ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტის გენგეგმის მოსამზადებლად სახელმწიფო შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1,5 მილიონი ლარია.

ვაზიანის ყოფილი სამხედრო აეროდრომი
ტექნიკური დოკუმენტაციის ზოგად ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ „საქართველოს მთავრობა გეგმავს ვაზიანში, თბილისთან ახლოს, ახალი საერთაშორისო აეროპორტის განვითარებას, რათა დააკმაყოფილოს ქვეყნის გრძელვადიანი საავიაციო, ეკონომიკური და რეგიონული განვითარების საჭიროებები და გააძლიეროს საქართველოს, როგორც ევროპასა და აზიას შორის არსებული რეგიონული საავიაციო ჰაბის როლი“.
ტექნიკური დავალება კი განსაზღვრავს ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის გენერალური გეგმის (Master Plan) მოსამზადებლად საჭირო მომსახურების შესყიდვას – „საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის (ICAO, EASA, FAA, ACI, IATA) და წამყვანი ევროპული აეროპორტების გენერალური გეგმების მეთოდოლოგიური მიდგომების შესაბამისად“.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „გენერალური გეგმის საბაზისო მონაცემებად მიმწოდებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება შემდეგი არსებული კვლევები და მონაცემები: ასაფრენ-დასაფრენი ზოლის (RWY) ტექნიკური შეფასება; საჰაერო სივრცის ანგარიში / ინსტრუმენტული ფრენის პროცედურებისა და ვაზიანის აეროდრომის საჰაერო სივრცის დიზაინი; ტოპოგრაფიული საბაზისო მონაცემები; მიწის საზღვრებთან და საბაზისო კომუნალურ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული სხვა რელევანტური ინფორმაცია; ისტორიული ტრაფიკისა და საოპერაციო მონაცემები“.
„ვინაიდან პროექტი გულისხმობს სრულიად ახალი („Greenfield“) აეროპორტის განვითარებას, გენერალური გეგმა უნდა მომზადდეს როგორც სრულიად ახალი დოკუმენტი, რომელიც დაიწყება საწყისი საბაზისო მდგომარეობის შეფასების ეტაპიდან“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
ამავე დოკუმენტში არის ტერიტორიის მიმოხილვაც:
- „მდებარეობა: ვაზიანის ტერიტორია, თბილისის ცენტრიდან აღმოსავლეთით დაახლოებით 28 კმ-ში, ხოლო თბილისის მოქმედი საერთაშორისო აეროპორტიდან 8 კმ-ში.
- არსებული ინფრასტრუქტურა: ყოფილი სამხედრო აეროდრომი მიწის მნიშვნელოვანი რეზერვებით [დაახლოებით 500+ ჰექტარი].
- მომსახურების არეალი (Catchment Area): თბილისის შემოგარენი, აღმოსავლეთ საქართველო, სამხრეთ კავკასიის საზღვარი.
სატენდერო დავალების მიხედვით გენერალურმა გეგმამ უნდა განსაზღვროს ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის როლი შემდეგ კონტექსტებში: „საქართველოს რეგიონულ აეროპორტებთან მიმართებით [ქუთაისი, ბათუმი და ადგილობრივი აეროდრომები]; სამხრეთ კავკასიასა და მეზობელ რეგიონებში არსებულ კონკურენტ ჰაბ-აეროპორტებთან მიმართებით; რეგიონული საავიაციო და სატრანზიტო ჰაბი: ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის პოზიციონირება ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის დამაკავშირებელ წამყვან მულტიმოდულურ სამგზავრო და სატვირთო ჰაბად“.
ამავე დავალების მიხედვით, კონსულტანტმა უნდა შეაფასოს და განსაზღვროს:
- „სამგზავრო აეროპორტის როლი [სრული სერვისის, დაბალბიუჯეტიანი, შერეული/ჰიბრიდული];
- აეროპორტის დამხმარე ობიექტები და სამთავრობო/საპროტოკოლო ინფრასტრუქტურა;
- სატვირთო/საფოსტო და ლოგისტიკური პოტენციალი;
- ტექნიკური მომსახურების, შეკეთებისა და კაპიტალური რემონტის (MRO) ობიექტები და საავიაციო ინდუსტრიული კლასტერი;
- სამოქალაქო ავიაციის, სასწავლო და ბაზირების ოპერატორების (FBO) ობიექტები;
- აეროტროპოლისის / „აეროპორტის ქალაქის“ კომერციული შესაძლებლობები“.
ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 7 დეკემბერს დაიწყება და 9 დეკემბერს დასრულდება. სატენდერო თანხა 1 563 265 ლარია. პირობის მიხედვით, ახალი აეროპორტის გენგეგმა უნდა მომზადდეს ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 6 თვის ვადაში.
თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტის ვაზიანში აშენების შესახებ „ოცნების“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ, 2024 წლის 8 აპრილს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა:
ამ თემაზე: თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი ვაზიანში აშენდება – კობახიძე
ვრცლად:
„ოცნებისთვის“ უფრო მნიშვნელოვანია „ცეხავიკები“, ვიდრე ქვეყნის თავდაცვა – თინა ხიდაშელი ვაზიანზე






