Batumelebi | რატომ არ უღირთ ხულოში კარტოფილის მოყვანა რატომ არ უღირთ ხულოში კარტოფილის მოყვანა – Batumelebi
RU | GE  

რატომ არ უღირთ ხულოში კარტოფილის მოყვანა

 

 

აჭარის მუნიციპალიტეტებს შორის ხულო კარტოფილის მთავარი მწარმოებელია. ეს ბოსტნეული ხულოში ოჯახების შემოსავლის ერთ-ერთი მთავარი წყაროა, თუმცა გლეხები ამბობენ, რომ ხულოს კარტოფილი ბაზარზე კონკურენციას თურქეთიდან შემოტანილ კარტოფილს ვეღარ უწევს – ხულოში კარტოფილის მოყვანა ძვირი ჯდება, ხოლო თურქეთიდან შემოტანილის ფასი გაცილებით დაბალია. მომხმარებელი კი ძირითადად ფასის მიხედვით ირჩევს პროდუქტს. რაში ხედავენ გამოსავალს თავად გლეხები და ეკონომიკის სპეციალისტები?

 

 

ხულოში მოსახლეობის ნაწილს კარტოფილი უკვე დარგული აქვს, ნაწილი კი, უახლოეს დღეებში დარგავს. ეს ერთწლიანი ბოსტნეული კულტურა წლებია ხულოელი გლეხების შემოსავლის წყაროა, მაგრამ ისინი სულ უფრო სკეპტიკურად უყურებენ ამ საქმიანობას და ამბობენ, რომ კარტოფილის მოყვანა ისეთი მომგებიანი აღარ არის, როგორც ადრე იყო.

 

 

დაბა ხულოში მცხოვრები იოსებ გელაძე კარტოფილის ბიზნესს წლებია ეწევა. პირადი სარგებლობისთვის და გასაყიდად კარტოფილი მას სოფელ იაკობაძეებში, სახლთან ახლოს, ბაღჩაში და იალაღზე მოჰყავს. ამბობს, რომ ის შრომა, რაც კარტოფილის მოყვანას სჭირდება, ამად არ უღირს, მაგრამ სხვა გამოსავალი არ აქვს.

 

 

„მხოლოდ ბაღჩაში დავრგე კარტოფილი, იალაღზე მოგვიანებით დავრგავ, ჯერ ადრეა და არც გზა არ არის გაყვანილი. იალაღზე კარტოფილის მოყვანა იოლია, რადგან მიწა ნოყიერია და კარგი მოსავალიც მოდის, თუმცა მეტ ხარჯს მოითხოვს. წინა წლებთან შედარებით კარტოფილს წელს კარგი ფასი ჰქონდა. შარშანწინ მოსახლეობას მოსავალი დაულპა, რეალიზაციის პრობლემა შეგვექმნა“ –  ამბობს იოსები.

 

 

გლეხები პრობლემაზე საუბრისას ამბობენ, რომ კარტოფილიდან მიღებული შემოსავალი ხშირ შემთხვევაში მის მოსაყვანად და ტრანსპორტირებისთვის გაწეულ ხარჯს ვერ ანაზღაურებს, რის გამოც გასულ წელს მოსახლეობამ კარტოფილი წინა წლებთან შედარებით ნაკლები დარგო.

 

 

კარტოფილი ჯერ არ დაუთესავს სოფელ თაგოში მცხოვრებ ლევან ბოლქვაძეს. ის ამბობს, რომ გასაღების პრობლემის გამო გლეხი იძულებულია მხოლოდ იმდენი მოიყვანოს, რაც პირადი მოხმარებისთვის სჭირდება.

 

 

„წინა წლებში თუ 10 ტონა კარტოფილი მომყავდა, გასულ წელს 5 ტონა მოვიყვანე. წელს ჯერ არ დამითესია, მაგრამ იმ რაოდენობისას აღარ დავრგავ, როგორც ადრე. როცა ჩვენთან კარტოფილი შემოდის, ბაზარზე იაფდება და მოყვანის საფასურს არ აჭარბებს. გასაყიდად კარტოფილი მოსახლეობას იალაღზეც მოჰყავდა, ახლა მხოლოდ თითო-ოროლა ამუშავებს. მართალია, რთულია საცხოვრებელი სახლიდან კილომეტრობით დაშორებულ ადგილზე მიწის დამუშავება, მაგრამ, როცა სხვა გამოსავალი არ გაქვს, რა უნდა ქნა. იმ იმედით ვრგავდით, რომ კარგი ფასი ექნებოდა, დაიმედებულებს არაერთხელ შეგვინახავს კარტოფილი, ფასი მოემატებაო და გაფუჭებული გადაგვიყრია კიდეც. საუკეთესო ხარისხის კარტოფილი შარშანწინ 20 თეთრად ჩავაბარე, მაშინ, როცა ერთ ტომარა აზოტში 50 ლარი გადავიხადე. განა ღირს ჩვენი შრომა? ბათუმში რომ ჩახვიდე, 10 ლარი გჭირდება, ერთი ტომრის გადატანაში 2 ლარს იხდი და როცა 20 თეთრში აბარებ, რა გრჩება მუშაობის გარდა? რაც დავხარჯე, ის თანხაც ვერ მივიღე. არ დავრგეთ და წელს შედარებით კარგი ფასი ჰქონდა“ –  ამბობს ლევანი.

 

 

მოწეულ მოსავალს ზოგიერთი გლეხი შემოდგომაზე, ადგილობრივ ბაზარზე, გადამყიდველთან ყიდის, ზოგიერთი სპეციალურად, მიწაში მოწყობილ სათავსოში ინახავს, რადგან, როგორც აქაურები ამბობენ, შემოდგომაზე, მაშინ, როცა ხულოში კარტოფილი შემოდის, საბაზრო ღირებულება დაბალია, გაზაფხულზე ფასი მატულობს და გაძვირებას ელოდებიან.

 

 

როგორც გლეხები ყვებიან, პრობლემა კარტოფილის გაყიდვის დროსაც ექმნებათ. მათი თქმით, ბათუმის ბაზარში გლეხი კარტოფილის გაყიდვას ვერ ახერხებს, რადგან ბაზარში ყველა დახლი დაკავებულია, მიმდებარე ტერიტორიაზე კი კარტოფილით სავსე ტომრის განთავსების უფლებას პოლიციელები არ აძლევენ. საბოლოოდ გლეხი იძულებულია კარტოფილი გადამყიდველს ბითუმად მიჰყიდოს.

 

 

„ჯერ მოყვანაა პრობლემა, მერე გაყიდვა. ქალაქში ჩაიტან და გადამყიდველს ნაკლებ ფასში უნდა მიჰყიდო, რადგან შენ ვერ გაყიდი, ბაზარში ადგილი არ არის, გარეთ დადგომის უფლებას არ გაძლევენ. წელს კარტოფილის გასაღების პრობლემა არ მქონდა, ყველაზე კარგი ხარისხის 50 თეთრად ჩავაბარე, მაგრამ შარშან ნახევარი მოსავალი  დამილპა და გადავყარე. რა ფასიც ჰქონდა, იმისთვის ქალაქში ჩატანა არ ღირდა,“ – ამბობს შოთა თავართქილაძე.

 

 

მოსახლეობა გამოსავალს კარტოფილის მიმღები პუნქტის გახსნაში ხედავს.

 

 

„კარტოფილი ჩვენი მოსახლეობის მარჩენალია, მაგრამ რეალიზაციის პრობლემის მოგვარების კუთხით არაფერი იცვლება. მოსახლეობას ურჩევნია თურქეთიდან შემოტანილი კარტოფილი იყიდოს, რადგან იაფია, მყიდველი არჩევანს ფასზე აკეთებს და არა ხარისხზე, რის გამოც ჩვენი კარტოფილი კონკურენციას გენმოდიფიცირებულ პროდუქტს ვერ უწევს. შარშან საუბრობდნენ კარტოფილის, რძისა და ხორცის გადამამუშავებელი საწარმო და სასაკლაო უნდა გაკეთდეს ხულოშიო, გაკეთებაზე რომ არაფერი ვთქვა, წელს საუბარიც კი აღარ არის. თუ ვინმე წასვლის საშუალებას პოულობს, ყველაფერს ყიდის და საცხოვრებლად ქალაქში გარბის, გამოსავალს მხოლოდ წასვლაში ხედავს“ –  ამბობს ვახტანგ მიქელაძე.

 

 

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწე სოფლის მეურნეობის დარგში გურამ შაინიძე ამბობს, რომ პრობლემების მოგვარება მუნიციპალიტეტის დონეზე შეუძლებელია: „კომუნისტების დროიდან მოყოლებული მოსახლეობა ითხოვდა ხილისა და კარტოფილის გადამამუშავებელი საწარმოების აშენებას, თუმცა დღემდე ვერ მოხერხდა. მწირი ბიუჯეტიდან გამომდინარე მუნიციპალიტეტს პრობლემის მოგვარების რესურსი არ გააჩნია. ამ შემთხვევაში სოფლის მეურნეობის სამინისტრომ აქტიური როლი უნდა ითამაშოს, ინვესტორი მოიძიოს, დააინტერესოს ხულოში მცირე საწარმოების გახსნაში. მოსავლის იმ ნაწილს, რომელიც ბაზარზე არ გადის და მოსახლეობა პირუტყვის საკვებად იყენებს, ჩააბარებს მაინც“.

 

 

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოსო აბულაძე კი აცხადებს, რომ სამინისტრო აქტიურად მუშაობს ინვესტორების მოძიებაზე, თუმცა დაინტერესება არ არის: „პრიორიტეტულია გადამამუშავებელი საწარმოები შეიქმნას, ინვესტორებთან ამის თაობაზე აქტიური მოლაპარაკებები გვაქვს, თუმცა დაინტერესება ნაკლებია. გამოსავალი კოოპერატივის შექმნაა, სამინისტრო ამ კუთხით მუშაობს. კოოპერატივის შექმნით ფერმერს უადვილდება მოსავლის მოყვანა-რეალიზება. კარტოფილის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიებთან დაკავშირებით შემოტანილი გვაქვს კარტოფილის სარგავი, რომელსაც მომდევნო კვირას გადავცემთ მოსახლეობას და კარტოფილის მოვლა-მოყვანის  მთელი ციკლი მექანიზირებული გახდება“.

 

 

მინისტრის მოადგილის თქმით, მაღალი მოსავლიანობისთვის საჭიროა აგროტექნიკის ზუსტი დაცვა, ხარისხიანი თესლი, მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში კი მოძველებული თესლია შემორჩენილი, რომელიც იმ რაოდენობის მოსავალს ვეღარ იძლევა: „კომპანია  „მემამულეთა კავშირმა“ ხულოში წელს შეიტანა კარგი კარტოფილის თესლი, რომლის შეძენისას ფირმა გლეხს, შხამ-ქიმიკატებით უფასოდ მოამარაგებს და კონსულტაციასაც უფასოდ გაუწევს“.

 

 

ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატის, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის დავით ქათამაძის თქმით, „გლეხს, ფერმერს უნდა ჰქონდეს გარანტია სახელმწიფოს მხრიდან, რომ მის მიერ წარმოებულ პროდუქციაზე (ამ შემთხვევაში კარტოფილზე) მოთხოვნა იქნება და არ იზარალებს. სხვა შემთხვევაში, თუ ეს გარანტია არ აქვს, ეს აგრობარათები და სასუქების დარიგება ვერ იმუშავებს. თუ რეალიზაციის გარანტია ექნება ფერმერს, ის სასუქის ფულს თავად გამონახავს“.

 

 

დავით ქათამაძე განმარტავს, რომ სოფლის მეურნეობა თითქმის ყველა ქვეყანაში დოტაციაზეა, ამიტომ ამ შემთხვევაშიც ამ დარგს აუცილებლად სჭირდება სახელმწიფოს მხარდაჭერა: „ინვესტორი, ბუნებრივია, არ დაინტერესდება, ვინაიდან ის კარტოფილით მოგებას ვერ ნახავს. დარგი რენტაბელური რომ იყოს, თავის თავს თვითონ დააფინანსებდა“.

 

 

ეკონომისტის აზრით, სახელმწიფომ კარტოფილის ფასის მინიმალური ზღვარი უნდა დააწესოს: „მაგალითად, უხვმოსავლიანობის დროს ფასი მკვეთრად რომ არ დაეცეს, პროდუქცია უნდა შეისყიდოს სახელმწიფომ. თანაც პარტიობით იმდენჯერ, რამდენჯერაც ფასი მიუახლოვდება ამ დადგენილ მინიმუმს. შემდეგ კი ამ პროდუქტს სახელმწიფო გაიტანს ექსპორტზე ან დააბრუნებს ისევ შიდა ბაზარზე დეფიციტის დროს, როცა წარმოების სეზონი არ იქნება. ეს იქნებოდა გლეხებისადმი მხარდაჭერის ძლიერი მექანიზმი“.

 

 

დავით ქათამაძის თქმით, დღეს სახელმწიფო ბაზარს იმპორტისგან სეზონურად მაინც იცავს: „როცა მოდის ადგილობრივი მოსავალი, სახელმწიფო ახდენს დაბრკოლებას ბაზარზე, რომ ვერ მოხვდეს იმპორტირებული კარტოფილი. როცა წარმოების სეზონი გადაივლის, შემდეგ უშვებს იმპორტს. ანუ, სად და როდის უნდა გაიყიდოს თურქული კარტოფილი, ეს კონტროლირებადია. პერიოდულად, როცა კილოგრამი კარტოფილის ფასი ბაზარზე, მაგალითად, 1,3 ლარი ან მეტია, მაშინ შემოუშვებს თურქულ კარტოფილს, მაგრამ როცა ფასი ეცემა 50-40 თეთრამდე, არ შემოუშვებს. ეს ბარიერი არის“.

 

 

კარტოფილზე დღეს არსებული ფასები მეზობელ სახელმწიფოში კარტოფილის კიბოს დაავადების გავრცელების შედეგია – თურქეთიდან არ შემოვიდა პროდუქტი და ვერც ადგილობრივი კარტოფილი  მიეწოდება ბაზარს საკმარისი რაოდენობით.

 

 

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე კარტოფილთან დაკავშირებით მხოლოდ 2010-2011 წლების სტატისტიკაა განთავსებული. სამინისტროს ინფორმაციით ერთ სულ ადამიანზე წლიური მოთხოვნა (კვების ფიზიოლოგიური ნორმით) კარტოფილზე 96,7 კილოგრამია. მაგალითად, 2011 წელს აჭარის მოსახლეობის მოთხოვნა კარტოფილზე 38680 ტონა, ხოლო ტურისტების მოთხოვნა 2650 ტონა იყო. ადგილზე წარმოებულმა კარტოფილის მოსავალმა კი 50000 ტონა (ანუ, მთლიან მოთხოვნაზე თითქმის 8670 ტონით მეტი) შეადგინა. ამ მონაცემებში, ბუნებრივია, არ შედის იმპორტირებული და სხვა რეგიონებიდან შემოტანილი პროდუქტის რაოდენობა.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ეკა ბარამიძე