მთავარი,სიახლეები • • •

რა ხდებოდა პარტიების აკრძალვის პროცესზე – რეპორტაჟი საკონსტიტუციო სასამართლოდან

21.10.2026
რა ხდებოდა პარტიების აკრძალვის პროცესზე – რეპორტაჟი საკონსტიტუციო სასამართლოდან

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმის განხილვა დღეს, 21 ოქტომბერს, დაიწყო საკონსტიტუციო სასამართლომ – ბიძინა ივანიშვილის „ოცნება“ საქართველოში ოპოზიციის გაუქმებას ითხოვს.

„ეს არის კონსტიტუციური გადატრიალება სინამდვილეში, თანაც საკონსტიტუციო სასამართლოს ხელით, რომელიც უნდა იცავდეს კონსტიტუციას“, –  პროცესის დაწყებამდე გვითხრა ოპოზიციონერმა სალომე სამადაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოსთან, სადაც ოპოზიციონერები და მათი მხარდამჭერები დილიდან შეიკრიბნენ.

სასამართლოს შესასვლელთან გამოჩნდნენ „ოცნების“ აქტივისტებიც, მათ შორის, ბათუმის მერიის თანამშრომელი.

სარჩელით „ოცნება“ ითხოვს პოლიტიკური პარტიების: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობას და მათ აკრძალვას.

დღეს სასამართლო პროცესის გადასაღებად დარბაზში მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებელი დაუშვეს.

21 ოქტომბერი სასამართლო სხდომაზე შუამდგომლობების განხილვას დასჭირდა. ერთ-ერთი მთავარი შუამდგომლობა ე.წ. წულუკიანის კომისიის დასკვნის დაუშვებლად ცნობა იყო.

სარჩელის დიდი ნაწილის მთავარი მტკიცებულება სწორედ ე.წ. წულუკიანის კომისიის დასკვნაა, რის საფუძველზეც „ოცნება“ ენმ-ს პრაქტიკულად ომის დაწყებას აბრალებს 2008 წელს.

ამ კომისიამ მიიჩნია ასევე, რომ სააკაშვილმა შექმნა ქვეყანაში ძალადობრივი სისტემა. ამის მაგალითად სარჩელში სწორედ „წულუკიანის კომისიის“ დასკვნის საფუძველზე მითითებულია „როინ შავაძის საქმე“. საინტერესო ისაა, რომ ეს სერჟანტი ბათუმში 2008 წელს მოკლეს, როცა აჭარის პროკურორი ვასილ როინიშვილი იყო – მაშინდელი პროკურორი დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეა და „ნაციონალური მოძრაობის“ გაუქმებაზე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.

„კომისია კონსტიტუციური პრინციპების დარღვევით შეიქმნა… სინამდვილეში ეს პოლიტიკური ანგარიშსწორების თემაა“, – უთხრა მოსამართლეებს ნიკა გვარამიამ.

ამ შუამდგომლობას სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმაც დაუჭირეს მხარი იმ მთავარი არგუმენტით, რომ დროებითი, საგამოძიებო კომისიის დასკვნა დამყარებულია არა ფაქტებზე, არამედ ვიღაცის აღქმებზე ფაქტებთან დაკავშირებით.

ფაქტების დადგენა თუ მნიშვნელოვანია, მაგალითად, 2008 წლის აგვისტოს ომი, რატომ არ უნდა დასწრებოდა პროცესს მიხეილ სააკაშვილი? – სააკაშვილის მოთხოვნა შუამდგომლობის სახით დღევანდელ სხდომაზე ანი წითლიძემ დააყენა, თუმცა მის დაკმაყოფილებაზეც სასამართლომ უარი თქვა.

„ეს სასამართლო პროცესის პოლიტიზებას გამოიწვევს, ვიდრე შემატებს რამეს“, – ოპოზიციონერებს მიმართა არჩილ გორდულაძემ, დეპუტატმა „ოცნების“ პარლამენტიდან.

რაც შეეხება წულუკიანის კომისიას, „ოცნების“ დეპუტატებმა ამჯერად თქვეს, რომ ოპოზიციასაც შეეძლო პარლამენტში შესვლა და კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება.

„როცა იყო ოპოზიცია პარლამენტში, უარი უთხარით საგამოძიებო კომისიის შექმნაზე“, – რეპლიკით ისარგებლა ნიკა გვარამიამ.

„სიჩუმე, ხელს უშლით პროცესს“, – ნიკა გვარამიას მიმართა რევაზ ნადარაიამ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ.

დღესვე ამ მოსამართლემ დარბაზი დაატოვებინა ხატია დეკანოიძეს – მან სასამართლოს მოსთხოვა მოწმის სახით დაეკითხათ ბიძინა ივანიშვილი.

კიდევ ერთი შუამდგომლობა შეეხებოდა მოსამართლეების აცილების საკითხს, მათ შორის, ვასილ როინიშვილის, რომელიც ენმ-ს ხელისუფლებაში ყოფნის დროს მთავარი პროკურორის მოადგილეც იყო.

პლენუმმა ეს შუამდგომლობაც არ დააკმაყოფილა.

ოპოზიციამ დღეს დაუსაბუთა სასამართლოს, რატომ ვერ იქნება წულუკიანის კომისიის დასკვნა ობიექტური მტკიცებულება:

„ეს დასკვნა არის ბელეტრისტული ნაწარმოები, სავსეა სუბიექტური შეხედულებებით“ – „ოცნების“ წარმომადგენლებს გახედა ზაზა ბიბილაშვილმა.

„მე არ მაინტერესებს, ვინ რას მოუყვა წულუკიანს, მე უნდა დავკითხო მაშინ ის მოწმეები და გამოვიკვლიო…

დაასკვნეს, ომი ვინ დაიწყო, პროვოკაცია ვინ მოაწყო“, – გაბრაზება დაეტყო ნიკა გვარამიას.

„დასკვნა ეყრდნობა სასამართლოს გადაწყვეტილებებს, მაგალითად, რუსთავი 2“-ის საქმეზე არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

„რატომ არ აძევებთ? არ გემორჩილებათ“ – რევაზ ნადარაიას მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ და პარტია „ახლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მაია კოპალეიშვილმა.

მოსამართლეს ამ რეპლიკაზე აღარ უპასუხია, სამაგიეროდ, მოსამართლეები ცალკე სათათბიროდ აღარ გასულან და ადგილზე თათბირით დადგინდა, რომ ოპოზიციის შუამდგომლობა წულუკიანის კომისიის დასკვნების დაუშვებლად ცნობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

„უპირობოდ არ გავიზიარებთ“, – გამოსავალი იპოვა რევაზ ნადარაიამ. მოსამართლე ევა გოცირიძემ კი განმარტა, რომ საპარლამენტო, საგამოძიებო კომისიის შექმნის კონსტიტუციურობაზე უკვე იმსჯელა საკონსტიტუციო სასამართლომ და მიიჩნია, რომ ამ კუთხით სასამართლო ვერ იმსჯელებდა.

ევა გოცირიძემ ასევე თქვა, რომ კომისიის დასკვნაში მოყვანილი ფაქტების უგულებელყოფა არ არის სწორი და ის უკვე უსმენს ვიდეოჩანაწერებს: ვინ რა უთხრა წულუკიანის კომისიას.

„მაგრამ ფაქტებს აქვთ სხვადასხვა მტკიცებულებითი ძალა, მაგალითად, იქ არის სახალხო დამცველის ანგარიში. შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არაფერს ნიშნავს?“ – ნიკა გვარამიას გამოხედა ევა გოცირიძემ.

ნიკა გვარამიამ აქვე თქვა, რომ რაღაც ფაქტებს და სასამართლოს განაჩენებს შესაძლოა ჰქონდეთ პრეიუდიციული ძალა – რასაც გამოკვლევა აღარ სჭირდება, მაგრამ რატომ უნდა მიიღოს საკონსტიტუციომ დასაშვებად წულუკიანის კომისიის დასკვნა, როცა ეს კომისია სუბიექტურად ჰკითხავდა ადამიანებს სხვადასხვა საქმეზე?

ოპოზიციის აკრძალვა ბიძინა ივანიშვილმა 2024 წელს, არჩევნების წინ დააანონსა „იმედთან“ ინტერვიუში. ამის შემდეგ „ოცნებამ“ პარლამენტში ე.წ. წულუკიანის კომისია შექმნა და ამან, ფაქტობრივად, „ოცნებას“ პარტიების აკრძალვის სამართლებრივი საფუძველი შეუქმნა.

„საერთოდ ვერ ვიგებთ, რას ითხოვს ჩვენგან მოსარჩელე, გაუგებარია“, – მოსამართლეებს მიმართა „ლელოს“ ლიდერმა, გიორგი სიორიძემ.

სიტყვა ისევ ითხოვა ევა გოცირიძემ. მან ამჯერად „ოცნების“ წარმომდგენლებს მიმართა.

„იქნებ დააკონკრეტოთ, რომელ პარტიასთან რა სამდურავი გაგაჩნიათ“, – თქვა ევა გოცირიძემ.

„მადლობა, ქალბატონო ევა“, – წამოიძახა გიორგი სიორიძემ.

სხდომა ხვალამდე გადაიდო.

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმის არსებითი განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში ხვალ, 22 ოქტომბერს დაიწყება.

ნახეთ „ბათუმელების“ პირდაპირი ჩართვის ჩანაწერი და პირველი კომენტარები სასამართლო სხდომის დაწყების წინ: 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: