მთავარი,სიახლეები

სასჯელი დედას შვილის ცემისთვის

15.07.2017
სასჯელი დედას შვილის ცემისთვის

„სასამართლომ დაადგინა: საცხოვრებელ სახლში ყოფნისას ზ.მ.-მ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ხელის, მკლავისა და ზურგის არეში დარტყმებით, წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფ არასრულწლოვან შვილს მიაყენა დაზიანებები, რამაც ამ უკანსასნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია…“ – ეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენში წერია, რომლითაც დედას ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა საკუთარი შვილის ცემისთვის. სასჯელი მას პირობით გამოსაცდელი ვადით ჩაეთვალა.

საუბარია გასული წლის ივლისში ქობულეთში მომხდარ შემთხვევაზე, როცა დედამ 4 წლის ბიჭი სასტიკად სცემა და მეორე დილით თვითონ მიიყვანა საბავშვო ბაღში. ჩალურჯებები ბავშვის სხეულზე ბაღის აღმზრდელმა შეამჩნია და პოლიციას დაურეკა.

შვილზე ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულმა დედამ დანაშაული დაკავებისთანავე აღიარა. მას პროკურატურამ ბრალად დასდო მეორე არასრულწლოვან შვილზე ძალადობაც, რადგან ის ცემის ფაქტის თვითმხილველი იყო. დაცვის მხარეს პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია.

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილის მიერ ხელმოწერილ გადაწყვეტილებაში ნახავთ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნასაც, რომლის მიხედვითაც: „ბავშვს აღენიშნებოდა ნაჭდევი და სისხლნაჟღენთები სხეულის სხვადასხვა არეში, რაც განვითარებულია რაიმე მკრივი, ბლაგვის საგნის ზემოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანების მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია“.

მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმება შედგა. „კონტროლი მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის ბიუროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით,“ – ვკითხულობთ განაჩენში.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: