მთავარი,სიახლეები • • •

„პუტინის რეჟიმისთვის არასასურველები რომ ვართ, მხოლოდ საამაყოა“ – ელენე ხოშტარია

06.11.2026
„პუტინის რეჟიმისთვის არასასურველები რომ ვართ, მხოლოდ საამაყოა“ – ელენე ხოშტარია

რუსეთის ფედერაციამ პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას პარტია „დროა“ „რუსოფობიური შეხედულებების“ გამო  არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა.

„დროას“ წევრები მკვეთრად რუსოფობიურ პოზიციებს იკავებენ და მიზნად ისახავენ ჩვენი ქვეყნის ქმედებების დისკრედიტაციას საქართველოში.

ისინი ეწინააღმდეგებიან რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებას პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ სფეროებში და მოითხოვენ სავიზო შეზღუდვების აღდგენას და ქვეყნებს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტას.

ისინი მიიჩნევენ, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რითაც არღვევს საერთაშორისო სამართალს და ამიერკავკასიის სახელმწიფოს სუვერენიტეტს“, – აცხადებს რუსეთის გენერალური პროკურატურა.

რუსეთის პროკურატურის განცხადება 5 ნოემბერს გავრცელდა.

დღესვე, პატიმრობაში მყოფი ელენე ხოშტარია რუსთავის ქალთა ციხიდან, ფეისბუქზე პოსტით გამოეხმაურა რუსეთში მისი პარტიის, „დროას“ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებას და თქვა, რომ ამის გამო მილოცვებს იღებს.

„ვიღებ მილოცვებს!

პუტინის სისხლიანი რეჟიმისთვის მე და ჩემი პარტია „დროა“ სასურველები რომ ვიყოთ, თავიც მექნებოდა მოსაკლავი.

რა თქმა უნდა, ის, რომ პუტინის რეჟიმისთვის არასასურველები ვართ, მხოლოდ საამაყოა. ეს ნამდვილად პატივია! თუმცა რუსეთისთვის თითოეული პროქართული, მაშასადამე, პროევროპული პარტია სწორედაც რომ მტრულია. ამიტომაც კრძალავს “ქართული ოცნება” მათ. მეტიც, ყველა პროქართველი საქართველოს მოქალაქეც მტერია პუტინისთვის.

საბედნიეროდ, ჩვენ უმრავლესობაში ვართ, ხოლო შალვა პაპუაშვილები – სრულ უმცირესობაში.

ბოლომდე!“, – წერს ელენე ხოშტარია.

რუსეთის პროკურატურის განცხადებას გამოეხმაურა ევროპის ლიბერალების და დემოკრატების ალიანსი – ALDE.

„რუსეთმა ჩვენი ქართული წევრი პარტია „დროა“ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა, რადგან ის ოკუპაციას ეწინააღმდეგება, იცავს საქართველოს სუვერენიტეტს და იბრძვის ევროპული მომავლისთვის. გასულ წელს, ანალოგიური სტატუსი მიენიჭათ ALDE-ს პარტიასა და მის ახალგაზრდულ ორგანიზაციას.
ჩვენ მტკიცედ ვდგავართ „დროას“ და ყველა იმ ადამიანის გვერდით, ვინც თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული საქართველოსთვის იბრძვის“, — ნათქვამია ALDE-ს განცხადებაში.

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: