერ ვიმუშავებ. თუ ფიზიკურად არ იმუშავებს, ოჯახს როგორ არჩენს გლეხი კაცი? ცოლიც ავად არის და ჩემი დაც, სოციალურად დაუცველი ოჯახი ვართ, სახელმწიფო კი მეხმარება და შემწეობას მაძლევს, რისი მადლობელიც ვარ, მაგრამ ჩვენი მთავარი პრობლემა საცხოვრებელი სახლია“, – ამბობს ენვერი.

 

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვის სამსახურის უფროსი ზაზა ზოიძე ამბობს, რომ სოციალურად დაუცველ ხიმშიაშვილების ოჯახს გამგეობა სახურავით ეხმარება.

 

„ჩვენ ამ ოჯახს სახურავით ვეხმარებით, ამის შესახებ ინფორმირებულები არიან, მათ გადაეცემათ 70 ცალი თუნუქის სახურავი, ნებისმიერ დროს შეუძლიათ წაიღონ. გარდა ამ ოჯახისა, მუნიციპალიტეტში მოქმედი „სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლებისთვის თუნუქის ფურცლების შეძენის მიზნობრივი პროგრამის“ ფარგლებში სახურავით დახმარებას შუახევის მუნიციპალიტეტში მცხოვრები, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი, 45 ოჯახი მიიღებს“, – განაცხადა ზაზა ზოიძემ.

 

სახურავით დახმარების მოთხოვნით შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სულ 92 განაცხადია შესული. ზაზა ზოიძის თქმით, გამგეობაში არსებულმა ზარალის შემსწავლელმა კომისიამ ყველა განმცხადებლის საცხოვრებელი სახლი ადგილზე შეისწავლა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: