სიახლეები

ფიროსმანის ქუჩა რეკონსტრუქციის შემდეგ

02.09.2013
ფიროსმანის ქუჩა რეკონსტრუქციის შემდეგ

 

 

სარეკონსტრუქციო სამუშაოები შ.პ.ს. „გზამ“ შეასრულა. ხელშეკრულების მიხედვით შ.პ.ს. „გზას“ სამშენებლო ვადა 25 ნოემბრამდე აქვს განსაზღვრული, თუმცა რეალურად სამუშაოები უკვე დასრულებულია.

 

შემოსავლების სამსახურის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ახლად დაგებულ ასფალტზე რამდენიმე  მცირე მონაკვეთი დაზიანებულია.

 

 

„ბათუმელებმა“ ამის დამადასტურებელი ფოტოც აჩვენა  შ.პ.ს „გზას“. კომპანიის ტექნიკური დირექტორი ალექსანდრე ბაღათურია განმარტავს, რომ: „სურათზე ნაჩვენები ასფალტის დაზიანება აშკარად გამოწვეულია JCB ტიპის ექსკავატორის წინა კოვშის დარტყმის გამო. ამას ადასტურებს დაზიანებული წერტილებს შორის მანძილი. შესაბამისად აქ არ დგას ასფალტის დაგების ხარისხის საკითხი და საქმე გვაქვს განზრახ ან დაუდევრობის გამო ასფალტის საფარის დაზიანებასთან, რომელიც გამოწვეულია მძიმე ტექნიკით“.

 

ნომერ 24 სამარშტო ტაქსის მძღოლი ჯუმბერ კოშორაძე კმაყოფილია ქუჩის განახლებით: „შემოვლითი გზებით დავდიოდით. ხალხი წვალობდა და ფეხით უხდებოდათ ქუჩებზე გადასვლა.“  მას ჯერჯერობით შეკეთებული ქუჩისთვის წუნი არ შეუმჩნევია.  იგი ახლა ბათუმში გაუმართავსი გზის სხვა მონაკვეთზე წუხს:

 

„ავტოსადგურიდან ბონამდე გზა შესაკეთებელია, ბევრი იამებია, საცობია და ჭირს მოძრაობა, კარგი იქნება ეს მონაკვეთიც თუ გაკეთდება“ – ამბობს სამარშუტო ტაქსის მძღოლი.

 

 

მერიის პრესსამსახურის ცნობით ფიროსმანის ქუჩის რეკონსტრუქციის ღირებულება 2 მლნ 349 ათას 500 ლარი დაჯდა.

 

 

 „პროექტის ფარგლებში რეკონსტრუქციამ 1036 მეტრი გზის მონაკვეთი მოიცვა, რომელშიც ასევე შედის ხიმშიაშვილის ქუჩაზე ახალი დამაკავშირებელი ჩიხის გაკეთება.  გამოიცვალა ასწლიანი საკანალიზაციო სისტემა, დამონტაჟდა განათება და ბორდიურები, გამოიცვალა  ტროტუარის ფილები და დაიგო ასფალტი“,  – ამბობენ მერიის პრესსამსახურში.

 

 

ბათუმის ავტოტრანსპორტის მიერ ქუჩაზე გაკეთებულია ავტობუსის გაჩერების ნიშნულები, თუმცა არ არის დამონტაჟებული მოსაცდელები. საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების ერთი საინფორმაციო დაფის დადგმა 220 ლარამდე ჯდება, მოსაცდელების დამონტაჟება კი გაცილებით ძვირიო, ამბობს ბათუმის ავტოტრანსპორტის დირექტორი გიორგი ლორია.

 

„იქიდან გამომდინარე, რომ ბათუმი წვიმიანი ქალაქია, რთულია ქუჩაში ათი წუთი დგომა, ამიტომ ვფიქრობ, საჭიროა მოსაცდელების გაკეთება, თუმცა ეს ქალაქის საკრებულომ უნდა გადაწყვიტოს, გამოყოს თანხები და გამოაცხადოს ტენდერი“ – აცხადებს გიორგი ლორია.

 

 

გარდა იმისა, რომ ქუჩას რესტავრაცია ჩაუტარდა, გაკეთდა სავალი გზის გამყოფი ზოლიც,  სადაც 64  პალმაა დარგული.

 

პალმებით გალამაზებული ქუჩა ასევე მოსწონს ფიროსმანზე მცხოვრებ ნინო თურმანიძესაც, თუმცა უფრო მეტის გაკეთების სურვილს გამოთქვამს, იგი ამბობს, რომ ეს ცვლილება არ ეხება იმ ოჯახებს, ვისი ოთახებიც ქუჩის მხარეს არ მდებარეობს:

 

„მოგვწონს ახალი სტილის გზა, ის რომ რაღაც კეთდება, მაგრამ ეს არის ქუჩის მხარე. ბინის იქით კი არ გვივარგა ეზო, არ გვაქვს ბავშვებისთვის გასართობი და დასაჯდომი ადგილი, რომ ჩახვიდე, დაჯდე და დაილაპარაკო. ახალი ასფალტი მხოლოდ კორპუსის შემოსასვლელთანაა დაგებული, შუაზეა გაჩერებული და იმის იქით არაფერი არ გაკეთებულა“,– ამბობს ნინო.

 

 

მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ეზოების ასფალტირება–კეთილმოწყობა სულ სხვა პროექტია და ფიროსმანის ქუჩის რეაბილიტაციას არ ეხება:

 

„ფიროსმანის ქუჩის რეკონსტრუქციის ფარგლებში იქ მცხოვრებ მოსახლეობას რომ ეზოები და სკვერები მოუწესრიგო, ასე არ ხდება. იმიტომ, რომ რეკონსტრუქცია თავისი სახელშეკრულებო ნორმებით მიმდინარეობს და მისი დარღვევა კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა და დასჯადია“ – განმარტავენ მერიაში.  

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: