მთავარი,სიახლეები • •

რატომ აღარ შეიძლება ციხეში „ფლეშკის“ შეტანა? – „გარეთ რა ბესპრიდელიც გვაქვს, იგივე ხდება ციხეში“

20.11.2026
რატომ აღარ შეიძლება ციხეში „ფლეშკის“ შეტანა? – „გარეთ რა ბესპრიდელიც გვაქვს, იგივე ხდება ციხეში“

„მარტივად რომ ვთქვათ: გარეთ რა „ბესპრიდელიც“ გვაქვს, იგივე ხდება ციხეში, ანუ უნდა დაალაგო“ ადმინისტრაციასთან ურთიერთობა, რომ რაღაც შეგატანინოს, მათ შორის, „ფლეშკა“, – ამბობს ადვოკატი შოთა თუთბერიძე, რომელსაც ციხეებში მეხსიერების ბარათის, ე.წ. „ფლეშკის“ შეტანის შეზღუდვაზე ვესაუბრეთ.

პენიტენციური სამსახურის პრესცენტრიდან დღეს, 18 ნოემბერს მოგვწერეს, რომ გადაწყვეტილება „უსაფრთხოების ზომაა“.

„უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე მთელს სისტემაში მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ამ ეტაპზე მეხსიერების ბარათების, ე.წ. ფლეშკების პენიტენციურ დაწესებულებებში შეტანა შეიზღუდოს,“ – მოგვწერეს „ბათუმელებს“ დღეს. პენიტენციურმა სამსახურმა მიიღო ეს გადაწყვეტილება, თუ იუსტიციის სამინისტრომ? სად არის სამართლებრივი აქტი? – პენიტენციური სამსახურის პრესცენტრში გვითხრეს, რომ მეტს ვერაფერს გვეტყოდნენ.

რა შეიცვალა პრაქტიკაში? – „ბათუმელებმა“ ადვოკატ შოთა თუთბერიძესთან ინტერვიუ ჩაწერა:

  • ბატონო შოთა, პენიტენციურ სამსახურში ადასტურებენ, რომ „ფლეშკების“ შეტანა საპატიმრო დაწესებულებებში იზღუდება. რა გახდა ამის საფუძველი, თქვენი ინფორმაციით? 

მეხსიერებითი ბარათის ციხეში შეტანა ადრე და ახლაც იყო ადმინისტრაციასთან შეთანხმების საგანი. თუ შეათანხმებ ამ საკითხს ადმინისტრაციასთან, შემდეგ ხდება „გამწვანება“, ანუ მისი დაშვება. ნებისმიერ შემთხვევაში ათვალიერებდნენ ამ „ფლეშკას“. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა აქამდეც, როცა „ფლეშკის“ შეტანაზე უარი უთქვამთ.

ახლა მით უმეტეს, ყოფილი პოლიციელი დანიშნეს პენიტენციური სამსახურის უფროსად [პენიტენციური სამსახურის ახალ უფროსს, რამაზ თათარაშვილს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მუშაობის 28-წლიანი გამოცდილება აქვს. პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, იგი შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას იკავებდა, მანამდე კი, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა]. შესაბამისად, მიდგომა უფრო გამკაცრდა. მეხსიერებითი ბარათი კი არა, ადვოკატებს ხშირად ბლოკნოტის შეტანის საშუალებას არ აძლევენ.

ნიშანდობლივია, რომ იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელი ან იუსტიციის ოფიცერი კი არ დანიშნეს, ან რაღაც იურისტი, ან თუნდაც პროკურატურიდან კი არ წამოიყვანეს, არამედ პოლიციელი დანიშნეს. კონკრეტულად არ ვიცნობ და ამიტომ ზუსტად ვერაფერს გეტყვი, მაგრამ პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო და მანამდე სპეცდანიშნულების რაზმში მუშაობდა. დიდი ალბათობით არის ზონდერი…

„ხარება“ როგორც იყო, დაახლოებით ასეთი წესრიგის დამამყარებელი ჩანს.

ზოგჯერ შესაძლებელია შეტანა ბლოკნოტის, ზოგჯერ – არა, გააჩნია, ვინ შეგხვდება ცვლის უფროსი. ხელნაწერების შეტანა-გამოტანაც პრობლემაა ადვოკატებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ კორესპონდენცია ეს არ არის და შინაარსობრივი შემოწმების უფლებაც კი, წესით პენიტენციურ სამსახურს არ აქვს.  ზოგ შემთხვევაში პრობლემაა სასამართლო გადაწყვეტილებებიც კი.

ბოლო ასეთი შემთხვევა ჰქონდა საიას ადვოკატს, ჯუბა ქათამაძეს, რომელსაც მის მიერ გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს.

მარტივად რომ ვთქვათ: გარეთ რა „ბესპრიდელიც“ გვაქვს, იგივე ხდება ციხეში, ანუ უნდა დაალაგო“ ადმინისტრაციასთან ურთიერთობა, რომ რაღაც შეგატანინოს, მათ შორის, „ფლეშკა“.

  • საერთო რეგულაცია არ არსებობს, ან სამართლებრივი აქტი, რომელიც თანაბრად შეეხება ყველა პატიმარს? 

არა. ზოგადი რეგულაცია არსებობს, რომ, მაგალითად, მეხსიერების ბარათის შეტანა შეზღუდულია, როგორც სხვა ნივთები და გჭირდება ადმინისტრაციის შესაბამისი ნებართვა.

შესაბამისად, დისკრეციის ფართო შესაძლებლობა აქვს პენიტენციურ სამსახურს.

შოთა თუთბერიძე

  • „უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე მთელ სისტემაში მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ამ ეტაპზე მეხსიერების ბარათების, ეგრეთ წოდებული ფლეშკების, პენიტენციურ დაწესებულებებში შეტანა შეიზღუდოს“, – ეს მოგვწერეს დღეს, 18 ნოემბერს პენიტენციური სამსახურის პრესცენტრიდან. 

დიახ, ანუ გადაწყვეტილებაა ასეთი მიღებული, პრაქტიკა შევცვალეთო, ამას ამბობენ.

რა უსაფრთხოებაზეა ლაპარაკი? მოსაკლავად და საწამებლად შეუშვეს ხალხი საკანში. ახლა გადაწყვიტეს, რომ რაღაც ბრჭყალებში ვითომ წესრიგი დაამყარონ? ჩემი აზრით, საერთოდ არ არის გამორიცხული, „ფეიქრიშვილების საქმეს“ უკავშირდებოდეს ეს ამბავი, მით უმეტეს, როცა იქ საუბარი იყო ციფრულ მატარებლებსა და ბიტკოინების მისამართებზე.

ადრეც მქონია შემთხვევები და ჩანდა, რომ თუ პატიმარს საჩივარი არ ჰქონდა დაწერილი, არ ჰქონდა მიმართული სახალხო დამცველთან და ასე შემდეგ, მას რთავდნენ ნებას, მისთვის, მაგალითად, შეეტანათ „ფლეშკა“.  ვინც საჩივარს წერს, მას აწვალებენ, მაგალითად, საკნიდან საკანში გადაჰყავთ ორ დღეში ერთხელ და იცით რატომ? ტელევიზორი შეიძლება ნაყიდი გაქვს, მაგრამ გადატანას და დამაგრებას ხომ დრო სჭირდება?

„ფლეშკასთან“ დაკავშირებითაც ეს ამბავია: ასე ვთქვათ, „მკაცრი ხელის “ამბავია, რაც ემსახურება ფსევდო წესრიგის დამყარებას. ეს სჭირდებათ იმიტომ, რომ პატიმრებმა ხმის ამოღება დაიწყეს ნელ-ნელა.

  • მხოლოდ „მაყურებლის“ ჩართვა სისტემისთვის არ აღმოჩნდა საკმარისი? 

დიახ, მით უმეტეს, მაგაშიც არეულობა აქვთ ახლა. რუსთავის ციხეში, მაგალითად, „ქურდების“ დანიშნული „მაყურებლები“ გადააყენეს და ბერას დანიშნული „მაყურებელი“ ჰყავდათ. ასე ცალსახად არ აქვთ ამათ სიტუაცია, რომ „მაყურებლების“ მეშვეობით ყველას აკონტროლებენ – ვერ აკონტროლებენ ყველას. როგორც ჩანს, გადაწყვიტეს „მათრახის და თაფლაკვერის“ პოლიტიკის გატარება: ვინც ურჩია და ხელს უშლის სისტემას, მიიღებს „მათრახს“.

„ფლეშკების“ შეტანასაც ამიტომ სრულიად ვერ აკრძალავენ, რადგან თუ მსგავსი ჩანაწერი გაჩნდება, მაშინ გამომძიებელსაც აღარ შეეძლება „ფლეშკის“ შეტანა. პრაქტიკა გაამკაცრეს.

  • რას შეცვლის ამ პრაქტიკის გამკაცრება, რა გათვლით მოქმედებს რეჟიმი, თქვენი აზრით? 

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის განმავლობაში, არ არსებობს არცერთი შემთხვევა, რომ ციხეში მეხსიერების ბარათის შეტანას რაიმე ზიანი გამოეწვიოს.

ეს არის წახალისების და დასჯის მექანიზმი: თუ კარგად მოიქცევი – კანფეტს მოგცემ, თუ არ მოიქცევი – არ მოგცემ. ციხეში შეტანილი ჯინსის შარვლით დანაშაული მომხდარა, ან, მაგალითად, ფუნთუშით – ნარკოტიკით გაჟღენთილი ფუნთუშა შეაგზავნეს, მაგრამ ამის გამო ფუნთუშა ხომ არ აუკრძალავთ?

ვის მიმართაც შურისძიებას არ გეგმავენ და თვლიან, რომ ბიძინას არ ვნებენ, ნორმალურად იქცევიან ბრჭყალებში, იმათ ეს არ შეეხება. ღარიბაშვილი გარეთ ჰყავდათ გამოყვანილი ბოლო-ბოლო, როგორც გავრცელდა ინფორმაცია, ხომ?

ამ მიდგომით ყველასთან ვერ მიაღწევს სისტემა მიზანს, რა თქმა უნდა. „ფლეშკის“ გამო პოზიციას არ შეიცვლის ვიღაც, მაგრამ, რასაკვირველია, ეფექტი ექნება. პატიმრისთვის რაღაც მცირე ნუგეში და დროის გატარების, გაყვანის შესაძლებლობა არის მეხსიერების ბარათი და ამაზეც უარს ეუბნები. წარმოიდგინეთ, მწეველს რომ მოწევაზე ეუბნები უარს, ის ითვლება წამებად და ეს პრაქტიკა როგორ შეიძლება შეფასდეს?

რაღაც ნაწილზე ეს იმოქმედებს, რაღაც ნაწილს ადმინისტრაცია უშუალოდ მიხედავს: მაგალითად, ყოველდღე ჩხრეკას ჩაუტარებს და საწოლს ამოუტრიალებს, საკანს შეუცვლის და ტელევიზორი არ ექნება, სხვა კუთხით გააწვალებს. ეს ეხება, ცხადია, სატელეფონო ზარების უფლებას, პაემნების რაოდენობას.

სადაც სჭირდებათ, აგერ შედიან და კლავენ ცემაში, რასაც ციხის ადმინისტრაციის გარეშე ვერ გააკეთებ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: