მთავარი,სიახლეები • • •

ბათუმისა და ხელვაჩაურის საზღვრის შეცვლაზე მომუშავე ჯგუფი დამატებით ვადას მესამედ ითხოვს

20.11.2026
ბათუმისა და ხელვაჩაურის საზღვრის შეცვლაზე მომუშავე ჯგუფი დამატებით ვადას მესამედ ითხოვს

ბათუმის საკრებულოში შექმნილი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ბათუმსა და ხელვაჩაურს შორის საზღვრების შეცვლის შესახებ შუამდგომლობის მომზადებაზე მუშაობს, უფლებამოსილების ვადის ერთი თვით გაგრძელებას მესამედ ითხოვს.

სამუშაო ჯგუფს, რომელმაც მუშაობა მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყო, საკრებულომ ეს ვადა ორჯერ უკვე გაუგრძელა. სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძეა.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი ბათუმისგან 145,4 ჰექტარი [1,45 მილიონი კვადრატული მეტრი] ტერიტორიის უკან დაბრუნებას ითხოვს. ადმინისტრაციული საზღვრების ცვლილებას ხელვაჩაურისა და ბათუმის საკრებულოებში შექმნილი სამუშაო ჯგუფები განიხილავენ. საკრებულოში შექმნილი ჯგუფის მიერ მომზადებული შუამდგომლობა შემდეგ პარლამენტში გადაიგზავნება.

მარცხნივ: ტერიტორია, რომლის დაბრუნებასაც ხელვაჩაური ითხოვს; მარჯვნივ: იგივე ტერიტორია ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში [წითლად]. მწვანე ხაზით აღნიშნულია ბათუმის ადმინისტრაციული საზღვარი.

ბათუმის დროებითი სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების მესამედ გაგრძელების საკითხს ქალაქის საკრებულო 2026 წლის 27 ნოემბერს ჩანიშნულ სხდომაზე განიხილავს.

განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ სამუშაო ჯგუფი საკრებულოს 2026 წლის 30 ივნისის განკარგულებით 3 თვის ვადით შეიქმნა.

„დროებითი სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადა ორჯერ გაგრძელდა, თითოეული ერთი თვით. ამ დროის განმავლობაში შესწავლილი დოკუმენტაციისა და მოპოვებული მონაცემების მოცულობის გათვალისწინებით, დამატებითი დრო საჭიროა მონაცემების საბოლოო შეჯერებისთვის, ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის საჭიროების დასაბუთების დასასრულებლად და სამუშაო ჯგუფის შემაჯამებელი პოზიციის ჩამოსაყალიბებლად.

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დროებითი სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადა შეიძლება გაგრძელდეს თითო თვით, ხოლო უფლებამოსილების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროექტით გათვალისწინებულია დროებითი სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადის მესამედ, ერთი თვით გაგრძელება.“ – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

დროებითი სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადის მესამედ, ერთი თვით გაგრძელების შემთხვევაში, სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების საერთო ვადა იქნება 6 თვე და ამ ვადის გაგრძელება კანონით ვეღარ მოხდება. შესაბამისად, ჯგუფმა მუშაობა 2027 წლის იანვრამდე უნდა დაასრულოს.

ამ თემაზე:

სად გაივლის საზღვარი ბათუმსა და ხელვაჩაურს შორის? – გენგეგმის პროექტი და საკრებულოების ვერსია

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: