მთიანი აჭარა

ტურიზმი “ჩაბნელებულ სოფელში”

05.02.2015 •
ტურიზმი “ჩაბნელებულ სოფელში”

 

გომარდული
გომარდული

„გომარდულის“ მფლობელების საბანკო ანგარიშებს სახელმწიფომ ინკასო გასულ წელს დაადო, მათ სახელმწიფოს ვალი აქვთ. აქციონერებმა გრძელვადიანი კრედიტის გამოყოფის თხოვნით აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, არჩილ ხაბაძეს ჯერ კიდევ გასულ წელს მიმართეს. სააქციო საზოგადოების ერთ-ერთი მფლობელი რამაზ მსახურაძე ამბობს, რომ „პასუხი ჯერ არ მიუღიათ, მაგრამ დახმარების იმედი აქვთ“.

 

კოტეჯების გარდა სამთო-სათხილამურო კურორტ გომარდულზე დამსვენებელს საკუთარ პროდუქტს სთავაზობს ადგილობრივი მოსახლეობაც. ტურისტების სიმცირეზე ისინიც საუბრობენ. მათი თქმით, დამსვენებლის კლების ერთ-ერთი მიზეზი მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურაა.

 

„ჩვენ უფრო კარგი მოლოდინი გვქონდა, მაგრამ გაგვიცრუვდა, გზა ვერ გაკეთდა, შუქიც არ გვაქვს, ქარი გაიქროლებს და გაითიშება. ვის უნდა ჩაბნელებული სოფელი, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა აისახა დამსვენებელზეც. გზა დროულად არ გაწმინდეს თოვლისგან, მარშუტკა ჯაჭვებით გადაადგილდება. წელს, სეზონზე მხოლოდ ხუთი დამსვენებელი მყავდა, შარშან ბევრი იყო, კოტეჯებშიც დადიოდნენ ტურისტები და ოჯახებშიც. ვფიქრობ, სახელმწიფო უნდა დაგვეხმაროს, თორემ სხვანაირად არაფერი გვეშველება“, – ამბობს გომარდულელი ფატი ნაკაშიძე.

 

იმის მიუხედავად, რომ პროექტი „გომარდული“ პრაქტიკულად ჩავარდა, აჭარის მთაში კიდევ ერთი სამთო კურორტის გახსნა იგეგმება. ამ კურორტების მომავალს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მამუკა ბერძენიშვილი ასე ხედავს: „მნიშვნელოვანია ის, რომ მთავრობამ გააცნობიერა გომარდულის პრობლემა და ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად მიმდინარეობს გზების ძიება, რომელიც ყადაღის მოხსნამდე მიგვიყვანს. თუმცა, გამიჭირდება პროგნოზი, როდის შეძლებს კოტეჯები დამსვენებლის მიღებას. სამთო-სათხილამურო კურორტი „გოდერძი“ კი 2015 წელს გაიხსნება, სამუშაოები მიმდინარეობს და ის აჭარაში ყველაზე პერსპექტიული კურორტია, იქედან გამომდინარე, რომ ყველაზე მეტი განთავსების ადგილი, სასრიალო ტრასა და ინფრასტრუქტურა გააჩნია“.

ტურისტების არარსებობზე საუბრობენ სოფელ ნიგაზეულშიც, სადაც საოჯახო ტიპის სასტუმროები არასამთავრობო ორგანიზაცია CHF-ის ხელშეწყობითა და USAID-ის დაფინანსებით 2007 წელს მოეწყო.

ნიგაზეულში ოთხი გესთჰაუსია: „მწვანე სახლი“, „იმედი“, „ავთო“ და „ქვემოურები“. გესთჰაუსების მფლობელები ამბობენ, რომ მათი საოჯახო სასტუმროები მომგებიანი არ არის. ისინი ტურისტების შემცირებას ქვეყანაში შექმნილი ვითარებით ხსნიან.

მალხაზ ხიმშიაშვილმა საოჯახო ტიპის სასტუმრო – „ავთო“ არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსებით რვა წლის წინ იმ იმედით მოაწყო, რომ ოჯახს შემოსავალი გაუჩნდებოდა. სახლის მეორე სართულზე დამსვენებლისთვის სპეციალურად მისაღები ოთახი, საძინებლები და სველი წერტილები გააკეთა, ავეჯით აღჭურვა. მალხაზი ამბობს, რომ ბოლო ერთი წელია დამსვენებელი არ ჰყოლია.

„სელიმობასთან დაკავშირებით სოფელში ამოსულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გადაწყვიტა ისტორიულ სოფელში საოჯახო სასტუმროები მოეწყო. პროექტი გაგვაცნო და შერჩეული ოთხი ოჯახი დაგვაფინანსა – მე 4800 დოლარი გამომიყო. იმ თანხით სახლის მეორე სართულზე ვიზიტორებისთვის სამი საძინებელი, მისაღები ოთახი და სველი წერტილები მოვაწყე. მართალია, არც მაშინ იყო ბევრი დამსვენებელი, მაგრამ ახლა სულ არავინ მოდის, ერთი წელია ტურისტი არ მყოლია. ყველაფერი ძვირდება, ალბათ, ესეც არის ამის მიზეზი“, – ამბობს მალხაზი.

მალხაზის მსგავსად ერთი წელია დამსვენებელს ელის „ქვემოურების“ მასპინძელი, 76 წლის შუშანა ხიმშიაშვილი. ხიმშიაშვილებმა დამსვენებლისთვის ეზოში ფანჩატური მოაწყეს და ხარჯის შემცირების მიზნით აივანზე მზის გამაცხელებელიც კი დააყენეს.

„ამერიკელი დამსვენებელიც გვყავდა, ინგლისელი, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდანაც, უფრო ხშირად ზაფხულში მოდიოდნენ ახალგახსნილზე, მაგრამ წელს არავინ მოსულა. უცხოელებს აჭარული „ბორანო“ ძალიან მოსწონდათ. ჩვენებური საჭმლის მომზადება რომ ესწავლათ, ხშირად გვეხმარებოდნენ მომზადებაში“, – გვიამბობს ქალბატონი შუშანა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მამუკა ბერძენიშვილი ამბობს, რომ ტურისტის მოსაზიდად მათი დეპარტამენტი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ყველაფერს აკეთებს. მისივე განცხადებით, დეპარტამენტმა 2015-2018 წლების ტურიზმის განვითარების სტრატეგიული გეგმა შეიმუშავა. თუმცა, ტურიზმის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ინფრასტრუქტურასა და ტურისტული მეურნეობების რეკლამირებას უჭირავს. დეპარტამენტი კი მხოლოდ ნაკლებბიუჯეტიან ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს.

„სტრატეგიულ გეგმაში გაწერილია რას ვაპირებთ, რა უნდა გაკეთდეს ტურიზმის განვითარებისთვის აჭარის მთიან ნაწილში და არაურბანული ტიპის დასახლებაში, ძირითადად, ფრინველებზე დაკვირვებასა და ღვინის ტურიზმს ვავითარებთ, ვახდენთ პოტენციური მარშრუტების მარკირებას, რომელიც კიდევ უფრო მეტი ტურისტული სერვისის შესაძლებლობას აძლევს სოფლად არსებულ მეურნეობებს. მარკირება როგორც ელექტრონულად, ასევე ფიზიკურად ხდება. აჭარის მთიანეთში 10 მარკირებული მარშრუტი გვაქვს, მომავალში კიდევ 5 ახალი მარშრუტი შეიქმნება.

სოფლად არსებული ტურისტული მეურნეობები შეგვაქვს ბროშურაში. ყველა ის ბროშურა, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, ხდება იმ სარეკლამო კამპანიაში, რომელსაც სამიზნე ქვეყნებში ვაწარმოებთ: 25 საერთაშორისო გამოფენაში ვიღებთ მონაწილეობას, შესაბამისად, ეს მასალები საერთაშორისო გამოფენაზე ვრცელდება. ამასთან, სოფლად არსებული მეურნეობების წარმომადგენლებს ვასწავლით როგორ უნდა აწარმოონ ბიზნესი და მოემსახურონ ტურისტს“.

მაგრამ, მამუკა ბერძენიშვილის თქმით, ეს საკმარისი არ არის: „შეუსაბამო ინფრასტრუქტურა, იგივე სატრანსპორტო საშუალებების გაუმართაობა, ასევე გზების მდგომარეობა აისახება ტურიზმზე. მხოლოდ ტურიზმის დეპარტამენტის მიერ გაწეული სამუშაო საკმარისი არ არის ტურიზმის განვითარებისთვის, ამ კუთხით სამუშაოებს ეკონომიკის სამინისტრო აწარმოებს, მტირალას პარკამდე მისასვლელი გზა შენდება, რაც შედეგს გამოიღებს და უფრო მეტი ვიზიტორი ეყოლება, ვიდრე გასულ წელს ჰყავდა. ასევე კეთდება გოდერძის უღელტეხილთან მისასვლელი გზა“.

ნიგაზეულის გესთჰაუსების შესახებ კი მამუკა ბერძენიშვილი ამბობს: „გესთჰაუზები ნიგაზეულში 2007 წელს გაიხსნა, მაგრამ მათი პოპულარიზაცია 2012 წელს დაიწყო, მანამდე გესთჰაუზების განვითარებისკენ მიმართული სახელმწიფო პროგრამები არ არსებობდა, 4-5 წელი სჭირდება, შედეგს რომ მივაღწიოთ“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: