მთავარი,სიახლეები • • •

100 ლარი პენსია ომის ვეტერანებს – რას არ აკეთებს ხელისუფლება სამშობლოს დამცველებისთვის

06.10.2026
100 ლარი პენსია ომის ვეტერანებს – რას არ აკეთებს ხელისუფლება სამშობლოს დამცველებისთვის

საქართველოში ომის ვეტერანის პენსია 100 ლარია. ამ ოდენობის თანხას ისინი მხოლოდ ბოლო 4 წელია იღებენ. მანამდე, წლების განმავლობაში ვეტერანები 22 ლარს იღებდნენ პენსიის სახით.

მაშინ, როცა იზრდება მაღალჩინოსანთა ხელფასები, იზრდება პარლამენტარების თუ რიგითი ჩინოვნიკების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ანაზღაურება, 20 ლარით, მაგრამ მაინც იზრდება ასაკით პენსია, წლებია არ გაზრდილა ომის ვეტერანის პენსია.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჯერ 22 ლარი იყო ვეტერანის პენსია, 4 წლის წინ 100 ლარამდე გაიზარდა და სამომავლოდ გაზრდის არანაირი პერსპექტივა არ ჩანს ამ ეტაპზე.

„ის 22 ლარი არასდროს ამიღია. უნდა მისულიყავი, განცხადება დაგეწერა, შეგნებულად არ მივედი. ახლა 69 წლის ვარ, ასაკით პენსიონერი. 370 ლარი მაქვს ასაკის მიხედვით პენსია და 100 ლარი დამატებით, როგორც ომის ვეტერანს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ აბესალომ კოპალიანმა.

ის აფხაზეთის ომის ვეტერანია. აბესალომ კოპალიანი ამბობს, რომ სახელმწიფო მეტ-ნაკლებად ყველა ჯგუფზე ფიქრობს, ომის ვეტერანების გარდა.

„პოლიციაში რომ მუშაობს ადამიანი და გადის პენსიაზე, 800-900 ლარი აქვთ პენსია. ომის ვეტერანებს ჯერ ხომ წლები 22 ლარი ჰქონდათ და ახლა მხოლოდ 100 ლარია. არც აპირებენ რომ გაზარდონ,“ – ამბობს აბესალომ კოპალიანი.

2021 წელს საქართველოს პარლამენტში ეს საკითხი განხილვის საგნად იქცა. პარლამენტის წევრმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში მოსმენაზე მისულ მაშინდელ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა და უთხრა, რომ ომის ვეტერანებისათვის პენსიის სახით 22 ლარის გადახდა დამამცირებელი იყო.

2021 წლის ოქტომბერში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ომის ვეტერანებს პირობა მისცა, რომ მათი პენსია 5-ჯერ გაიზრდებოდა.

2022 წლის იანვრიდან ყველა ომის ვეტერანი პენსიის სახით 100 ლარს იღებს.

„ჩვენ ასეთი ქვეყანა ვართ, რომ ვეტერანებს არც ხელისუფლება და არც საზოგადოება არაფრად არ თვლის, რა ვიცი აბა, წაგებული ომის ჯარისკაცი ვის უნდა? ომი რომ მოგვეგო, ალბათ უფრო მოგვაქცევდნენ ყურადღებას.

საზოგადოებასაც ასეთი დამოკიდებულება აქვს – „რას აკლავდით თავს, რა გააკეთეთ…“ ჩემთან თუ ვინმე ამბობს მსგავსს, იმას კი ვცემ საკადრის პასუხს, მაგრამ იმ დაღუპულ ბიჭებსაც აყენებენ ამით შეურაცხყოფას, მათ ოჯახებს.

მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში საზოგადოებისგან დაფასება ერთადერთხელ ვიგრძენი და ახლაც რომ მახსენდება, ცრემლები მომდის. ავტობუსის ბარათზე აწერია, რომ ომის ვეტერანი ვარ. კონტროლიორმა რომ შემიმოწმა ბილეთი, მადლობა მითხრა.

ახლაც მეტირება. ფინანსურად სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ომის ვეტერანი, მაგრამ საზოგადოებასაც მართებს მეტი დაფასება. ისე, ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, შეიძლება საერთოდ არც ერთი თეთრი არ მიიღო, მაგრამ მაინც უნდა იბრძოლო და დაიცვა სამშობლო,“ – ამბობს აბესალომ კოპალიანი.

„ომის ვეტერანი არასდროს იყო დაფასებული ამ ქვეყანაში, მაგრამ ამ ხელისუფლების დროს სულ აიგდეს.

როცა გეუბნებიან ბოდიში უნდა მოუხადოთო, ეს ნიშნავს, რომ პირდაპირ დაგცინიან.  რას ჰქვია ბოდიში უნდა მოვუხადო? ვის უნდა მოვუხადო ბოდიში?

იცით, მე შიში მაქვს, რომ ამ ხელისუფლების პირობებში საერთოდ არ დავკარგოთ აფხაზეთი და სამაჩაბლო, რაღაც სისულელეს არ მოაწერონ ხელი. ჯარისკაცი საიდან ეყვარებათ ახლა ამათ? ჯარისკაცი არ უნდათ ამათ. სახლში ხომ ვერ გაუშვებენ, მაგრამ ჯარისკაცი ეზიზღებათ. პატრიოტიზმი ამათთვის არ არის და ჯარისკაცი რად უნდათ?“ – სვამს კითხვას აბესალომ კოპალიანი.

„ომის ვეტერანი, ეს არის მომავალი თაობების მასწავლებელი. ხვალ და ზეგ რაღაცა რომ იყოს და დასჭირდეს სამშობლოს, თითოეულმა ომის ვეტერანმა შეიძლება მცირე სწავლება ჩაატაროს და მოამზადოს თაობა სამშობლოს დასაცავად,“ – ამბობს აგვისტოს ომის ვეტერანი, არტილერისტი იმედა ცერცვაძე.

იმედა ცერცვაძეც სხვა ომის ვეტერანების მსგავსად ვეტერანობის პენსიას – 100 ლარს იღებს.

ყოფილმა სამხედრომ და ომის ვეტერანმა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 26 წელი და 7 თვე იმსახურა, შემდეგ კი პენსიაზე გავიდა. ახლა 535 ლარს სამხედრო მოსამსახურის პენსიას იღებს, როგორც ომის ვეტერანი, ცალკე 100 ლარს.

„რაც პენსიაზე გავედი, არანაირი შეღავათით არ მისარგებლია, როგორც ომის ვეტერანს. გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოვხვდი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. როგორც ჩვეულებრივ სამოქალაქო პირი იხდის, ისე გადავიხადე მეც. რომ ვთქვი ომის ვეტერანი ვარ, ყოფილი სამხედრო-მეთქი, მითხრეს, ბრძანების ამონაწერი მოიტანე, რომ ნამდვილად მსახურობდი და მერე ვნახოთო.

ქუთაისის მესამე ბრიგადაში ვმსახურობდი. ანუ უნდა წავსულიყავი იქ, ამეღო საბუთი, ჩამეტანა გორში და მერე ალბათ ნახევარს დამიფინანსებდნენ. გადავიხადე რასაც ითხოვდნენ.

როდესაც ჯარისკაცის სიცოცხლე სასწორზე დევს და ის 24 საათის განმავლობაში, ნებისმიერ დროს, სამშობლოსთვის და საქართველოს  თითოეული მოქალაქისთვის თავს სწირავს, მას სამსახურის პერიოდშიც უნდა ჰქონდეს უზრუნველყოფილი როგორც თავისი ჯანდაცვა, ისე ოჯახის – მეუღლის, შვილების და მშობლების.

20-25 წელი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში იმსახურო და არანაირი შეღავათით არ სარგებლობდე? შეიძლება ვიღაცა სარგებლობს, მაგრამ ეს ხომ უნდა იყოს ყველასათვის?“ – ამბობს იმედა ცერცვაძე „ბათუმელებთან“.

ყოფილი სამხედრო მოსამსახურის თქმით, წესით და კანონით, უნდა გაიზარდოს როგორც ომის ვეტერანების პენსია, ისე ყოფილი სამხედროების.

„რატომ არ უნდა ემატებოდეს ვეტერანების პენსიას არაფერი წლების განმავლობაში? დარჩა და დარჩა 100 ლარი. რატომ არ ემატება?

რაზე მეტყველებს ეს? ჩემს აზრს გეტყვით, მეც და ჩემ ირგვლივ უმრავლესობაც ასე მიიჩნ3ვს –  დღევანდელ ხელისუფლებას საქართველოს შეიარაღებული ძალები არ სჭირდება. სჭირდება შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელზეც დგას. მტრები, გარშემო ვისაც ვუყურებთ, ყველანი საქართველოში ცხოვრობენ უკვე, ყველანი საქართველოში არიან შემოგზავნილები და დასახლებულები. ჰოდა, მაშ ვისთვის უნდა ეს შეიარაღებული ძალები? მე ვთვლი, რომ ამიტომ არ ექცევა ყურადღება [ვეტერანებს],“ – ამბობს იმედა ცერცვაძე.

ყოფილი სამხედრო პარალელს ავლებს სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებზე, კერძოდ, აზერბაიჯანზე და ამბობს, რომ საქართველოსგან განსხვავებით აზერბაიჯანში სამხედრო მოსამსახურეებიც დაფასებულები არიან და ომის ვეტერანებიც. იქ ყოფილ სამხედროს თავის რჩენა შეუძლია პენსიით.

„ჩვენ რა უნდა ვქნათ? სამსახურის დაწყება ვცადე, ასაკობრივ ზღვარს გადაცილებული ხარო და არ ხარ საჭიროო. მე ერთგულად და პატიოსნად ვემსახურე ჩემს ქვეყანას. პროფესიით არტილერისტი გახლავართ, რაც ერთ-ერთი სპეციფიკური სტრუქტურაა ჯარში, თავდაცვის სამინისტროში. ჰოდა, რა ვიცი, რა გითხრათ? გული მტკივა, მაგრამ რას ვიზამ?

პატრონი უნდა, პატრონი საქართველოს. დედას ვფიცავ, ძალიან მტკივა გული. მე 2008 წელს ომში ვიყავი, ვიბრძოდი და ის ჩემი მტერი, ვისაც მაშინ ვებრძოდი, დღეს აქ „სტუმრად“ არის მოსული, ცხვრის ტყავში გადაცმული მგელია. ჩემზე კარგად ცხოვრობს საქართველოში, ჩემზე კარგად ჭამს, ჩემზე კარგად სვამს, ჩემზე მეტი უფლებები აქვს და ასე შემდეგ.

ძალიან მტკივა გული. მე ჩემი სამშობლოსთვის ვარ დაბადებული, მაგრამ ვსვამ კითხვას – რისთვის გავწირეთ თავი, რისთვის? რისთვის, გავიფუჭეთ ჯანმრთელობა? ამას ხომ დაფასება სჭირდება?

ხაზგასმით, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ხელისუფლება ვინ იქნება, რადგან მე სამშობლოს ვემსახურები. ჩემი მოვალეობაა ჩემი სამშობლოს წინაშე დავდგე და არანაირად ხელისუფლების წინაშე.

ხელისუფლებამ, უნდა იცოდეს, რომ ჩვენ მაინც ყოველთვის ხმალამოღებულები ვიქნებით სამშობლოსთვის, მტრის მიმართ, დავდგებით იქ, სადაც საჭირო იქნება,“ – ამბობს იმედა ცერცვაძე.

  •   ომის რამდენი ვეტერანია საქართველოში

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ, 2024 წელს გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2024  წლის 15 მარტის მონაცემებით, ვეტერანების, ვეტერანებთან გათანაბრებულ პირთა და მათი ოჯახის წევრების რაოდენობა საქართველოში 67 131  ადამიანია.

მათ შორის იყო: მეორე მსოფლიო ომის 81 ვეტერანი, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთან გათანაბრებული 489 პირი, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების  2 596 ვეტერანი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების 30 459 ვეტერანი, 2008 წელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების 21 601 ვეტერანი, თავდაცვის ძალების 1 004 ვეტერანი.

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებზე ყოველთვიურად გაიცემა სოციალური დახმარება – 180 ლარი.

ომის ვეტერანები ასევე სარგებლობენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით და აქვთ შეღავათები მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობისას.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: