მთიანი აჭარა

ბათუმს ტრანსფერები შეუწყდა

28.12.2012 • 1664
ბათუმს ტრანსფერები შეუწყდა

ტრანსფერების შეწყვეტის თაობაზე ბათუმის მერმა ჯემალ ანანიძემაც განაცხადა. „ტრანსფერების შეჩერების შედეგადაც ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის გაკეთებაც მომავალი წლისთვის იყო დაგეგმილი, აღარ განხორციელდება“ _ თქვა მან.

 

ამ პროექტებიდან ერთ-ერთი დროებითი თავშესაფრის პროექტია, რომელიც ურეხის ყოფილი ბავშვთა სახლის ბაზაზე უნდა გახსნილიყო. მერის განცხადებით, შეჩერდება ორი სოციალური სახლის მშენებლობაც, ქალაქის ნაწილში სანიაღვრე სისტემებისა და ჟილინის არხის კაპიტალური რეაბილიტაცია. ახალი ბიუჯეტის ფარგლებში განახევრდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშემწყობი პროგრამა და შეჩერდა ქალაქისთვის მუნიციპალური ავტობუსების შეძენა.

 

„დასახელებულ პროექტებზე უნდა დასაქმებულიყო ჩვენი ქალაქის 5 000 მკვიდრი, რაც დაახლოებით 2 0000 მოქალაქის კეთილდღეობაზე აისახებოდა“ _ აცხადებს ჯემალ ანანიძე. იგი ამბობს, რომ აღნიშნული პროექტების აუცილებლობაში ცენტრალური ხელისუფლების დარწმუნება იმიტომ ვერ მოხერხდა, რომ ხელისუფლებას ბიუჯეტის პროექტი არ განუხილავს: „არსებობს მოსაზრება, რომ რადგან თვითმმართველობას ყოფილი სახელისუფლებო გუნდი მართავს, ამ პირობებში არ მოხდება თვითმმართველობების ბიუჯეტის ზრდა.“

 

საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი კირთაძის განცხადებით, ტრანსფერების რაოდენობა შეამცირა აჭარის მთავრობამაც: „უნდა ყოფილიყო 18 მილიონი და მოგვცეს ექვსი მილიონი“. რაც, კირთაძის განცხადებით, გარკვეულ პრობლემებს შექმნის. აღარ დაფინანსდება ბათუმის ცენტრალური სტადიონის მშენებლობა, შეფერხდება ქუჩების კეთილმოწყობა, ისტორიული ბათუმის რეაბილიტაცია. სავარაუდოდ, აღარ დაფინანსდება ეკოლოგიური ელექტრომობილების შესყიდვაც, რასაც მერია მომავალი წლისთვის გეგმავდა. „აღარ დაფინანსდება საცხოვრებელი კორპუსების თბოიზოლაციის პროგრამა, რომელიც ქალაქში არსებული ყველა მაღლივი კორპუსის შეფუთვას ითვალისწინებდა. და ყველაზე ცუდი ის არის, რომ გარდა იმისა, რომ ქალაქის ინფრასტრუქტურა წესრიგდებოდა, ამით ადამიანებიც საქმდებოდნენ“ _ აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარე.
2013 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ბათუმი მხოლოდ გამოთანაბრებით ტრანსფერს 44 მილიონ ლარს მიიღებს, სპეციალური ტრანსფერიდან კი _ არც ერთ თეთრს.

 

87 მილიონიდან შრომის ანაზღაურებაზე შვიდი მილიონ 896 ათასი ლარი დაიხარჯება. აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის უზრუნველყოფისთვის, მათი ფინანსური და ფისკალური საქმიანობისთვის 15 მილიონი ლარია გათვალისწინებული, თავდაცვის სფეროზე კი _ 45 ათასი ლარი, ეკონომიკური საქმიანობის სფერო, რომელიც მოიცავს ინფრასტრუქტურის განვითარებას, რეაბილიტაციას და ექსპლოატაციას, დაფინანსებული იქნება 48 მილიონ 672 ათასი ლარით. ამაში შედის გზების, ქუჩების, ტროტუარების კეთილმოწყობა, ხარჯები მუნიციპალური სატრანსპორტო სისტემის მართვისთვის, კომუნალური ინფრასტრუქტურის დაფინანსება, დასუფთავებისა და გარეგანათების ხარჯები.
განათლების სფეროზე შვიდი მილიონი ლარია გამოყოფილი, რომელიც საბავშვო ბაღების დაფინანსებას მოხმარდება.

 

კულტურის სფერო ცხრა მილიონ 387 ათასი ლარით დაფინანსდა, ჯანდაცვა _ ერთი მილიონ 881 ათასი ლარით, სოციალურ სფეროზე კი ოთხი მილიონ 450 ათასი ლარი დაიხარჯება.

 

ბათუმის საკრებულოს დაფინანსება ერთი მილიონ 600 ათასი ლარით განისაზღვრა. აქედან ერთი მილიონ 179 ათასი ლარი შრომით ანაზღაურებაზე მოდის.

 

 

აჭარის ბიუჯეტი ფინანსური დახმარების გარეშე



ისევე როგორც ბათუმის ბიუჯეტი, აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიც 2013 წელს ტრანსფერების გარეშე დარჩა. ცენტრალური ბიუჯეტიდან აჭარისთვის არც ერთი თეთრი არ გადმოირიცხება, რაც იმას ნიშნავს, რომ რესპუბლიკურ ბიუჯეტში გათვალისწინებული ხარჯები მთლიანად საკუთარი შემოსავლებიდან დაფინანსდება. ბიუჯეტის საპროგნოზო მაჩვენებელი მომავალი წლისთვის 128 მილიონ 012,5 ათასი ლარია. თუმცა, აჭარის მთავრობა არ გამორიცხავს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი 110 მილიონი ლარით განისაზღვროს.

 

ცენტრალური ბიუჯეტიდან ტრანსფერების შეწყვეტის მიზეზად ბიუჯეტის პროექტში რეგიონის ეკონომიკური ზრდის ტემპი და სოციალური ფონის გაუმჯობესება სახელდება. „რაც განაპირობებს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, დასაქმებულთა რიცხოვნობის ზრდას და სამეწარმეო სექტორის გააქტიურებას“ _ აღნიშნულია მთავრობის მიერ წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტში.

 

შემცირებული ბიუჯეტის ფონზე აჭარის მთავრობა 2013 წლის პრიორიტეტებს ასახელებს. ერთ-ერთ პრიორიტეტად გარემოს დაცვაა მიჩნეული, რაც გულისხმობს გარემოს ინტეგრირებული მართვის ხელშეწყობას და ტყის მდგრად მართვას. „არანაკლებ მნიშვნელოვანია გეოლოგიური მონიტორინგი, სანაპირო ზოლის დაცვა და საზოგადოების ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება~ _ ვკითხულობთ ბიუჯეტის პროექტში.

 

მთავრობა შემდეგ პრიორიტეტად გზებს მიიჩნევს, მათ რეაბილიტაციას, ხიდების შეკეთებას და აღდგენას, მუნიციპალურ ცენტრებთან ისტორიულ ძეგლებსა და ტურისტულ ადგილებთან მისასვლელი გზების მოწესრიგებას, სამელიორაციო სისტემებისა და ჰიდროტექნოლოგიური ნაგებობების რეაბილიტაციას.

 

შემდეგ პრიორიტეტად სახელდება ტურიზმი. მისი განვითარებისთვის მთავრობა გეგმავს მარკეტინგული სარეკლამო საქმიანობის გაზრდას, ახალი ტურისტული პროდუქტის შექმნას, ახალი ტურისტული მარშრუტების შემუშავებას და ორგანიზებას, საინფორმაციო სქელის განვითარებას. ასევე მონაწილეობას საერთაშორისო ფესტივალებში, საინფორმაციო პროდუქციის მომზადებას და გავრცელებას საერთაშორისო ბაზარზე.

 

პრიორიტეტად ცხადდება ასევე განათლება, რაც გულისხმობს საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას და ხარისხზე ზრუნვას, სკოლებისა და სკოლა-პანსიონების რეაბილიტაციას, საჯარო სკოლების მასწავლებლებით უზრუნველყოფას, უცხო ენებისა და კომპიუტერული პროგრამების სწავლებას, ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობას, მათემატიკის გაძლიერებულ სწავლებას, უცხოეთში სტაჟირების მიზნით ახალგაზრდების გაგზავნას.
ჯანდაცვის პრიორიტეტებად მთავრობა კონკრეტული პროგრამების განხორციელებას განიხილავს. კერძოდ, გადაუდებელ და გეგმიურ ჰოსპიტალურ მომსახურებას, ონკოლოგიურ დახმარებას, ბავშვთა რეაბილიტაციას, კარდიოქირურგიულ მკურნალობას, სოფლის მოსახლეობისთვის ექიმამდელი სამედიცინო დახმარების მიწოდებას.

 

სოციალური კუთხით კი მთავრობა მზრუნველობამოკლებულ და მიუსაფარ პირთა დასახმარებლად, სოციალური აქტივობების განხორციელებას მიიჩნევს საჭიროდ. „ამ მხრივ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მარტოხელა დედებს და ორსულ ქალებს, რომელთა შვილები წარმოადგენენ მიტოვების რისკს, აღნიშნული პირებისთვის მატერიალური და მორალური მხარდაჭერისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას“;
მაღალმთიანი რეგიონებისთვის კვალიფიციური კადრების მომზადებას და სამედიცინო პერსონალის სტიმულირებას მათთვის ხელფასის დანამატის დანიშვნით;

 

გარკვეული კატეგორიის სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრებისა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისთვის პროფესიული სწავლება-გადამზადებას.

 

მთავრობის განცხადებით, სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით, 2013 წელს სოფლებში უნდა გაიზარდოს ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და კონკურენტუნარიანი პროდუქცია. ამისთვის მნიშვნელოვანია ფერმერების სასათბურე კონსტრუქციებით უზრუნველყოფა, ფერმერების ხეხილოვანთა ნარგავებით უზრუნველყოფა, მეფუტკრეობის ხელშეწყობა.

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი