მთიანი აჭარა

ვინ მიიღებს მოტობლოკს

12.03.2014 • 1692
ვინ მიიღებს მოტობლოკს

 

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ფერმერებს მარტივი ტიპის სასათბურე კონსტრუქციებს, მრავალწლოვანი კულტურის ნერგებს, სკას, თაფლის საწურ „ციბრუტს“, დეფეკაციურ ტალახსა და მოტობლოკს თანადაფინანსებით გადასცემს.

 

 

ფერმერმა მიზნობრივი პროგრამით რომ ისარგებლოს, ადგილობრივ მუნიციპალიტეტის გამგეობას წერილობით უნდა მიმართოს, მუნიციპალიტეტები შესული განცხადების საფუძველზე შექმნიან ერთიან ბაზას, რომელსაც განსახილველად აჭარის სოფლის მეურნეობის  სამინისტროს გადაუგზავნიან.

 

 

ხუთი მიზნობრივი პროგრამიდან ყველაზე მეტი მოთხოვნა აჭარის მაღალმთიანეთში მრავალფუნქციურ მოტობლოკზე მოდის.

 

 

პროგრამით აჭარაში სულ 360 მოტობლოკი უნდა გაიცეს, მხოლოდ ქედაში კი – 315 ფერმერი ითხოვს მოტობლოკს, შუახევში – 200, ხულოში კი – 310 ფერმერი.

 

 

ვინ მიიღებს სახელმწიფოსგან თანადაფინანსებით მოტობლოკსა თუ სასათბურე კონსტრუქციას, ამაზე აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილი სპეციალური კომისია იმსჯელებს და საბოლოო გადაწყვეტილებასაც ის მიიღებს.

 

 

ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მათ მხოლოდ განცხადებები შეჰყავთ ბაზაში და არ იციან, თუ როგორ და რა პრინციპით შეარჩევს ფერმერებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომისია.

 

 

„ვფიქრობ, მოტობლოკი თემების მიხედვით გადანაწილდება და ყურადღება იმ განცხადებას მიექცევა, ვისაც მეტი ფართობი აქვს მოსახნავი, რაც შეეხება სასათბურე კონსტრუქციას, სულ 30 განაცხადი შემოვიდა, ისეთი მოთხოვნა არ არის, რომ ვერ დაკმაყოფილდეს. თუმცა როგორ და რა პრინციპით გადანაწილდება, ვერ გეტყვით,“ _  ამბობს ხულოს გამგებლის მოადგილე ნოდარ მიქელაძე. მისი თქმით, ყველაზე მეტი მოთხოვნა ხულოში ფუტკრის სკასა და მოტობლოკზეა, მოსახლეობა სულ 500 სკას და 310 მოტობლოკს ითხოვს. 

 

 

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწე სოფლის მეურნეობის საკითხში ჯუმბერ აბაშიძე ამბობს, რომ მოტობლოკების შემდეგ ყველაზე დიდი მოთხოვნა შუახევში მრავალწლოვანი მცენარეების ნერგებზე მოდის.

 

 

„მოსახლეობა მოცვის, კაკლისა და კივის ნერგს ითხოვს. რამდენს მოგვცემენ არ ვიცით, ჩვენ მხოლოდ განცხადებებს ვიღებთ და ვადგენთ მონაცემთა ბაზას, რომელსაც სამინისტროს ვუგზავნით. განცხადების შემოტანა გრძელდება და მონაცემები ყოველდღიურად იცვლება“, _ ამბობს ჯუმბერ აბაშიძე.

 

 

ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწის მერაბ ტაკიძის თქმით, გასულ წელს ყურადღება საერთო განცხადებას მიექცა და იმედოვნებს, რომ წელსაც ასე იქნება.

 

 

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ავთანდილ მესხიძის განცხადებით, ყველა პროგრამას თავისი კრიტერიუმი აქვს, პირველ ეტაპზე კოლექტიური განცხადებები დაკმაყოფილდება:

 

 

„სამინისტროს კომისიაში ყველა მუნიციპალიტეტიდან არის წარმომადგენელი. პირველ რიგში ყურადღება კოლექტიურ და კოოპერატივების მიერ შემოტანილ განცხადებას მიექცევა. რაც შეეხება ინდივიდუალურ განცხადებას, პირველად იმ ფერმერის განცხადება დაკმაყოფილდება, რომელმაც გასულ წელს ვერ ისარგებლა მიზნობრივი პროგრამით. თუ ერთი ბენეფიციარი ერთდროულად მოტობლოკს, ნერგს და სკას ითხოვს, ვერ გავცემთ ყველაფერს, ისე ვერ მოვიქცევით, რომ ერთს ყველაფერი ერგოს და სხვას არაფერი. ყველა პროგრამას თავისი კრიტერიუმი აქვს, მაგალითად, დეფეკაციურ ტალახს მას მივცემთ, ვის ნიადაგზეც გამოყენების რეკომენდაციაა გაცემული; სასათბურე კონსტრუქციის შემთხვევაში განმსაზღვრელი კრიტერიუმი კი ვაკე ადგილი და მებოსტნეობაა. ამ კუთხით ქედას, ქობულეთსა და ქალაქს შემოერთებულ ტერიტორიებს გამოვყოფ, სათბური ხელვაჩაურში უფრო გაამართლებს, ვიდრე ხულოში, სადაც სამი მეტრი თოვლი მოდის“, _ განმარტავს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ავთანდილ მესხიძე.

 

 

მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში სამინისტრო აჭარის მასშტაბით თანადაფინანსებით 250 სასათბურე კონსტრუქციას, 360 – მოტობლოკს, 964 – სკას, 30 – თაფლის საწურ „ციბრუტს“, 8000 ტონა – დეფეკაციურ ტალახს, 8 000 – კაკლის, 3500 – სუბტროპიკული ხურმის, 13 750 – მოცვის და 2000 ძირ კივის ნერგს გასცემს.

 

 

მოტობლოკის, სასათბურისა და ნერგების შეძენისას ფერმერი საერთო ღირებულების 30%-ს გადაიხდის, 70%-ს სახელმწიფო დაფარავს. რაც შეეხება ერთი ტონა დეფეკაციური ტალახის, სკისა და „ციბრუტის~ შეძენას, ფერმერი საერთო ღირებულების 40%-ს გადაიხდის, 60%-ს კი _ სახელმწიფო.

 

 

პირველ ეტაპზე სამინისტრო „მრავალწლიანი ხეხილოვანი კულტურების ნერგებით ფერმერთა უზრუნველყოფის ხელშეწყობის“ პროგრამას განახორციელებს. ნერგების დარიგება მარტიდან დაიწყება, თუმცა როგორ გადანაწილდება მუნიციპალიტეტებს შორის ნერგები, არც ეს არის დაზუსტებული. ავთანდილ მესხიძე ამბობს, რომ ამას მუნიციპალიტეტებში არსებული მოთხოვნა განსაზღვრავს.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: