პოლიცია აცხადებს, რომ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს კაცი, რომელიც ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობას ამზადებდა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა მამაკაცმა, განქორწინების შემდეგ, ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის გამო, ყოფილი მეუღლის შეკვეთით მკვლელობა განიზრახა.
დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, ბრალდებული დაუკავშირდა ნაცნობ პირს და 25 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, ე.წ. ქილერის მოძიება დაავალა“ – წერს შსს გავრცელებულ პრესრელიზში.
შსს-ს ცნობით, გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული მკვლელობის განხორციელებას იმ დროს ითხოვდა, როდესაც მათი სამი არასრულწლოვანი შვილი დედასთან არ იქნებოდა.
ბრალდებულის სახლიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და მობილური ტელეფონი, რომლის საშუალებითაც ბრალდებული ნაცნობს უკავშირდებოდა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.






