მთავარი,სიახლეები •

რომეო მიქაუტაძემ აღიარა ჩადენილი დანაშაული – მას ჩამოართვეს ბინა მადრიდში, ოქროს ზოდები და სხვა ქონება

23.10.2026
რომეო მიქაუტაძემ აღიარა ჩადენილი დანაშაული – მას ჩამოართვეს ბინა მადრიდში, ოქროს ზოდები და სხვა ქონება

პროკურატურის ცნობით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილმა პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ აღიარა ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, მოინანია, აანაზღაურა ზიანი და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მიმართა, რაც სასამართლომ დაამტკიცა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ რომეო მიქაუტაძესთან საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა, რომლის თანახმად რომეო მიქაუტაძე დამნაშავედ იქნა ცნობილი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო/დაუსაბუთებელი შემოსავლის მიღება.

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, რომეო მიქაუტაძეს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2 წელი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა.

ასევე, მას დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა, 1 000 000 ლარის ოდენობით და 3 წლით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება.

„მასვე, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა: ესპანეთში, ქ.მადრიდში მდებარე 1 882 168 ლარის ღირებულების ბინა, 372 720 ლარის ღირებულების მცხეთის მუნიციპალიტეტის წეროვანში მდებარე აგარაკი, 1 577 306 ლარის ღირებულების შპს “ნახიდური ჰესის” 15%-იანი წილი, 510 000 ლარის ღირებულების ავტომობილი „MERCEDES-BENZ G 63 AMG“, 350 000 ლარის ღირებულების ავტომობილი „LAND ROVER RANGE ROVER“, 100 000 ლარის ღირებულების ავტომობილი „LEXUS ES 250“ , 630 110 ლარის ღირებულების 4 საათი, 99 504 ლარის ღირებულების ოქროს ზოდები და 19 770 ლარის ღირებულების მონეტები“ – წერს პროკურატურა.

გარდა ამისა, პროკურატურის ცნობით, რომეო მიქაუტაძემ სრულად აანაზღაურა შპს „თბილსერვის ჯგუფისთვის“ მიყენებული ზიანი 114 658,08 ლარის ოდენობით.

ვრცლად:

რომეო მიქაუტაძეს საპროცესო გაუფორმდა – პირობები

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: