მთავარი,სიახლეები

მოქალაქემ, რომელსაც 4 წელია შუქი არ აქვს, სახელმწიფოს სასამართლო დავა მოუგო

26.04.2017
მოქალაქემ, რომელსაც 4 წელია შუქი არ აქვს, სახელმწიფოს სასამართლო დავა მოუგო

მოქალაქე დავით ცინცაძემ სასამართლოს ყველა ინსტანცია მოუგო ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს. მისი ოჯახი მწვანე კონცხზე, ყოფილი სანატორიუმის ერთ-ერთი შენობაში თვითნებურადაა შესახლებული და 4 წელია უშუქოდაა დარჩენილი.

სახელმწიფოს კუთვნილ შენობაში დავით ცინცაძე 2006 წლიდან ცხოვრობს. მეზობელთან, ვისგანაც ელექტროენერგიის ხაზი ჰქონდათ გამოყვანილი, ცინცაძეებს კონფლიქტი მოუვიდათ. მეზობელმა კი ელექტროენერგიით სარგებლობაზე უარი უთხრა.

„ენერგო-პრო ჯორჯიამ“ დავით ცინცაძე, შენობის მესაკუთრის თანხმობის გარეშე, ცალკე აბონენტად არ დაარეგისტრირა. შენობის მესაკუთრე, ქონების მართვის ეროვნულმა სააგენტომ კი, დავით ცინცაძეს არ მისცა თანხმობა, ამ შენობაში აბონენტად დარეგისტრირებულიყო.

დავით ცინცაძემ სასამართლოს მიმართა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს დაავალა, გაეცა ნებართვა სახელმწიფო ქონების დროებით სარგებლობაზე, რომლის საფუძველზეც „ენერგო პრო ჯორჯია“ შეძლებდა დავით ცინცაძის ოჯახის ცალკე აბონენტად დარეგისტრირებას.

სასამართლომ მიიჩნია, რომ თვითნებურად შესახლების მიუხედავად, ნებისმიერი მოქალაქე იმსახურებს ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობების ქონის უფლებას. სასამართლოს გადაწყვეტილება ენერგოკომპანიას აღარ გაუსაჩივრებია. სააგენტომ კი სააპელაციო წესით გაასაჩივრა, თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ თამარ ბურჯანაძის გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა. ქონების მართვის სააგენტომ ამჯერად უზენაეს სასამართლოს მიმართა.

უზენაესი სასამართლოს პასუხი დავით ცინცაძემ უკვე მიიღო. გადაწყვეტილება ცინცაძის სასარგებლოდაა და მას ვეღარ გაასაჩივრებს ქონების მართვის სააგენტო, რომელიც წლების განმავლობაში მოქალაქეს უარს ეუბნებოდა ელექტროენერგიით სარგებლობაზე.

„ჩვენ წავაგეთ ყველა სასამართლო პროცესი და ბუნებრივია, აღსრულდება სასამართლოს გადაწყვეტილება,“- უთხრეს დღეს „ბათუმელებს“ ქონების მართვის სააგენტოს პრესცენტრში. უწყებაში ვერ დაგვიკონკრეტეს, სააღსრულებო ფურცელს დაელოდებიან, რასაც გარკვეული დრო კიდევ დასჭირდება, თუ პირდაპირ გაუგზავნიან თანხმობას „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დავით ცინცაძის ოჯახისთვის შუქის მიწოდების შესახებ.

„ოთხი დღის წინ მივმართე სააგენტოს წერილობით, რომ დაჩქარებულად მომხდარიყო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება. პასუხი სააგენტოსგან არ მიგვიღია. ასევე მივმართე სასამართლოს სააღსრულებო ფურცლის მისაღებად. თუ სააგენტო პასუხს არ გაგვცემს, მაშინ აღსრულების ეროვნულ ბიუროს მივმართავთ და იმედია, მალე ექნება შუქი დავით ცინცაძის ოჯახს,“ – გვითხრა გივი მამულაძემ, ორგანიზაცია „სიმართლის და სამართლის, ჩაგრულთა და პატიმართა უფლებების დაცვის“ ხელმძღვანელმა. ის სასამართლოში დავით ცინცაძის ინტერესებს იცავდა.

ამავე თემაზე:

სახელმწიფოს პრინციპულობა ადამიანის წინააღმდეგ – 4 წელი უშუქოდ 

 

davit cincadze

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: