მთავარი,სიახლეები • • •

რატომ მიდიან ადამიანები ემიგრაციაში ისევ? – „უკვე გვიცნობენ, როგორც „რუსეთის დამხმარეს“

26.11.2026
რატომ მიდიან ადამიანები ემიგრაციაში ისევ? – „უკვე გვიცნობენ, როგორც „რუსეთის დამხმარეს“

„ყველაზე მტკივნეული ეს აღმოჩნდა ჩემთვის, რასაც ვერ გავუძელი: მეგონა, ჩვენი ქვეყანა უკვე დაუსხლტა რუსეთს, მაგრამ რეალობა სხვაა, ზუსტად ისეა, როგორც მერაბ კოსტავა ამბობდა – მუდმივად ბრძოლის გარეშე არაფერი გამოვაო. ეს რუსეთი კიდევ მუდმივად ფსიქოპატი ქმარივით იქცევა, ყველაფერი წაგართვი, ვერაფერს დაგიბრუნებ, მაგრამ მაინც უნდა შემირიგდეო,“ – გვიყვება ხატია ბაკურაძე, რომელიც უკვე 1 წელია ემიგრაციაში, იტალიაში ცხოვრობს.

ხატია ბაკურაძე პროევროპული აქციების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე იყო. წლების წინ ჟურნალისტად და პიარ მენეჯერად მუშაობდა, თუმცა ბოლო პერიოდში პროტესტის გამოხატვის პარალელურად, საქართველოში დასაქმების პრობლემა შეექმნა. ემიგრანტი ქალი ამბობს, რომ ემიგრაციაში წასვლა უფრო მას შემდეგ გადაწყვიტა, როცა დაინახა, ადამიანებმა როგორ არჩიეს გაჩუმება.

„აქციებზე ვიყავი დღე და ღამე, რასაც ჰქვია. როცა სპეცრაზმი აქციის დასაშლელად ემზადებოდა, იმ დროს უფრო გავდიოდი, “ – გვიყვება ხატია ბაკურაძე და ემოციურად იხსენებს რუსული კანონის მიღებასთან დაკავშირებულ აქციებს, თითქოს ეს ამბები 2 წლის წინ კი არა, 2 დღის წინ ხდებოდა. ემიგრანტი ქალის თქმით, საქართველოსგან დისტანცირება აღარ შეუძლია.

„სადაც აქციები იმართება თბილისში, ჩემი უბანია და თვალდახუჭულმა ვიცი, სად შეიძლება გაძვრე დარბევის დროს… ჩემი ფილტვების 40% აღარ მუშაობს, მაგრამ ეს იქეთ იყოს, 17-18 წლის ბავშვები რა დღეში ჩააგდეს…

ეს ოპოზიციაც ნახევრად ეუბნება ხალხს სიმართლეს. უნდა უთხრა შენს ამომრჩეველს, რომ ხალხო, ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია, არაფერი აღარ გვიშველის ქუჩაში განუწყვეტლივი დგომის გარდა. ამ მსვლელობებს რომ აწყობენ, მე ვეძახი მაგას პერფორმანსებს… როდის იყო ორსაათიანი აქციით დიქტატორი მარცხდებოდა? თეთრი ხელთათმანებით რუსულ რეჟიმს ვერ დაამარცხებ… ვერც არჩევნებით ვერ დაამარცხებ ოლიგარქიას. გადამწყვეტი საქართველოში ქუჩის პროტესტია.

ახლა პესიმიზმის თესვის დრო არ არის, მაგრამ მე იმედი ამომეწურა. ამ ოპოზიციამაც ვერ გაიაზრა, ერთობა რომ გადამწყვეტი იყო,“ – გვითხრა ხატია ბაკურაძემ. იგი პოლიტიკური მოძრაობის „ჩვენ“ წევრი იყო.

ხატია ბაკურაძე თბილისის საპროტესტო აქციებზე

ხატია ბაკურაძე თავდაპირველად ემიგრაციაში შევარდნაძის ხელისუფლების დროს წასულა, დიდ ბრიტანეთში. იგი ამბობს, რომ ემიგრაციიდან „ვარდების რევოლუციის შემდეგ მალე დაბრუნდა, როცა გაუჩნდა განცდა, რომ თავისუფალ, დამოუკიდებელ ქვეყანაში იცხოვრებდა.

„ვმუშაობდი „რუსთავი 2“-ში, მერე ვიყავი პიარსა და მარკეტინგში… საერთოდ გაუფილტრავი ტიპი ვარ და ყველა ასე მიცნობს, არასასიამოვნო სიმართლეს ვამბობდი ყოველთვის. ვმუშაობდი მარკეტინგში და მერე ჩამომიშორეს. პირდაპირ არ უთქვამთ, რატომ მიშვებდნენ, მაგრამ ჟურნალისტები ხომ უთქმელადაც ვგრძნობთ, რაშიცაა საქმე: „უი, რა აქტიური გოგო ხარ, შენ სულ აქციებზე ჩანხარ“… ბოლო წლები ვერსად ვეღარ ვსაქმდებოდი სტაბილურად, მხოლოდ ვთარგმნიდი რაღაცებს და ეგ იყო. აღარ მინდოდა, შვილების კმაყოფაზე ვყოფილიყავი ისევ…

წლების წინ კი, ბრიტანეთიდან დავბრუნდი შვილებთან ერთად. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მეგონა, რომ გადაწყვეტილია უკვე ჩემი სამშობლოს ბედი ევროპისკენ, მაგრამ რუსეთი არ გვანებებს თავს… მოსყიდულია ყველა ინსტიტუცია ეკლესიით დამთავრებული. მე რწმენას კი არ ვეხები, არამედ იმას, ამბიონებიდან რუსულ პროპაგანდას ავრცელებენ, „ალტ-ინფოს“ სადამსჯელო რაზმები შექმნეს ეკლესიის სახელით, წმინდა ოჯახის დღე თუ რაღაც დაარქვეს და ადამიანების დაშინებას ცდილობენ.

ამ ყველაფერს უკვე აღარ შველის ერთი დღით აქციაზე გასვლა – არ უნდა დაიშალოს აქცია. მთავრობას დისკომფორტს ვუქმნითო. კი ბატონო, ასეა, მაგრამ დისკომფორტის შექმნა იმუშავებდა სადღაც 2014 წელს. დღეს უნდა იბრძოლო ისე, როგორც იბრძვიან უკრაინელები… სისხლის ღვრა და ომი, ცხადია, არავის უნდა, მაგრამ მსვლელობის მოწყობით არაფერი არ შეიცვლება. ჩვენ გვინდა კიბოს დამარცხება, რაღაც კრემების წასმით?

ჩვენთან კი არა, აგერ, ევროპაშიც ვხედავ, როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა. ახალგაზრდებს რომ კომუნიზმი მოსწონთ, წარმოგიდგენიათ?

90-იანებში რომ ხალხი ლეიბებზე იწვა მშიერ-მწყურვალე და მართავდა აქციებს, ისეთი პროტესტია საჭირო. ამაზე მპასუხობენ, რომ მაშინ სამსახურები არ იყოო. გავიგეთ, რომ ასე იყო, მაგრამ უკრაინელებსაც ჰქონდათ სამსახურები, გავიდნენ ქუჩაში და აღარ შედიან სახლში. უნგრელებსაც ჰქონდათ სამსახური.

მგონია, რომ ჩვენი ფსიქოტიპი კარგად გაანალიზეს რუსებმა: ადგები, იბრძვი, იბრძვი, მერე ნელ-ნელა ხვდები, რომ ამ დაჭაობებულ საზოგადოებაში ყველა თავის ირგვლივ ითბობს ჰაბიტატს მშვენივრად, შენ მარტო რჩები. მე შემიძლია მეგობარსაც ვუთხრა, რომ მისი დუმილი უწყობს ხელს სისტემას. მერე აღმოაჩენ, რომ ასეთი ბევრია შენს ირგვლივ, სანათესაოში. კატასტროფაა ეს შეგრძნება.

ჩვენ ვიქნებით მეორე ბელარუსი. არც იმის იმედი მაქვს, რომ რუსეთი დამარცხდება და ეს გვიშველის. ჩვენ უკვე გვიცნობენ, როგორც „რუსეთის დამხმარეს“.

ჩემი ქვეყანა, სამწუხაროდ, უკვე ჩაეფლო რუსულ ჭაობში, სადაც თავდადებული ხალხი ითვლება გიჟად,“ – გვითხრა ხატია ბაკურაძემ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: