„ბოლო ეტაპებია დარჩენილი და დავასრულებთ მალე, ყოველდღე მუშაობენ“, – ამბობს შპს „ეიჩ ბათუმის“ დირექტორი მირიან ბერიძე, ბათუმში, ტბელ აბუსერიძის 67-71 ნომერში მშენებარე კორპუსის შესახებ. სწორედ ამ კორპუსის წინ გამართეს ბინების მფლობელებმა აქცია და განაცხადეს, რომ კორპუსი 7 წელია არ დაასრულეს, რის გამოც, მათ ნაქირავებში ცხოვრება უწევთ და ვერც ახალ ბინებს არემონტებენ.
ბინის მესაკუთრეები ასევე ახსენებდნენ არჩილ ბერიძეს, რომელიც, მათი თქმით, დაპირებებს აძლევდა მშენებლობის დროულად დასრულებაზე, თუმცა ახლა მათ აღარ ხვდება და არც სამშენებლო პროცესს ასრულებს.
მობინადრეებმა აჭარის მთავრობის მხრიდან არჩილ ბერიძის მფარველობაზეც ისაუბრეს და ასევე სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებში კორუფციაზე, რის გამოც „გამოძიების მასალები თაროზეა შემოდებული“.
„გეფიცები პატარაძის ტელეფონიც არ ვიცი. ასეთი მარაზმი არ უნდა დააბრალო ადამიანს. რა ტელეფონი. ესენი რომ აჭარის მთავრობაში დადიოდნენ, მაშინ საერთოდ არ იყო მანდ პატარაძე. დამაბრალეს ყველაფერი. თუ ჩანაწერები აქვთ გამოდონ“, – ამბობს არჩილ ბერიძე „ბათუმელებთან“.
ამავე დროს, არჩილ ბერიძე საუბრობს თავისი კომპანიის პასუხისმგებლობაზეც და ამბობს, რომ სამუშაოებს დროზე ადრე, 2027 წლის იანვარში დაასრულებს.
„იმაზე ადრე ვაპირებ გამოსვლას, ვიდრე მიწერია კონტრაქტში. იანვარში დავასრულებ ყველაფერს, ამათ კი მომდეს ჭორი, რომ ვერ ვასრულებ. ეს ჩემს ინტერესებშიც შედის, რადგან ამ სამუშაოების სანაცვლოდ კომერციულ ფართობს მაძლევენ ამ კორპუსში და ხომ უნდა წამოვიღო ეს ფართი? ფულს არ მიხდიან“, – ამბობს არჩილ ბერიძე.
- რა ხდება მშენებარე კორპუსთან?
ბათუმში, აბუსერიძის 67-71 ნომერში მშენებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი 2020 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა კორპუსი არც 2026 წელს არის საცხოვრებლად ვარგისი.
კორპუსში 450 ბინაა გაყიდული, თუმცა ბინის მესაკუთრეები ვერც რემონტის დაწყებას ახერხებენ და ვერც ცხოვრებას, რადგან კორპუსში ამ დრომდე არ არის ლიფტები, ბინებს არ აქვს კარი და ფანჯრები, კედლები დაზიანებულია წყლისგან, კორპუსის საძირკველი მთლიანად წყლით არის სავსე და შენობაში შესასვლელიც კი არ არის მოწყობილი, მოქალაქეები კორპუსსა და შესასვლელს შორის გადებულ, მორყეულ ფიცარზე გადადიან.

დაუსრულებელი მშენებლობა აბუსერიძის 67-ში.
დაზარალებული მოქალაქეები აცხადებენ, რომ შპს, რომლისგანაც 2019 წელს მშენებარე კორპუსში ბინები შეისყიდეს, არჩილ ბერიძეს ეკუთვნოდა. თუმცა საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, შპს „ეიჩ ბათუმის“ მფლობელი რუსუდან ბერიძეა, რომელიც „ეიჩ ბათუმის“ გარდა, სხვადასხვა დროს, ასევე იყო კომპანია „ლამინის“ დირექტორიც, რომელიც 2018 წელს არჩილ ბერიძეს დაუფუძნებია.
არჩილ ბერიძე 2024 წლამდე ბათუმის „დინამოს“ დირექტორიც იყო და მას ეს პოზიცია ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტმა დაატოვებინა.
მიუხედავად იმისა, რომ არჩილ ბერიძე „ეიჩ ბათუმის“ მფლობელების საჯარო რეესტრში არ არის დაფიქსირებული, დაზარალებული მოქალაქეების თქმით, სწორედ ის აწარმოებდა მათთან მოლაპარაკებებს და შეხვედრებს.
„ერთხელ გვითხრა, აჭარის მმართველმა პირმა [ზურაბ პატარაძე] დამირეკა, ჩემი მეგობარია და 30 წუთი ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომ მე ამას როცა დავასრულებ, მაშინ დავასრულებო.
ანუ ამ ადამიანს არანაირი შიში არ აქვს, არც აჭარის მთავრობის, არც პროკურატურის, არავის. პროკურატურაში შესულია საჩივარი და მათი ვალდებულებაა დაიბარონ დაზარალებული მოქალაქეები და გამოკითხონ. რამდენი წელი შეიძლება იყოს შემოდებული თაროზე საქმე და პროკურორი თავს იმართლებდეს იმით, რომ მოსახლეობა არ მოდისო“, – ამბობს მარი მანდარია, რომელსაც დაუსრულებელ კორპუსში აქვს ბინა შეძენილი.
მისი თქმით, „ეიჩ ბათუმს“ არჩილ ბერიძე განაგებს, მიუხედავად იმისა, რომ ის კომპანიის დოკუმენტებში მფლობელად არ ჩანს.
„თვითონაც იცის და ჩვენც ვიცით, ფინანსები სად მიდიოდა და ვისთან მიდიოდა. ქმნის ახალ კომპანიებს, აფორმებს მეგობრების, ნათესავების სახელზე, მაგრამ ფული აქვს მას. „მე ხელშეუხებელი ვარ, რადგან ჩემს სახელზე არაფერი არ არის“, – ასე გვეუბნება.
ამის ჩანაწერებიც გვაქვს და პროკურატურას რომ ვეუბნებით, დაიწყოს გამოძიება, არ რეაგირებენ, მაშინ როცა არავინ პასუხისმგებლობას არ იღებს არც კორპუსის დასრულებაზე, არც მშენებლობის მიმდინარეობაზე, არც უსაფრთხოებაზე – არანაირ პროცესზე და ვერ გვეუბნებიან, როდის დაასრულებენ.
ყოველ 2 თვეში გვესმის ერთი და იგივე ფრაზა – „2 თვეში შედიხართ“, „2 თვეში მთავრდება“.
2023 წლის მაისში ვიყიდე ბინა და ამ წლის მაისიდან უკვე რემონტები უნდა დაგვეწყო ბინებს. თუმცა, ყველას ისეთი ხელშეკრულება გაუფორმეს, სადაც არ წერია კორპუსის დასრულების კონკრეტული თარიღი.
მერია გვეუბნება, რომ ყოველ წელს ვუხანგრძლივებთ ვადებს, ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვაქვსო. სავარაუდოდ მერიის გადაწყვეტილებაა, რომ კოეფიციენტი დაუმატეს, კომერციულები დაუმატეს, 4 სართული დაამატეს, წინ სავაჭრო ცენტრის პროექტი დაუმტკიცეს. კორპუსის გვერდით დაასხეს ყველასგან დაუკითხავად, საიდანაც შესასვლელი უნდა ყოფილიყო ჩვენი და იქ რაღაცის გაკეთებას აპირებს. ისე შეცვალეს პირვანდელი პროექტი, რაც უნდა ყოფილიყო, იმის მსგავსიც კი აღარ არსებობს“, – ამბობს მარი მანდარია.
კიდევ ერთი დაზარალებული მერი ივანაძეც არჩილ ბერიძესთან დაკავშირებით საუბრობს.
„არჩილ ბერიძე წლების განმავლობაში მოსახლეობას გვატყუებს, რომ შეგვიშვებს ჩვენს საცხოვრებელ ფართებში. 2019 წელს მაქვს ბინა შეძენილი, 2022-ში უნდა დასრულებული კორპუსი, ახლა 2026 წელია და ჩემი ოჯახი დღემდე ელოდება, როდის გვეღირსება საცხოვრებელი“, – ამბობს მერი ივანაძე.
მისი თქმით, მოსახლეობას განცხადება შეტანილი აქვთ ფინანსურ პოლიციაშიც, თუმცა ყურადღებას არავინ აქცევს.
„მხოლოდ ერთ რამეს ვითხოვთ მთავრობისგან, მერიიდან, ფინანსური პოლიციიდან, რომ დადგეს ამ ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი. ამდენი წერილი რომ შევუშვით მთავრობის ადმინისტრაციაში, ერთი ადამიანი მაინც მოსულიყო და ენახა რეალურად რა ხდება ობიექტზე.
პასუხი იყო მხოლოდ ის, რომ მთავრობამ გადასცა მერიას, მერიამ გადასცა ინფრასტრუქტურის სამსახურს, იმან ფინანსურ პოლიციას და ფინანსურ პოლიციას სავარაუდოდ თაროზე უდევს ეს საქმე, რადგან ობიექტზე დღემდე არაფერი არ ხდება. რადგან პასუხი არ ეთხოვება, შესაბამისია მისი ქმედებაც. ამ ქვეყანას პატრონი ჰყავს? ვიღაცამ ხომ უნდა მიაქციოს ყურადღება“, – გვეუბნება მერი ივანაძე.
კიდევ ერთი დაზარალებული „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ამ დაუსრულებელი მშენებლობის გამო მოსახლეობა სასოწარკვეთილია. „რა გზას დავადგეთ აღარ ვიცი. ერთადერთი, რაც ჩვენს ხელთ არის, მოვდივართ აქ, ოფისში – გავყვირით, გავკივით, ვცდილობთ ვიღაცებს ხმა მივაწვდინოთ, არაერთხელ ვიყავით მთავრობის სახლთან შეკრებული, ხომ უნდა არსებობდეს უწყება, რომელსაც აქვს ამაზე პასუხისმგებლობა.
არჩილ ბერიძე, რომელიც ამ კომპანიის დამფუძნებელია და გაყიდა ყველა ფართობი ამ კორპუსში, თაღლითობაზე პასუხისმგებლობა რატომღაც არ ეკისრება. ჩვენ მოვითხოვთ, რომ ამ თაღლითობისთვის მოეთხოვოს პასუხი. წელიწადზე მეტია ჩვენთან კონტაქტზე არ გამოსულა, თანხა გადახდილი გვაქვს ბინის და ვერ ვსარგებლობთ“, – გვეუბნება დაზარალებული ქალი.
„გვაინტერესებს ვინ კრიშავს, ვისთან მეგობრობს, რომ ამდენს ბედავენ. ამდენი წელია 400-ოჯახამდე ვითხოვთ მხარდაჭერას, მაგრამ პასუხი არაა. გვეუბნებიან, სადაც გინდათ იქ გვიჩივლეთ, არ გვეშინიაო“, – ამბობს სამშენებლო კომპანიის მიერ დაზარალებული კიდევ ერთი მოქალაქე, რომა თურმანიძე.
იმ დღეს, როცა მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს, „ეიჩ ბათუმის“ დირექტორმა, მირიან ბერიძემ „ბათუმელებთან“ კომენტარის გაკეთება არ ისურვა. თუმცა მას 25 ნოემბერს ტელეფონით ვესაუბრეთ, სადაც ბინის მფლობელების პრეტენზიებს არ იზიარებს.
მოქალაქეების თქმით, კორპუსი 2022 წელს უნდა დასრულებული, რატომ არ დაასრულეთ ამ დრომდე? – ვკითხეთ მირიან ბერიძეს. მისი თქმით, „ყველა კორპუსის მშენებლობა შეიძლება გადასცდეს ვადებს“.
„პირველ სართულზე რომ იღებდით ავტოფარეხს, სადაც წყალი დგას, ყველამ ვიცით, რომ ბათუმი ჭაობიანია და სანამ კორპუსი დასრულდება, ფარეხში ყოველთვის დგება წყალი. კორპუსის შიდა მოპირკეთებების შემდეგ ჩავალთ და დავიწყებთ ფარეხის მოსამზადებელ სამუშაოებს. ამოიქაჩება წყალი დრენაჟებით. ბევრჯერ ამოვქაჩეთ აქამდეც, მაგრამ მაინც დგება“, – ამბობს მირიან ბერიძე.

კორპუსის საძირკველი
მოქალაქეების თქმით, ამ დრომდე მოუწესრიგებელია შენობის შიდა ინტერიერიც, არ არის ჩასმული კარ-ფანჯრები, კედლები სველია და დაზიანებული. როგორ მოხდა ეს? – ვკითხეთ მას. მისი თქმით, მომსახურე კომპანიასთან მარტამდე აქვთ ხელშეკრულება დადებული და „რაც შეუძლიათ ყველაფერს აკეთებენ“.
„შიდა მოპირკეთებებია, სამღებრო სამუშაოები, კაფელია, მეტლახია, სანტექნიკაა, აკეთებენ ყველაფერს. ყოველდღიურად მიმდინარეობს მუშაობა.

მირიან ბერიძე, „ეიჩ ბათუმის“ დირექტორი.
ლიფტი არ არისო, რომ ამბობენ, 2 ლიფტია უკვე ჩასმული. ანუ შიდა კარკასი ჩასმულია, აკინძულია ყველა სართულზე და შემდეგ დაიწყება ძრავების დამონტაჟება. დაახლოებით ერთ კვირაში შემოდის კაბინები და დამონტაჟდება. სულ 4 ლიფტი უნდა დამონტაჟდეს შენობაში“, – ამბობს მირიან ბერიძე.
ვკითხეთ კორპუსის სახურავზეც, რადგან მოქალაქეების თქმით, არ არის სათანადოდ გადახურული. თუმცა მირიან ბერიძე სახურავის გაუმართაობას არ ადასტურებს. მას დაზუსტებისთვის ვკითხეთ, თუ როდის დასრულდება კორპუსი? რაზეც მირიან ბერიძე ამბობს, რომ „ყველაზე დიდი, ოთხი თვე დასჭირდება ალბათ“.
მირიან ბერიძის თქმით, დარჩენილ სამუშაოებში გულისხმობს შენობის შიდა მოპირკეთებას.
„პირველ ორ სართულზე, მეორე სადარბაზოში კიბის ორი უჯრედი და კიბის საფეხურებია გასაკეთებელი და გარეთ ფასადია შესაღები, შეღებვამდე რაც საჭიროა, ამის წინა სამუშაოები შესრულებულია ფასადზე, შუშების ჩასმის დრო გვაქვს, ველოდებით, ორ-სამ დღეში შემოვა“, – ამბობს მირიან ბერიძე.
მას კითხვები დავუსვით კორპუსის შესასვლელთან დაკავშირებითაც, რადგან მოქალაქეების თქმით, მშენებელმა კორპუსის ცენტრალური შესასვლელი თვითნებურად, მათთან შეთანხმების გარეშე ჩაკეტა და შენობაში შესვლა, საცალფეხო ფიცრულით უწევთ.
„კორპუსს აქვს შესასვლელი მეორე ქუჩიდანაც, მაგრამ ის ჯერ არ გახსნილა. სადაც მოქალაქეები იდგნენ, იმ შესასვლელით დროებით ვსარგებლობთ.
ბოლო ეტაპებია დარჩენილი და დავასრულებთ მალე, ყოველდღე მუშაობენ“, – გვეუბნება მირიან ბერიძე.
მას კითხვები დავუსვით არჩილ ბერიძესთან დაკავშირებით, თუ რა შეხება აქვს „ეიჩ ბათუმთან“ და რატომ ამბობენ დაზარალებული მოქალაქეები, რომ არჩილ ბერიძე უთანხმდებოდა მათ მშენებლობის დეტალებზე?
„მე არ ვიცი, რატომ ახსენებენ არჩილ ბერიძეს, მათ ჰკითხეთ. არჩილ ბერიძესთან სულ უცხო ადამიანი რომ მივიდეს და რაღაც შეეკითხოს, ყველასთან შედის კომუნიკაციაში. მაქსიმალურად ხელს უწყობს, ყველას ეხმარება, თუნდაც მობინადრე არ იყოს“, – ამბობს მირიან ბერიძე.

აბუსერიძის 67
დავუკავშირდით არჩილ ბერიძესაც და ვკითხეთ, რა შეხება აქვს შპს „ეიჩ ბათუმთან“ და რატომ ამბობენ მობინადრეები, რომ ის არის მშენებლობის დასრულებაზე პასუხისმგებელი?
არჩილ ბერიძე ამბობს, რომ მისი კომპანია „ელ-დი გრუპი“ დაქირავებული კომპანიაა და შიდა სამუშაოებს ასრულებენ.
„მე ვარ შემსრულებელი, დამკვეთი არა. ამიტომ ასე უაპელაციოდ დააბრალო ადამიანს, რაღაც არასწორია. შვიდი წელია ობიექტი გაჩერებული ჰქონდათ პატრონებს. შემოვედი და ვასრულებ სამუშაოებს, ხომ შეიძლებოდა ამის გადამოწმება, შემსრულებელს და მეპატრონეს შორის სხვაობა ხომ არის?
მარტამდე მაქვს კონტრაქტი, მე უფრო ადრე ვაპირებ დასრულებას, იანვარში დასრულდება შიდა სამუშაოები და აქეთ მთელმა საქართველომ გაიგო, რომ თურმე მე ვარ მატყუარა, მავნებელი“, – ამბობს არჩილ ბერიძე.
მისი თქმით, „ეიჩ ბათუმმა“ 2023 წელს დაიქირავა ის მშენებელმა, შემდეგ კი, 2025 წელს, შიდა სამუშაოების შემსრულებლად დაიქირავეს.
„შენობის კონსტრუქცია დავასრულე 2023 წელს, შემდეგ ჰქონდათ რაღაც პრობლემები პანდემიის პერიოდში, მეპატრონეებს შორის იყო რაღაც გადანაწილებები, 2025 წლის 30 ნოემბერს გავაფორმე ხელმეორედ მათთან კონტრაქტი სამუშაოების შესრულებაზე და იმაზე ადრე ვაპირებ გამოსვლას, ვიდრე მიწერია კონტრაქტში. იანვარში დავასრულებ ყველაფერს“- გვეუბნება ის.
მოქალაქეები ამბობენ, რომ ფინანსურ პოლიციაშიც გადააგზავნეს განცხადებები, თუ დაგიკავშირდათ ვინმე ამ საკითხზე? – ვკითხეთ მას.
„მე რატომ უნდა დამიკავშირდნენ. თუ დაუკავშირდებიან, დამკვეთს დაუკავშირდებიან, მე რა შუაში ვარ“, – გვეუბნება არჩილ ბერიძე. მას ასევე ვკითხეთ კორპუსის საძირკველში არსებულ წყალზეც. არჩილ ბერიძე ამბობს, რომ „ეს ყველგან ხდება“.
„დაახლოებით ნახევარ მილიონ კვადრატს ვაშენებ ბათუმში და არაერთი შემთხვევაა, როცა შენობის დასრულებამდე წყალი დგება საძირკველში. შემდეგ ხდება ამის ამოტუმბვა. ნორმა არაა, მაგრამ არც დარღვევაა. როგორც კი მიშენდება კედლები, წყალიც ამოშრება“, – ამბობს ის.
არაერთი ადამიანი დაგვიკავშირდა, რომელიც ამბობს, რომ თავადაც არიან დაზარალებული არჩილ ბერიძის გამო და ბევრი შენობა აქვს დაუსრულებელი ქალაქში მის კომპანიებს, რა შეგიძლიათ გვითხრათ ამაზე? – ვკითხეთ არჩილ ბერიძეს.
„მე ბათუმში 8 ობიექტს ვაშენებ დღეს და აქედან არცერთი არაა ჩემი. რაიმე რომ დამერღვია სადმე, ხომ მომთხოვდა პასუხს დამქირავებელი.
თუ მოსახლეობა მოდის და რაღაცას მეკითხება, ადამიანურად ვპასუხობ, სხვა რა პრეტენზიები უნდა ჰქონდეთ ჩემთან“ – ამბობს არჩილ ბერიძე.
დავუკავშირდით აჭარის მთავრობასაც და ვკითხეთ, შევიდა თუ არა აღნიშნული მისამართიდან მოქალაქეების განცხადებები და რა რეაგირება მოახდინეს დაუსრულებელ მშენებლობასთან დაკავშირებით?
„ეს საკითხი კერძო თემაა და ჩვენ შემხებლობა არ გვაქვს და „ბათუმელების“ ლაივში გაჟღერებულ ინფორმაციაში, რომ თითქოს თავმჯდომარეს [ზურაბ პატარაძეს] ამ საკითხთან დაკავშირებით ესაუბრნენ, არ შეესაბამება სიმართლეს.
მოქალაქეების განცხადებები კი ბათუმის მერიაშია გადამისამართებული და მერიას ექნება უფრო მეტი პასუხი ამაზე“, – გვითხრეს აჭარის მთავრობის პრესსამსახურში.
ფინანსურ პოლიციაში კი გვითხრეს, რომ ამ საქმეზე „მიმდინარეობს გამოძიება“, სხვა დეტალებზე ფინანსური პოლიცია არ საუბრობს.
რაც შეეხება ბათუმის მერიას, ის ამ დრომდე არ აკეთებს კომენტარს და არ პასუხობს კითხვებს, რაც მათთან დაკავშირებით აქვთ მოქალაქეებს – რატომ გაუზარდა პრობლემურ მენაშენეს K2 კოეფიციენტი, რატომ აძლევს უფლებას ეზოს შესასვლელში უკანონო მშენებლობის უფლებას?






