მთავარი,სიახლეები • •

უზუსტობები ბათუმის მერიის 9 მილიონიან ტენდერში, რომელიც შეწყვიტეს და ხელახლა გამოაცხადეს

20.10.2026
უზუსტობები ბათუმის მერიის 9 მილიონიან ტენდერში, რომელიც შეწყვიტეს და ხელახლა გამოაცხადეს

ბათუმში, აფხაზეთის დასახლებაში მდებარე #1-16 საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობასა და კომუნალური სისტემების მოწესრიგებაზე მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი ხელახლა გამოაცხადა.

თავდაპირველად გამოცხადებული ტენდერი სამმართველომ იმ მიზეზით შეწყვიტა, რომ „დაფიქსირდა გარკვეული ტექნიკური უზუსტობები“.

საუბარია თამარის დასახლებაში ე.წ. აფხაზეთის უბანში ჩასატარებელ სამუშაოებზე, რაშიც ქალაქის ბიუჯეტიდან 9 მილიონზე მეტი ლარი უნდა დაიხარჯოს.

„იქედან გამომდინარე, რომ შერჩევა-შეფასების ეტაპზე ვერ განხორციელდება სატენდერო დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანა, პროექტისა და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის სრულყოფილად შესაბამისობაში მოყვანის მიზნით სატენდერო კომისიამ იმსჯელა და მიზანშეწონილად მიიჩნია ტენდერის შეწყვეტა.“ – აღნიშნულია ტენდერის შეწყვეტის ოქმში, რომელიც 2026 წლის 28 ივლისითაა დათარიღებული.

ამავე ოქმში ჩამოთვლილია ის უზუსტობები, რომელიც ტენდერის მიმდინარეობისას სატენდერო კომისიამ თურმე იმ დროს „დააფიქსირა“, როცა ერთადერთი პრეტენდენტი, შპს „ალთიაფი“ სამმართველოს მომსახურებას 7 639 501 ლარად სთავაზობდა.

კომპანიას კი იმდენი დოკუმენტის წარდგენა მოსთხოვეს, რომ მათ გასაცნობად კანონით განსაზღვრული ვადა სატენდერო კომისიამ 2 დღით გაიგრძელა.

„პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების მოცულობიდან გამომდინარე, სატენდერო კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის დეტალური განხილვისა და სატენდერო პირობებთან შესაბამისობის დადგენისთვის განსაზღვრული ვადის 2 სამუშაო დღით გაგრძელება.“ – წერია კომისიის 24 ივლისის სხდომის ოქმში.

ტენდერის შეწყვეტის ოქმის მიხედვით, სატენდერო დოკუმენტაციას არ ახლდა ზოგიერთი ნახაზი, იყო მასალების შეუსაბამობები, ცდომილება იყო მონაცემებში და გარკვეულ სამუშაოებთან მიმართებით ინფორმაცია იყო არასრული:

ამონარიდი ტენდერის შეწყვეტის ოქმიდან

ივლისის თვეში შეწყვეტილ ტენდერში სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 9 549 376 ლარი იყო.

უზუსტობების დაზუსტების შემდეგ, 2026 წლის 15 ოქტომბერს გამოცხადებულ ტენდერშიც აღნიშნული ღირებულება არ შეცვლილა. ანუ, ხელახალი ტენდერიც ზუსტად 9 549 376 ლარით არის გამოცხადებული.

ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის პირველ ნოემბერს დაიწყება და 6 ნოემბერს დასრულდება.

სამუშაოები კი, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან 2027 წლის 10 მაისის ჩათვლით პერიოდში უნდა დასრულდეს.

„აფხაზეთის უბანი“ ბათუმში, თამარის [„ბენზეს“] დასახლებაში

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: